ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია მშობლებს რჩევით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის პირადი სივრცის დატოვება და დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობის მიცემა მნიშვნელოვანია:
- მშობლებისთვის ერთი რჩევა მაქვს: დააცადეთ ბავშვებს, რომ იყვნენ ისინი, ვინც არიან. ეს მხოლოდ თქვენი გამოსაძერწი თიხა არ არის. მესმის, რომ ძალიან გიყვართ თქვენი შვილები. ყველაფერი სიკეთე და კარგი გინდათ მათთვის, მაგრამ ხანდახან თავისუფალი დრო უნდა დაუტოვოთ. ხანდახან უნდა მივცეთ შესაძლებლობა, დაუსრულებელი რჩევებისაგან გათავისუფლდნენ. "მე როგორიც მინდა, ისეთი უნდა იყო, სანამ 18 წლის არ გახდები და მერე, როგორიც გინდა, ისეთი იყავი" - ეს არ ვარგა, ზოგიერთი მშობელი მერეც არ ანებებს ხოლმე თავს. ის არ არის არსება, რომელიც თქვენს უკურნებელ და ერთადერთ ნებას უნდა დაექვემდებაროს. ის ცალკე პიროვნებაა. ბავშვი არ არის თქვენი ასლი, არც თქვენი მეორე "მე". მეტი თავისუფლება მიეცით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოაკლოთ, ან აღზრდის თვალსაზრისით რაღაც დააკლოთ. მაგრამ, ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი სიტყვა შეიძლება ზომიერება იყოს.