მოსწავლეები და მშობლები სკოლის შენობების წლობით გაჭიანურებულ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს აპროტესტებენ - მშობლები

მოსწავლეები და მშობლები სკოლის შენობების წლობით გაჭიანურებულ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს აპროტესტებენ

2023-09-15 15:55:51+04:00

მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი 15 სექტემბერს საპროტესტო აქციებით ხვდება. სასკოლო საზოგადოება სკოლის შენობების რემონტისა და მშენებლობის წლობით გაჭიანურებულ პროცესს აპროტესტებს.

თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები 15 სექტემბერს დილის 9 საათზე სკოლის ტერიტორიაზე (ც. დადიანის ქ. 19) შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მოაწყვეს. მე-4 საჯარო სკოლის დემონტაჟის შემდეგ მოსწავლეები მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებში არიან შეხიზნული და ჰიბრიდულ რეჟიმში აგრძელებენ გაკვეთილებზე დასწრებას. მშობლების განცხადებით, ბავშვებს სწავლა 3-ის ნახევარზე ეწყებათ და 6 საათზე უმთავრდებათ. კვირაში ერთი დღით, ოთხშაბათს კი დილით online გაკვეთილები აქვთ, საღამოს - პირისპირ სწავლა. 35 წუთამდეა შემცირებული გაკვეთილების ხანგრძლივობაც. მე-4 სკოლის დემონტაჟი პანდემიის შემდეგ განხორციელდა. დაპირებული მშენებლობის ვადები რამდენჯერმე დაირღვა. ამ დრომდე სკოლის ტერიტორიაზე არაფერი აშენებულა, მეტიც, დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები სკოლის მოსუფთავებულ ტერიტორიას ავტოსადგომად იყენებენ. მე-4 წელია მოსწავლეებს სტანდარტული რეჟიმით აღარ უსწავლიათ.

მშობლები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია სკოლის მიერ შეთავაზებული გრაფიკი, რადგან არ არის მორგებული ბავშვის ინტერესებს და შეუძლებელს ხდის ბავშვებისთვის განათლების მიღებას. ისინი განათლების მინისტრთან შეხვედრას, მშენებლობის ვადების მკაფიოდ განსაზღვრას და მიმდინარე პროცესებში მშობლების საინიციატივო ჯგუფის ჩართვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს, სხვა სკოლის მშობლებთან გაერთიანებას და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

2-1694779090.jpg

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით, მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. პროგრამით 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობის 1.5-წლიან პერიოდში, მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდა, 7 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, 52 სკოლა კი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპზეა, რისთვისაც ექვსთვიანი პერიოდია განსაზღვრული. უშუალოდ სკოლების სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ხანგრძლივობა 2 წელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, დაგეგმილი სკოლების აშენებას უკეთეს შემთხვევაში, სულ მცირე 2.5 წელი დასჭირდება. თუმცა სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი პროექტი არ დასრულებულა და უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის ვადების გახანგრძლივება ხდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში 21 203 მოსწავლეა სკოლის გარეშე დარჩენილი და სხვა, ახლომდებარე სკოლებში გადანაწილებული, რაც დისკომფორტის გარდა სწავლის ხარისხზეც აისახება, რადგან გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხა ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დროულად განხორციელდეს.

5-1694779130.jpg

დღევანდელი აქციის მონაწილე მშობლებმა დღეს დადიანის ქუჩაც გადაკეტეს. ისინი გეგმავენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს წერილით მიმართონ. მშობლები, თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგება, აქციების გაგრძელებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Mshoblebi.ge-მაც მიმართა წერილით და საჯარო ინფორმაციის სახით მშენებარე სკოლებისა და იმ მოსწავლეების შესახებ გამოითხოვა მონაცემები, რომლებიც სკოლათა მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო განსხვავებულ პირობებში უწევთ სწავლის გაგრძელება. თუმცა, მათგან ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიგვიღია.

ნაგავსაყრელებად, ავტოსადგომებად ქცეული დანრგეული სკოლები ბავშვებს კვლავ ვერ მიიღებენ - ვის თავში და რატომ მოიხარშა ასე ერთიანად, ასე ერთდროულად, მიწასთან გაესწორებინა სკოლები და მერე, წლები არაფერი გაეკეთებინა?