ბევრი მშობელი ცდილობს, შვილის დაბადების პირველი წუთები კამერაზე აღბეჭდოს და სამახსოვროდ შეინახოს. თუმცა, იზაბელა პერეირა დე ხესუსის შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა. მისი ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, უამრავი ხუმრობისა და მიმის შექმნის წინაპირობა აღმოჩნდა და მსოფლიოში უამრავი ადამიანი გაამხიარულა.
2020 წლის 13 თებერვალს რიო-დე-ჟანეიროში პატარა იზაბელა დაიბადა. მშობლებმა კი ფოტოგრაფ როდრიგო კუნსტმანის სთხოვეს, ბავშვის დაბადების პირველივე კადრები აღებეჭდა. ფოტოები იმაზე უჩვეულო აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ. როდესაც პატარა იზაბელა დაიბადა, მას სახეზე უკმაყოფილება ეტყობოდა და სახალისო მიმიკებს იღებდა. თავიდან, ბავშვი ატირდა, რამდენიმე წამის შემდეგ კი ამ სამყაროში შემოსვლაზე უცნაური რეაქცია ჰქონდა. მალევე პატარა გოგონა, ინტერნეტვარსკვლავი გახდა. ფოტოგრაფ როდრიგო კუნსტმანის თქმით, ეს ფასდაუდებელი მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი გადაღება შეძლო. ფოტოზე ბავშვი გაბრაზებულია და თითქოს უკმაყოფილო სახით უყურებს ექიმებს, რომლებიც მას დაბადებაში დაეხმარნენ.
როდესაც როდრიგომ ფოტო თავის სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, იგი მალევე ვირუსულად გავრცელდა და მთელ მსოფლიოში აზიარებდნენ. უამრავი ხუმრობა მოიფიქრეს და ბავშვის ფოტოს დღემდე ბევრი ადამიანი აზიარებს.
მოგვიანებით, მშობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვისთვის პერსონალური ფოტოსესია მოეწყოთ, თუმცა როდრიგოს თქმით, გოგონა გაბრაზებული აღარ ჩანდა და მშვიდად გამოიყურებოდა.
ფოტოს გადაღებიდან უკვე 3 წელი გავიდა და ბრაზილიელი გოგონა სულ სხვანაირად გამოიყურება. თუმცა, დედის თქმით, ის არც ახლა გამოირჩევა მშვიდი ბუნებით.
"ჩემი შვილი ძალიან მამაცი დაიბადა. საფენის გამოცვლისას, ან კვებისას, შუბლზე ნაოჭები უჩნდებოდა და გვაგრძნობინებდა, რომ არ მოსწონდა. ერთ კვირაში უნდა დაბადებულიყო, მაგრამ სწრაფად გადაწყვიტა ჩვენთან მოსვლა და ამით საკუთარი ხასიათის შესახებ მაშინვე გაგვაგებინა."- ამბობს იზაბელას დედა, დაიან დე ხესუს ბარბოზა.
იზაბელას მშობლები გოგონას ფოტოებს სოციალურ ქსელებში რეგულარულად აქვეყნებენ. მათ უკვე 9000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ და ბავშვის მიმართ თბილ კომენტარებს არ იშურებენ.