ხშირად დედებს შვილებთან მიმართებით ზომიერების შენარჩუნება ძალიან უჭირთ, რადგანაც მუდმივად აქვთ დანაშაულის შეგრძნება, განცდა, რომ საკმარისი არ არის ის, რასაც აკეთებენ, ეშინიათ სხვადასხვა პრობლემის, შფოთავენ ჯანმრთელობის გამო და ასე შემდეგ. ოთხი ქალი საუბრობს, რას ნიშნავს, იყო სრულყოფილი დედა და რამდენად დიდი პრობლემაა ქალებისთვის განცდა, რომ იდეალური მშობლები იყვნენ:
ანასტასია, დიასახლისი - 4 წლის ნიკასა და 7 წლის მარიამის დედა
"როდესაც ჩემი ქალიშვილი დაიბადა, იმდენად ვნერვიულობდი მასზე, რომ პრაქტიკულად არავის ვაძლევდი უფლებას, მიჰკარებოდნენ. არც ჩემს ქმარს ვენდობოდი და არც ბებიებს, სულ მე უნდა მყოლოდა. მარიამი ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, კარგად ეძინა, თუმცა პოტენციურ საფრთხეს მე მაინც ყველგან ვხედავდი. ვცდილობდი, აბსოლუტურად ყველაფერი გამეკონტროლებინა და თავად გამეკეთებინა. მუდმივად უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თავით, ძალიან ვნერვიულობდი და ყველას ვეჩხუბებოდი. ბავშვი ოდნავ თუ წამოიტირებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრალი იყო. თუ მომეჩვენებოდა, რომ ნაკლები შეჭამა, ამაზეც საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. თითქოს, ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვდიოდი და სულ სტრესში ვიყავი...
მეორე შვილის შემთხვევაში უკვე ყველაფერი სხვანაირად დავგეგმე და გადავწყვიტე, ჩემი ქცევები, რომლის მიხედვითაც, ყველაფერზე თავად ვიყავი პასუხისმგებელი და დამნაშავე, შევცვალე. რა თქმა უნდა, ბავშვების აღზრდაში ჩართული ვარ, ვირჩევ სკოლას, საბავშვო ბაღს, ვამოწმებ დავალებებს, ვესწრები მშობელთა კრებებს. თუმცა, მამას ევალება, რომ მათ გადაადგილებაზე იზრუნოს.
ბებიას მივეცი უფლება, სახლის საქმეებში დამეხმაროს. ბაბუა ექიმია და სამედიცინო პრობლემების მოგვარებაში მეხმარება. მაქვს რამდენიმე მეზობლის, ასევე მეგობრების ნომრები, რომლებსაც შემიძლია, დავურეკო, თუ რაიმე გამიჭირდება. მაგრამ, პერფექციონიზმისაგან ვერც პასუხისმგებლობების გადანაწილებამ გადამარჩინა. ხშირად მეუბნებიან, რომ ბავშვებისაგან ძალიან ბევრს ვითხოვ და მკაცრი ვარ. ფაქტობრივად, ჩემი პერფექციონიზმი საპირისპირო მხარეს გადავიტანე. ზედმეტად მივეჩვიე ახალ - კოორდინატორისა და მენეჯერის როლს. დასვენებაზე უარი მაქვს ნათქვამი და სულ ვცდილობ, ყველაფერი გავაკონტროლო. ეს კი მუდმივ შფოთვას იწვევს."
რას გირჩევთ ფსიქოლოგი ასეთ დროს?
მნიშვნელოვანია, რომ დრო საკუთარ თავს, დასვენებასა და განვითარებასაც დაუთმოთ. იყოთ უფრო ტოლერანტული საკუთარი თავის მიმართაც და ოჯახის წევრების მიმართაც. შეუძლებელია, ყველაფრის გაკონტროლება შეძლოთ. მუდმივი წესები, შეზღუდვები, აკრძალვები ბავშვებს თავისუფლებას ართმევს და შფოთვას უყალიბებს. ეს კი არავის სჭირდება. თქვენ ქალი რობოტი არ ხართ! შესაძლოა, თქვენი შვილი გაცივდეს, სკოლაში ცუდი შეფასება მიიღოს, დაეცეს თამაშისას, არ ჭამოს და ასე შემდეგ - ეს ბუნებრივი პროცესია და საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ რაღაცას სწორად ვერ აკეთებთ, თქვენც დაგაზიანებთ და ბავშვსაც. ყოველდღიურ რუტინაში საკუთარი თავისთვის გამონახეთ დრო და მშვიდად იცხოვრეთ.
მარინა, 27 წლის, 5 წლის დემეტრეს დედა
"სისუფთავეზე "ჩაციკვლა" დედაჩემისაგან გადმომედო. ოჯახში მთავარი წესი იყო, რომ მუდმივად ყველაფერი მოწესრიგებული უნდა გვქონოდა. ეს იყო წესი, რომელსაც ვერავინ გადაუხვევდა. გავთხოვდი და ვაჟი შემეძინა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეზარდა შვილი. ჩემი ქმარი და დედამთილი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დასუფთავებას ვანიჭებდი და სულ ვცდილობდი, ყველა თაროსა და უჯრაში ყველაფერი ზუსტად ისე ყოფილიყო, როგორც წინა დღით დავდე.
დემეტრეს დაბადებამდე, ჩემი ქმარი გამუდმებით მეუბნებოდა, რომ წესრიგზე ასე ჩაციკვლა არ იყო კარგი არჩევანი, დამცინოდა და მეუბნებოდა, რომ კონკია ვიყავი. ყველა პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ჩემი შვილი 2 წლის გახდა. სულ ვცდილობდი, სახლში ყველაფერი გადამემალა, რითაც კი შეიძლებოდა, რომ დასვრილიყო. ქუჩაში ვერ ავიტანდი, რომ გუბეში ფეხი ჩაედგა, ან ტანსაცმელზე რაიმე ჩამოექცია. სახლშიც ხელიდან ყველა საღებავსა და ფანქარს გამოვტაცებდი ხოლმე, რომ არაფერი დაეზიანებინა, დაეჩხაპნა. ჩემი ქმარი მსგავსი კონტროლით ძალიან დაიღალა და ერთ დღესაც განქორწინებაზე მითხრა. თუმცა, იქამდე ოჯახის ფსიქოლოგთან მისვლა მირჩია. არტთერაპიის სესიებზე ჩავწერეთ, ძერწვა დავიწყეთ და ავეჯის მოხატვაც კი ვცადეთ. კარადებში ახლა ისევ ყველაფერი ლამაზადაა დაწყობილი, მაგრამ კრეატიულობა შემიყვარდა კიდეც."
რას გირჩევთ ფსიქოლოგი ასეთ დროს?
რა თქმა უნდა, წესრიგი და კომფორტულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვმა ხელში არაფერი აიღოს იმის გამო, რომ შესაძლოა, დაისვაროს, ან კიდევ ქუჩაში არაფერი მოეცხოს, ემოციურად თავადაც ძალიან დაგაზიანებთ და ბავშვსაც. შეუძლებელია, მან მუდმივი აკრძალვების პირობებში იცხოვროს და განვითარების, ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ეს ბედნიერი წლები შეირგოს და გამოიყენოს. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი სულ სკამზე დასვათ და ჩამოსვლა აუკრძალოთ იმ მიზეზით, რომ შესაძლოა, დაისვაროს, კედელი მოხატოს, ეს დრო მასთან ერთად გაატარეთ. ერთად დახატეთ, გამოძერწეთ. დასვრილი იატაკი კვლავ დასუფთავდება, თქვენი შვილი კი მალე გაიზრდება და შესაძლოა, თქვენთან ერთად ხატვა სულაც აღარ მოინდომოს.
ნონა, 45 წლის, დიასახლისი - 20, 16 და 11 წლის შვილების დედა
"დარწმუნებული ვარ, რომ მშობლების მთავარი ამოცანაა, შვილებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ასწავლონ. თუმცა, ყოველთვის მკაცრად ვაკონტროლებდი, ვისთან იმეგობრებდნენ, ვისთან ივლიდნენ, სად იყვნენ და ასე შემდეგ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, ჰიგიენას, საკვებისა და წყლის უსაფრთხოებას. თუ აუცილებლობა არ მოითხოვდა, ბავშვები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ამყავდა.
რომ შემძლებოდა, სკოლასაც სულ სახლში გადმოვიტანდი. ყველგან საფრთხეს ვხედავდი და მეშინოდა, არაფერი დამართნოდათ. მერე აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კარგად სწავლობდნენ, ურთიერთობები განსაკუთრებით უჭირდათ. ამაზე ძალიან ავღელდით. უმცროსმა ბიჭმა ამ ზაფხულს მოულოდნელად ბანაკში წასვლა გადაწყვიტა. მამამ და უფროსმა ძმებმა მხარი დაუჭირეს, მე კი ძალიან მეშინოდა და წინააღმდეგი ვიყავი. კინაღამ გავგიჟდი, დღეში 20-ჯერ ვურეკავდი. მაინტერესებდა, სად იყო, ვისთან ერთად, რას ჭამდა და ასე შემდეგ. ძალიან მინდოდა, ეს საშინელი შეგრძნება მომეშორებინა და იოგაზე სიარული დავიწყე. ფსიქოლოგსაც მივმართე. ვერ ვიტყვი, რომ შფოთვა გამიქრა, მაგრამ უფრო ნაკლებად მაწუხებს."
რას გირჩევთ ფსიქოლოგი ასეთ დროს?
რა თქმა უნდა, შვილების დაცვა ყველა მშობელს უნდა და ბუნებრივია, რომ ინტერესდებიან მათი სამეგობრო წრით, იმით, თუ რას მიირთმევენ და ასე შემდეგ. თუმცა, გადამეტებული კონტროლი მათ განვითარების შესაძლებლობას ართმევს და შფოთვას უყალიბებს. არ შეიძლება, არარეალური საფრთხეები შევქმნათ და ვერც იმას მოვახერხებთ, რომ ისინი ყველა განსაცდელისაგან დავიცვათ. მიეცით შვილებს შეცდომების დაშვების უფლება, რომ ამაზე სწავლა შეძლონ. ბალანსის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე ვერც თავად შეძლებთ მშვიდად ცხოვრებას და ვერც თქვენი შვილი, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში უამრავ ცხოვრებისეულ დაბრკოლებასა და გამოწვევას შეხვდება და ამისთვის მზად არ აღმოჩნდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბავშვობაში თქვენ უგვარებდით და უწყვეტდით ყველა პრობლემას.
ანა, 30 წლის, 9 წლის ელენეს, 5 წლის ცოტნესა და 9 თვის საბას დედა
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ძალიან მინდოდა, ჩემი პროფესიით მემუშავა. მაგრამ, ჩემს შვილს ვერც ძიძასთან დავტოვებდი და ვერც დედამთილთან. მეშინოდა... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს ქალიშვილს სიახლოვე ეგრძნო და სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. ბავშვობაში სიცარიელის განცდა მქონდა. დედისერთა ვიყავი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ როცა გავიზრდებოდი, თავად ბევრ შვილს გავაჩენდი, რომ ისინი, ჩემსავით მარტოსულები არ ყოფილიყვნენ.
ჩემს ქალიშვილთან საუბარი მაშინ დავიწყე, როცა ის ჯერ კიდევ მუცელში იყო. ვუზიარებდი ჩემს განცდებს, ზღაპრებს ვუყვებოდი. მეორე შვილი რომ გამიჩნდა, მასთანაც ვცდილობდი, ადრეული ასაკიდანვე ახლო ურთიერთობა მქონოდა და გვერდით ვყოლოდი. მაგრამ, პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი არ მშორდება. მივხვდი, რომ ჩემს განცდებს 5 წლის ბავშვს, მისთვის გასაგებ ენაზე ვუხსნი, მაგრამ ტვირთად ვკიდებ".
რას გირჩევთ ფსიქოლოგი ასეთ დროს?
რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა მშობლები და შვილები ერთმანეთს ემოციებსა და განცდებს უზიარებენ. ეს მჭიდრო კავშირის შენარჩუნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ბავშვებს ზედმეტი ტვირთი არ უნდა ავკიდოთ და არ უნდა ვაგრძნობინოთ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ ვერ განვვითარდით, სამსახური ვერ დავიწყეთ, ან სწავლა ვერ გავაგრძელეთ. მნიშვნელოვანია, ოჯახში მოვალეობები ყველა ადამიანმა თანაბრად გადაინაწილოს, მამაც ჩაერთოს ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში და დრო საკუთარ პროფესიულ განვითარებასაც დაუთმოთ.