სუპერმოდელმა ლინდა ევანგელისტამ ყოფილი მეუღლე, სამოდელო სააგენტო Elite Model Management-ის ხელმძღვანელი ჯერალდ მარი ძალადობასა და დაშინებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლინდამ დოკუმენტურ სერიალში "სუპერმოდელები" ისაუბრა.
ლინდამ ისიც აღნიშნა, რომ სხვა ქალების გამბედაობით შთაგონებული და აღფრთოვანებულია, რადგანაც 3 წლის წინ მისი ყოფილი მეუღლე სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში კიდევ 7-მა ქალმა დაადანაშაულა. "მინდა, სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მსგავსი იდიოტები რაღაცებზე დაფიქრდნენ და შეეშინდეთ, ქალებმა კი იცოდნენ, რომ მარტო არ არიან." - ამბობს სუპერმოდელი.
ევანგელისტამ იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გაუჭირდა მოძალადე ქმართან დაშორება. "პირველი ნაბიჯის გადადგმა და ურთიერთობის დასრულება ძალიან ძნელია. უბრალოდ რომ ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ განქორწინება მინდოდა, ეს არ იმუშავებდა." - აღნიშნავს ლინდა. ევანგელისტა მარიზე 22 წლის ასაკში დაქორწინდა.
მისი თქმით, მოძალადისაგან თავის დახსნა ძალიან რთულია. როგორც ლინდა იხსენებს, ყოფილმა ქმარმა მხოლოდ მას შემდეგ დაანება თავი, რაც მიხვდა, რომ ყველაფერს მიიღებდა, რასაც მოითხოვდა. "მზად ვიყავი, ყველაფერი გამეცა, ოღონდ თავისუფლება მომეპოვებინა." - ამბობს სუპერმოდელი.
აღნიშნავს იმასაც, რომ ყოფილი მეუღლე მასზე გააზრებულად ძალადობდა, თუმცა სახეს არ ეხებოდა, რადგანაც იცოდა, რომ ამით სერიოზული "ფულის შოვნა" იყო შესაძლებელი.
თავად ჯერალდ მარი ძალადობის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არასოდეს ჩაუდენია.
აღსანიშნავია, რომ ლინდა ევანგელისტა და ჯერალდ მარი 1986 წელს დაქორწინდნენ და ერთად 1993 წლამდე ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება დოკუმენტურ სერიალს "სუპერმოდელები", მასში ლეგენდარული სუპერმოდელები - სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კრისტი ტარლინგტონი და ლინდა ევანგელისტა მონაწილეობენ და წარმატების საკუთარ გზაზე, ამ ინდუსტრიაში მეგობრობასა და მტრობაზე საუბრობენ. სერიალის რეჟისორები როჯერ როს უილიამსი და ლარისა ბილსი არიან.
ცოტახნის წინ, 58 წლის ლინდა ევანგელისტამ ისიც თქვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სიმსივნის დიაგნოზი ორჯერ დაუსვეს და ორმაგი მასტექტომია გაუკეთეს.