სუფრის ეტიკეტი - 11 მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს - მშობლები

სუფრის ეტიკეტი - 11 მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

2023-10-16 12:08:41+04:00

იმისათვის, რომ რესტორანში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, კარგ გარემოსთან ერთად, ეტიკეტის ზოგიერთი აუცილებელი წესის ცოდნაც დაგჭირდებათ, რომელიც უხერხულობას თავიდან აგარიდებთ და დაგეხმარებათ, კომფორტულად იყოთ. დღეს გაგიზიარებთ 11 მნიშვნელოვან წესს, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ.

მთავარი შეკითხვა - სად წავიღოთ ჩანთა?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მაგიდაზე არ დადოთ. ჩანთის, ტელეფონისა და გასაღების ადგილი მაგიდაზე არ არის! უმჯობესია, სკამზე გვერდით, ან საზურგეზე დადოთ. თუ ჩანთა მოცულობითია, ის სუფრის ქვეშ სკამის გვერდით დადგით, რომ ხელი არავის შეუშალოს.

სად წავიღოთ ნაჭრის ხელსახოცი?

ჭამის დროს ქსოვილი მუხლებზე უნდა დაიფინოთ. სადილის ბოლოს კი ხელსახოცი თეფშის მარცხნივ დატოვეთ. მისი დაკეცვა საჭირო არ არის.

თუ საჭმელი ძალიან ცხელია!

თუ კერძი გასინჯეთ და ძალიან ცხელი იყო, ნუ შეეცდებით, ის პირშივე გაიგრილოთ, ან უკან გამოაბრუნოთ. ეს არაეთიკურია. თუკი გასინჯეთ და კერძი ცხელია, ჯობს, ერთი ყლუპი ცივი წყალი დალიოთ და გაციებას დაელოდოთ.

თმასა და მაკიაჟს ვიკეთებთ საპირფარეშოში!

2-1697443941.jpeg

თუკი რესტორანში თმის, მაკიაჟის შესწორება გსურთ, ეს აუცილებლად საპირფარეშოში გააკეთეთ და არა სუფრასთან. არაეთიკურია, კოსმეტიკის ჩანთის სუფრაზე, მუხლებზე დადება და მაკიაჟის იქვე შესწორება.

თუკი რომელიმე ნივთი სუფრიდან გადაგივარდათ

დაბლა დატოვეთ და უკან თეფშზე აღარ დააბრუნოთ - თავაზიანად სთხოვეთ ოფიციანტს, რომ დაგეხმაროთ და შეგიცვალოთ.

უნდა უთხრათ ადამიანს, რომ კბილებს შორის საჭმლის ნარჩენი აქვს?

ალბათ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა მსგავსი უხერხული სიტუაცია, როცა კბილებს შორის საჭმლის ნარჩენები აქვთ. თუკი თანამოსაუბრეს შეამჩნევთ, რომ კბილებზე ნარჩენი აქვს, სასწრაფოდ უნდა უთხრათ, თუმცა ეთიკური ფორმით. თუ ბევრ ადამიანთან ერთად ხართ, თვალით ანიშნეთ, ან ჩუმად უთხარით.

თუ კერძი არ მოგეწონათ, რა უნდა გააკეთოთ?

3-1697443959.jpeg

თუ კერძი არ მოგწონთ, ან მასში რაიმე აღმოაჩინეთ, მიმტანს ამის შესახებ თავაზიანად უთხარით. მათ ევალებათ, რომ კერძი შეგიცვალონ, ან თანხა უკან დაგიბრუნონ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პრეტენზიის დაფიქსირებისას, თეფში ცარიელი არ დაახვედროთ!

თუ სუფრას ტოვებთ, არ დააკონრეტოთ, სად მიდიხართ - უბრალოდ, ბოდიში მოიხადეთ!

როცა გასვლა გჭირდებათ, მაგალითად, გსურთ საპირფარეშოში გახვიდეთ, ტელეფონს უპასუხოთ, მაკიაჟი შეისწოროთ და ასე შემდეგ, არ დააკონკრეტოთ, რომ საპირფარეშოში მიდიხართ. უბრალოდ, ადექით, ბოდიში მოიხადეთ და უხმაუროდ გადით, რომ არავინ შეაწუხოთ. როცა დაბრუნდებით, განმეორებით ბოდიშის მოხდა საჭირო აღარ არის. დაჯექით თქვენს სკამზე მშვიდად და ჭამა განაგრძეთ.

უნდა მიუთითოთ თუ არა მეზობელ მაგიდაზე ხმაურიან წევრებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ?

ადმინისტრაცია და რესტორნის პერსონალი პასუხისმგებელია, რომ ყველა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ამიტომ, თუკი რაიმე გაწუხებთ, უმჯობესია, ადმინისტრაციას მიმართოთ და მან მოაგვაროს. ასე შესაძლოა, დიდი კონფლიქტი თავიდან აირიდოთ. თუ პერსონალის თხოვნა არ გაჭრის, უმჯობესია, მშვიდი ტონით, მეგობრულად მიუთითოთ.

რამეს დალევთ?

თუკი სასმელის მიღება არ შეგიძლიათ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, თქვით "არა". არ არის საჭირო დაკონკრეტება, რატომ არ შეგიძლიათ, დალევა.

მადლიერების საუკეთესო გამოხატულება, ე.წ. ჩაის დატოვებაა

თუკი მომსახურე პერსონალის მიმართ კეთილგანწყობისა და მადლიერების გამოხატვა გსურთ, ამისთვის ჩაის დატოვება საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, თქვენი არჩევანია და არა ვალდებულება.