ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ლორიამ და ქირურგ-ოფთალმოლოგმა რეზო ომიაძემ გადაცემაში "ნამდვილი ექიმები“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტრენდზე ისაუბრეს და განიხილეს, შეიძლება, თუ არა ყელის ტკივილს კარტოფილის წვენით ვუმკურნალოთ.
გიორგი ლორია: - ამის გაკეთება ძალიან არასანდო და არასარწმუნოა იმიტომ, რომ ბაქტერიულ ინფექციას კარტოფილის წვენი ვერ გაუმკლავდება. კარტოფილში ბევრი სახამებელია, შესაბამისად, სახამებელი ბაქტერიებისათვის, პირიქით, ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რომ გამრავლდნენ. ყელის დაავადებებს კი ექიმთან მიმართვითა და შესაბამისი მკურნალობით უნდა ვებრძოლოთ.
რეზო ომიაძე: - კარტოფილი, რა თქმა უნდა, სასარგებლო პროდუქტია. მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი შედის, როგორებიცაა, მაგალითად: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, თუთია და ასე შემდეგ. დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა კარტოფილი ვერც ერთ ინფექციურ დაავადებას ვერანაირად ვერ განკურნავს.
გიორგი ლორია: - დაავადება ბაქტერიებითა და ვირუსებითაა გამოწვეული, შესაბამისად, კარტოფილი არც ანტივირუსული და არც ანტიბაქტერიული საშუალება. ამიტომ, არ არსებობს მექანიზმი, რომ მან რაიმე ინფექცია დაამარცხოს.