სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანა ალილუევას მეტსახელად "კრემლის პრინცესასაც" უწოდებდნენ.
ყველასთვის ცნობილია, რომ 16 წლის სვეტლანა ალილუევას 38 წლის დრამატურგი ალექსეი კაპლერი შეუყვარდა. ბელადმა გაიგო და ქალიშვილს სილა გააწნა: "მეძავო! შენი კაპლერი კი ინგლისელი ჯაშუშია!" ალექსეი ვორკუტის ბანაკში გაამწესეს ხუთი წლით, მერე კიდევ ხუთი წლით - ინტაში, კომიში.
მოგვიანებით სვეტლანამ ისევ "მცდარი არჩევანი" გააკეთა და 18 წლისა გრიგორი მოროზოვს გაჰყვა ცოლად. 1945 წლის მაისში გაუჩნდათ მათ ვაჟი იოსები.
მაგრამ სტალინმა მაინც დააშორა ქალიშვილი სიძესთან და აიძულა, გაჰყოლოდა ცეკას მდივნის ვაჟს იური ჟდანოვს. 1950 წელს წყვილს გაუჩნდა შვილი ეკატერინე. 1953 წელს სტალინი გარდაიცვალა. სვეტა მაშინვე გაეყარა ქმარს, 13 წლის შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა და განვლილი წლების სამუდამოდ დავიწყება გადაწყვიტა. "იქ გაიცნო მამაჩემი, არქიტექტორი უილიამ პიტერსი. 1970 წელს იქორწინეს და სამ წელიწადში მე დავიბადე. ოლგა დამარქვეს, მაგრამ არასდროს მომწონდა ეს სახელი და მერე შევიცვალე", - ჰყვება მისი ქალიშვილი კრისი.
სვეტლანას ქალიშვილს კრის ევანსს თავდაპირველად ოლგა დაარქვეს, მაგრამ გოგონამ სახელი შეიცვალა და აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების სტილი აირჩია, ქადაგებს ბუდიზმს და ვიზუალურადაც განსხვავებულად გამოიყურება.
ხშირად წერენ, რომ სად პანკის სტილის ამერიკელი ქალი და სად სტალინი - თუ კრის ევანსის ცხოვრებას შევხედავთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის იმ ადამიანის მემკვიდრეა, რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა.
სამაგიეროდ, კრისს გავლენიანი წინაპრის შესახებ არაფერი აინტერესებს. არ საუბრობს რუსულად, ცხოვრობს ისე, როგორც თავად მოსწონს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ტრაილერით იმოგზაურა. ტრაილერში პატარა საცხოვრებელი სივრცე ჰქონდა მოწყობილი და ეს სავსებითაც აკმაყოფილებდა.
საინტერესოა, რომ 1966 წელს სვეტლანა ალილუევა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და არქიტექტორ უილიამ პიტერზე დაქორწინდა. ქალისთვის ეს რიგით მეხუთე ქორწინება იყო. ამ ქორწინებიდან მას ოლგა შეეძინა, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემდგომში სახელი გადაიკეთა.
თუმცა, სვეტლანა ქმარმა მიატოვა, ამიტომაც შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დაიწყო. ერთხანს ლონდონში დასახლდა, შვილი კი კემბრიჯის კოლეჯში გააგზავნა სასწავლებლად.
როდესაც გოგონა 13 წლის გახდა, ალილუევა საქართველოში მიიწვიეს, ფულად სარგებელსა და ქალაქის ცენტრში ბინას დაჰპირდნენ. ამიტომ, კრისი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოშიც ცხოვრობდა. თავდაპირველად სკოლაში დადიოდა, ცხენოსნობით იყო გატაცებული. შემდეგ კი მასწავლებლები სახლში მიდიოდნენ, ქართულსა და რუსულს ასწავლიდნენ. თუმცა, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, სტალინის ქალიშვილმა გადაწყვიტა, საკუთარი ნივთები ჩაელაგებინა და ქვეყანა დაეტოვებინა.
ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ. არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსები, მაგრამ კრისს დედა ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მთავარი იყო, თავისუფლები იყვნენ. როგორც კი კრისი 16 წლის გახდა, თავის ახლო მეგობარზე დაქორწინდა. როგორც ამბობენ, მოტივი დედისაგან შორს ცხოვრება იყო.
ქორწინება მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. სტალინის შვილიშვილს კი ამ კავშირისაგან მხოლოდ უსიამოვნო მოგონებები და ქმრის გვარი - ევანსი დარჩა.
ამის შემდეგ კრის ევანსი რამდენჯერმე დაქორწინდა და რამდენიმე პარტნიორიც ჰყავდა, თუმცა შვილი არ ჰყოლია. ქალს არასრული განათლება ჰქონდა. ამიტომაც, შესაბამისი სამსახურის შოვნას ვერ ახერხებდა.
ამიტომაც, სტალინის ამერიკელი შვილიშვილი ტატუ-არტისტად მუშაობდა. პანკ ფესტივალებზე ლუდს ყიდდა, ძაღლებზე ზრუნავდა. ბოლო დროს მან საკუთარ სახლთან პატარა მაღაზია გახსნა და ანტიკვარებს ყიდის. მან ბინა არაერთხელ გამოიცვალა და საკმაოდ ხელმოკლედაც ცხოვრობდა.
ფინანსური კრიზისის გამო, სტალინის შვილიშვილმა გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სვეტლანა ალილუევამ საკუთარ წიგნზე "ოცი წერილი მეგობარს" ლიცენზია 2,5 მილიონ დოლარად გაყიდა, სიცოცხლის ბოლოს მას მაინც არ ჰქონდა საკუთარი სახლი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სტალინის საყვარელი ქალიშვილი ლონდონის თავშესაფარში ცხოვრობდა. შემდეგ შვეიცარიაში წავიდა და მონასტერში მსახურება დაიწყო. საბოლოოდ კი უისკონსინში დაბრუნდა და მოხუცთა თავშეასაფარში ცხოვრობდა. ქალიშვილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და როგორც ცნობილია, მათი ყოველი სატელეფონო საუბარი ჩხუბით მთავრდებოდა.
სვეტლანა ალილუევა 2011 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ქალმა მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებს მკაცრად სთხოვა, რომ საკუთარ ქალიშვილს კუბოში არ უნდა ენახა.
კრისი კი კვლავ მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უღარიბეს რაიონებში სახლდებოდა. ახლა სტალინის შვილიშვილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი პატარა მაღაზია აქვს და დაქორწინებულია. რამდენიმე წლის წინ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა და დაავადების დამარცხება მოახერხა. კრის ევანსსა და მის მეუღლეს პატარა სახლი აქვთ, ეზოში კი ლუდის დასალევად და მწვადის შესაწვავად ხშირად ეპატიჟებიან მეგობრებს.