რომ არა მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილის გვარიც შესაძლოა ჩაწერილიყო იმ ადამიანთა სევდიან სიაში „– მიუხედავად გარეგნული კეთილდღეობისა, ჩვენს ოჯახს არასოდეს უცხოვრია დიდად დალხენილი ცხოვრებით. მიუხედავად სონეტების თარგმნისა და კინოსტუდიაში შექმნილი რამდენიმე სცენარისა, რეზო თაბუკაშვილს საზოგადოება თვლიდა ნიჭიერ, მაგრამ ხელმოცარულ კაცად, რომელმაც ვერ შეძლო ღვთივბოძებული უნარის რეალიზაცია. თუმცა, იმ დროში საამისოდ თითქმის ყველა გზა გადაკეტილი იყო, თუკი, რა თქმა უნდა, კაცი არ უღალატებდა საკუთარ მოწოდებას და მოქალაქეობრივ პრინციპებს... იმ თაობის რამდენი, მართლა ნიჭიერი ახალგაზრდა დარჩა მხოლოდ ლამაზ ლეგენდად და წავიდა ამ ცხოვრებიდან ისე, რომ თან გაიყოლა ფუჭად ჩავლილი წლების სიმწარე... მე მჯერა, რომ არა მედეა ჯაფარიძე, რეზო თაბუკაშვილის გვარიც შესაძლოა ჩაწერილიყო იმ ადამიანთა სევდიან სიაში.
მე მახსოვს ის დღეები, როდესაც რეზოს წამოსცდენია: როდემდე შეიძლება ცოლშვილიანმა კაცმა „პრიმის“ ფული მამისაგან იმათხოვროო... ერთხელ რეზოსათვის ფილარმონიაში რაღაც ბრიყვული სატირული სტროფების შეთხზვა შეუთავაზებიათ და ეს კაცი, რომელიც შექსპირის ღვთაებრივი სამყაროთი სულდგმულობდა, უყოყმანოდ დათანხმდა ამ წინადადებას. მხოლოდ დედაჩემის კატეგორიულმა მოთხოვნამ აიძულა რეზო, უარი ეთქვა იაფფასიან კუპლეტისტობაზე. მან არც ერთხელ არ მისცა საშუალება მამაჩემს, ოდნავადაც კი ეღალატა თავისი მოწოდებისათვის ოჯახური ინტერესების სასარგებლოდ... და თუმცა არ ულხინდათ, მაინც მხიარულები იყვნენ და მუდმივად დაძაბული სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ...“
ლაშა თაბუკაშვილი