ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა უნდა გავითვალისწინოთ მედიკამენტებისა და პროდუქტების მიღების თვალსაზრისით, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ:
- ისეთი ციტრუსების, როგორებიცაა, მაგალითად, გრეიპფრუტი, ფორთოხალი, მათგან დამზადებული წვენის მედიკამენტებთან კომბინაციის დროს, არის ნივთიერება ნარინგენინი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ხშირად მედიკამენტმა შეიძლება საკუთარ ეფექტს გადააჭარბოს. იმიტომ, რომ თუ ჩვენ მედიკამენტს დასახელებული პროდუქტების წვენთან ერთად მივიღებთ, ან მოკლე ინტერვალში მივირთმევთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ურთიერთქმედება, რომელიც დასახელებულ ციტრუსებში და მედიკამენტებშია, განაპირობებს წამლის კონკრეტული ულუფის დოზის გაზრდას. ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. მედიკამენტმა შესაძლოა, ჩვენი ორგანიზმისათვის ყველაფერი შეცვალოს. განსაკუთრებით კი კვებასთან მიმართებაში. ალბათ, ბევრ თქვენგანს გამოუცდია, რომ მედიკამენტი პირის გემოს ცვლის. მისი დამსახურებით, ჩვენ შეიძლება მიღებული საკვები სათანადოდ ვეღარ აღვიქვათ. საკვების მიღების პროცესში შეიძლება, ჩვენი მადა დაირღვეს იმიტომ, რომ ზოგიერთ მედიკამენტს მადის გაძლიერება, ან პირიქით, დაქვეითება ახასიათებს. ასეთ შემთხვევაში, უნებლიედ ულუფის ცვლილებას ვიწყებთ. ულუფა ხშირად მედიკამენტთან კავშირში არ განიხილება, მაგრამ როგორც შედეგი, გვაქვს შეცვლილი ულუფა - დაქვეითებული, ან გაზრდილი, რასაც თან წონის მერყეობაც სდევს. ამიტომ, მედიკამენტი შეიძლება, წონის მატების, ან კლების წინაპირობა გახდეს. ასევე, გასათვალისწინებელია მედიკამენტების მოხმარების დრო. ძალიან ხშირად, მას უწერია, რომ კვების დროს უნდა იყოს მიღებული და ამ წესის დარღვევა შესაძლოა, საყურადღებო იყოს. თუ კონკრეტული მითითება არ არის, უმჯობესია, მედიკამენტი მშიერზე, უზმოზე არ მივიღოთ. ხშირად საკვების მიღება მედიკამენტთან ერთად გვჭირდება და ამ წამლის მოხმარების სქემას, კვების თვალსაზრისით, უნებურად ვეწყობით.
მედიკამენტების მოხმარების გამო შეცვლილმა გემომ შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. მაგალითად, შეიძლება, კვებაში გაჩნდეს პროდუქტები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ასე ინტენსიურად არ გამოვიყენებდით. მაგალითად, ეს შეიძლება სუნელ-საკაზმი იყოს. შეცვლილი, ან დაკარგული გემო, რომელიც მედიკამენტის სისტემატურმა მოხმარებამ მოგვიტანა, შეიძლება სტიმულებს ითხოვდეს. ასეთი სტიმული კი ხშირად სუნელ-საკაზმია. საყურადღებოა ისეთი პროდუქტები, რომლებიც საკვებს სიცხარეს შესძენს, რომელიც მეტ სიტკბოსა და მლაშე არომატს დაუმატებს. ასეთ შემთხვევაში, ჯანმრთელობისათვის რისკები იზრდება იმიტომ, რომ გემოს ძიებაში ჩვენ შეიძლება ისეთი პროდუქტების მოხმარება გადავაჭარბოთ და გადავამლაშოთ, რომელთა გავლენაც ორგანიზმის ჯანმრთელობაზე საყურადღებოა. ალბათ, ზოგიერთი ადამიანი დამეთანხმება, რომ ასეთი შეცვლილი გემოს "გამოსწორებისთვის", ცდილობენ, ცხიმის რაოდენობა გაზარდონ.
განსაკუთრებით საყურადღებოა მედიკამენტები, რომლებსაც რძის შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტის გათვალისწინებით ჩვენი ორგანიზმი ცუდად იღებს - რძეში არსებული ცილების, ნახშირწყლისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გათვალისწინებით. ამიტომ, თუ არ აწერია პრეპარატს, რომ შეგიძლიათ, რძესთან ერთად მიიღოთ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იქ, სადაც რძესთან ერთად წამლის გამოყენება სარისკოა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლთან დაკავშირებით... გაითვალისწინეთ კიდევ ერთი ფაქტორი - როდესაც წამალს ვიღებთ, მიღების დოზასთან დაკავშირებით მითითებაა ხოლმე. არ არის ასეთი ტიპის მკაცრი მითითებები და რეგულაციები დანამატების შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანამატი წამალივით არ მოიქცევა. მაგალითად, ვაშლი, ან დანამატი, რომელსაც როგორც ბიოლოგიურ კომპონენტს საკვებთან ერთად განვიხილავთ, ბევრი ადამიანისათვის შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს. ისევე, როგორც მცენარეული ბოჭკო, ბროკოლი, ან თუნდაც ნიორი. მაგალითად, თუ თქვენ ონკოლოგიური პრობლემის გამო ზოგიერთ პრეპარატს სისტემატურად მოიხმართ, თქვენთვის ნივრის, ან ბროკოლის გამოყენება შეიძლება, სახიფათო იყოს. ამიტომ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით მომატებული მგრძნობელობა აქვს ზოგიერთი ნახშირწყლის მიმართ, მათთვის შეიძლება, ვაშლი, მცენარეული ბოჭკოთი დატვირთული სხვადასხვა კერძი მაღალი რისკის შემცველი იყოს.
წყალი ყველასათვის რეკომენდებული, დოზის შესაბამისად გამოსაყენებელი პროდუქტია, აღარაფერს ვამბობ ორგანიზმის წონასწორობის აღდგენასა და იმ განწყობაზე, რომელიც უნდა დავიმსახუროთ იმ მიკროსამყაროსთან, რომელსაც ჩვენი სხეულით ვატარებთ.
იხილეთ მედიკამენტების უსაფრთხოდ მოხმარების წესები: