ერთ ღარიბ კაცს ოთხი ვაჟი ჰყავდა. ბიჭები რომ წამოიზარდნენ, მამამ უთხრა... ერთ ღარიბ კაცს ოთხი ვაჟი ჰყავდა. ბიჭები რომ წამოიზარდნენ, მამამ უთხრა: - საყვარელო შვილებო, დროა უცხო ქვეყნებში გაემგზავროთ და რაიმე ხელობა შეისწავლოთ, მე თქვენი რჩენა აღარ შემიძლიაო. ძმებმა ზურგჩანთებში საგზალი ჩაიდეს, ხელჯოხები დაიკავეს და ქალაქიდან გავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ გზაჯვარედინს მიადგნენ. უფროსმა ძმებს მიმართა, აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს და ყველა ჩვენ-ჩვენ გზას გავუდგეთ. ოთხი წლის შემდეგ კი, ამავე დროს აქ შევხვდეთ ერთმანეთსო.
ძმები გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და თავ-თავიანთ გზას დაადგნენ. უფროსმა ძმამ იარა, იარა და წყაროს მიადგა, იქ კი ვიღაც კაცი იჯდა. კაცმა ჰკითხა, საით გაგიწევიაო, ბიჭმა უპასუხა, მინდა, რაიმე ხელობა შევისწავლო და ჩემი საქმიანობით თავი ვირჩინოო. კაცმა უთხრა: - წამომყევი და ქურდობას გასწავლიო. ბიჭმა უპასუხა: - არა, მე პატიოსანი შრომით მინდა ლუკმის მოპოვება, ქურდის სიცოცხლე ყოველთვის სახრჩობელაზე სრულდება.
- ნუ გეშინია, მე ისე გაგწვრთნი, კაციშვილი ვერ დაგიჭერს. - დაარწმუნა კაცმა ბიჭი და თან გაიყოლა. გავიდა ხანი და უფროსი ძმა ისე გაიწაფა ქურდობაში, ბადალი არ ჰყავდა.
მეორე ძმასაც შეხვდა კაცი და იგივე ჰკითხა, სად მიდიხარ და რისი მიღწევა გინდაო. - მე თვითონ არ ვიცი, რა მინდაო, - უპასუხა ბიჭმა.
- მაშინ წამომყევი და ვარსკვლავთმრიცხველობას შეგასწავლიო, - უთხრა კაცმა. ბიჭიც გაჰყვა და მალე მისგან ისეთი დიდებული ვარსკვლავთმრიცხველი დადგა, რომ სწავლის დამთავრებისას მასწავლებელმა ჭოგრიტი აჩუქა, თან უთხრა:
- ამ ჭოგრიტით შენ დაინახავ ყველაფერს, რაც ხდება დედამიწაზე და ცაში, შენი თვალისგან დაფარული არაფერი იქნება.
მესამე ძმა კი მონადირემ წაიყვანა და ისე შეასწავლა თოფის ხმარება და ნადირობა, რომ ტოლი არ ჰყავდა. გამომშვიდობებისას კი თოფი აჩუქა და უთხრა: - იცოდე, აქედან გასროლილი ტყვია მიზანს არასოდეს ასცდებაო.
მეოთხე ძმას თერძი შემოხვდა, თავისთან წაიყვანა და სანიმუშო მკერავი გამოზარდა. სწავლის დასრულებისას კი ნემსი აჩუქა და უთხრა: - ამ ნემსით შეგიძლია გაკერო ყველანაირი მასალა - კვერცხის ცილასავით რბილი ნაჭრიდან დაწყებული, რკინასავით მაგარით დამთავრებული, თანაც ისე, რომ ნაკერიც არ დაემჩნევაო.
გავიდა ოთხი წელი, ძმები დათქმულ ადგილას შეიკრიბნენ, გადაეხვივნენ ერთმანეთს და შინისკენ გასწიეს. გახარებულმა მამამ სათითაოდ გამოკითხა, ვინ სად იყო, რა ხელობა შეისწავლეს. შვილებმაც უამბეს თავიანთი თავგადასავალი. მაშინ მამამ მათი გამოცდა გადაწყვიტა. შუათანას უთხრა: - ხედავ, ხის კენწეროზე, ორ ტოტს შორის ჩიტის ბუდეა, შიგ კვერცხები აწყვია, აბა მითხარი რამდენია?
აიღო ვარსკვლავთმრიცხველმა თავისი ჭოგრიტი, გაიხედა და მამას უთხრა, ხუთი კვერცხიაო. მამა უფროს ვაჟს მიუბრუნდა: - ისე ამოიღე ბუდიდან კვერცხები, რომ დედა ჩიტმა ვერაფერი გაიგოსო. აცოცდა უფროსი ვაჟი ხეზე და ხელის მარდი მოძრაობით ჩამოიტანა ხუთივე კვერცხი. მამამ მაგიდის ოთხივე კუთხეში თითო კვერცხი დადო, მეხუთე კი მაგიდის შუაში მოათავსა და მონადირე შვილს მიმართა: - თუ ვაჟკაცი ხარ, ერთი გასროლით ხუთივე შუაზე გახლიჩეო. ბიჭმა აიღო თოფი, დაუმიზნა და ხუთივე კვერცხი შუაზე გააპო.
- ჩემო ნაბოლარა, შენი ჯერიც დადგა. აიღე ნემსი და ისე გაკერე ეგ კვერცხები, რომ ერთი ნაკერიც არ დაეტყოსო, - უთხრა მამამ უმცროს ვაჟს და ბიჭმაც სანიმუშოდ გაართვა თავი დავალებას. ქურდმა ძმამ კი ჩიტს ისევ შეუმჩნევლად ამოუდო ქვეშ კვერცხები და რამდენიმე დღეში ბარტყებიც დაიჩეკნენ.
კმაყოფილმა მამამ შვილებს მიმართა: - აღარ ვიცი, რომელი შეგაქოთ, ოთხივეს კარგად აგითვისებიათ თქვენ-თქვენი საქმე. დაველოდოთ, ცხოვრებისეულ გამოცდას როგორ გაუმკლავდებითო...
მალე ეს დღეც დადგა.
ამ ქვეყნის მეფეს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს, საზარელმა ურჩხულმა მზეთუნახავი ქალიშვილი მოსტაცა. სასოწარკვეთილმა მეფემ გამოაცხადა, ვინც ქალიშვილს დამიბრუნებს, ცოლად მივცემო.
ძმებმა მეფის ასულის განთავისუფლება გადაწყვიტეს. ვარსკვლავთმრიცხველმა მოიმარჯვა თავისი ჭოგრიტი და წამოიძახა: - ვხედავ, ვხედავ. აქედან ძალიან შორს, შუა ზღვაში ამოჩრილი კლდის წვერზე ზის და ურჩხული დარაჯობს. მერე მეფეს ეახლა და მოახსენა: - შენი ქალიშვილის გადასარჩენად მე და ჩემს ძმებს გემი გვჭირდებაო. გახარებულმა მეფემ სასწრაფოდ ბრძანა, საუკეთესო ხომალდი მიეცითო. ძმებმა იალქნები აუშვეს და იმ კლდეს მიადგნენ, სადაც მზეთუნახავი ეგულებოდათ. ზის მეფის ასული, მის ფერხთით ურჩხული გაწოლილა და სძინავს, თავი კი ქალის მუხლებზე უდევს.
ქურდი ძმა მიეპარა ურჩხულს და ისე გამოაცალა ქალი, რომ მხეცს არაფერი გაუგია. გახარებულმა ძმებმა და მეფის ასულმა გემით სწრაფად მოუსვეს იქიდან. ურჩხულმა რომ გაიღვიძა და ქალი ვერ დაინახა, განრისხდა, ცაში აფრინდა და გემს დაედევნა. იმარჯვა მონადირემ, ესროლა ურჩხულს თოფი და შიგ გულში მოახვედრა. საშინელი ცხოველი ჩამოვარდა, გემს დაენარცხა და ნაფოტებად აქცია. ახლა მკერავს უნდა ემარჯვა და მანაც ისე დაკემსა თავისი ჯადოსნური ნემსით ზღვაში მიმოფანტული გემის ნაწილები, რომ სულ ახალს დაამსგავსა. იალქნები ააფრიალეს და გემი მალე ნაპირს მიადგა. მეფის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ძმებს უთხრა:
- ერთ-ერთი თქვენგანი ჩემი სიძე გახდება, მაგრამ რომელი, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო.
აი, მაშინ კი დაიძაბა ურთიერთობა მოსიყვარულე ძმებს შორის, ყველა სათითაოდ გაიძახოდა - მეფის ასული ჩემი უნდა იყოსო. მეფემ იფიქრა, იფიქრა და განუცხადა:
- ყველას დიდი ღვაწლი მიგიძღვით ჩემი შვილის განთავისუფლებაში, ამიტომ, ერთმანეთს რომ არ გადაეკიდოთ, ჯობს ნახევარი სახელმწიფო გიბოძოთ.
ძმებს გადაწყვეტილება მოეწონათ. მამაც თავისთან წაიყვანეს, ცოტა ხანში ცოლებიც შეირთეს და დიდხანს ცხოვრობდნენ ბედნიერად.