ზოგადად, ბავშვის ზრდის დიაპაზონი დაბადებიდანვე განსაზღვრულია. ეს მემკვიდრეობითი ფაქტორია. ამაზე დაყრდნობით რამდენიმე ფორმულა არსებობს, რომლებიც შეიძლება ბავშვის სავარაუდო სიმაღლის გამოსათვლელად გამოვიყენოთ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი ბევრად ჩამორჩება თანატოლებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და მიზეზი დაადგინოთ.
ბავშვის სიმაღლის რადიკალურად შეცვლა შეუძლებელია, რადგან გენები დიდ როლს თამაშობენ, მაგრამ ბავშვის ზრდის პოტენციალი სრულად იქნება ათვისებული თუ არა, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამიკიდებული. ანუ არსებობს ბუნებრივი პოტენციალის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორები. რით შეგიძლიათ დააჩქაროთ ბავშვის სიმაღლეში ზრდა - წარმოგიდგენთ 3 მთავარ გზას. რა საჭიროა დაჩქარება? იმისთვის, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის ბავშვმა მაქსიმალურ სიმღლეს მიაღწიოს, რადგან მომწიფების შემდეგ ზრდა ისედაც შენელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დაკავდეს სპორტის იმ სახეობით, რომელიც, რასაც ჰქვია, „ჭიმავს“ მის სახსრებს და კუნთებს უფრო ელასტიურს ხდის. რაც არ უნდა ტრივიალურად ჟღერდეს, აზიდვების გაკეთება და ძელზე უბრალოდ ჩამოკიდება ნამდვილად სასარგებლოა ზრდის აჩქარებისთვის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს მნიშვნელოვანია ზრდასრულებისთვისაც კი.
თუ პრობლემები არ არის სომატოტრომულ ჰორმონთან (რომელიც პასუხისმგებელია ძვლების, ხრტილისა და რბილი ქსოვილების ზრდაზე) დაკავშირებით და ყველაფერი ნორმალურად გამომუშავდება, მაშინ ფიზიკური აქტივობის სახეები, როგორიცაა იოგა, აერობიკა, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა ეფექტური იქნება. ყველაფერი, რაც აძლიერებს სხეულს და აუმჯობესებს აღნაგობას, შესაფერისია, მათ შორის ცეკვის გაკვეთილებიც.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვა და მძიმე წონის აწევა, პირიქით, ხელს უშლის ზრდას.
ბევრი თანამედროვე მშობელი ვერ აფასებს ძილის როლს ბავშვის განვითარებაში და ავიწყდება, რომ ზრდის ჰორმონის 90%-მდე სწორედ ღამით, ჰიპოფიზის ჯირკვალში წარმოიქმნება.
ბავშვებს საღამოს 23:00 საათამდე უნდა ეძინოთ, სასურველია დაიძინონ ერთი საათით ადრეც. ამის შემდეგ იწყება სომატოტროპული ჰორმონის სრული გამოყოფა.
ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტმა ბავშვებში ჰორმონალური დონის კვლევა ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ გვიან დაძინება ანელებს ბავშვის ზრდის ტემპს. ამიტომ „ღამურების“ მშობლებმა უნდა იფიქრონ ძილის რეჟიმის მოწესრიგებაზე.
ასევე, მელატონინის წარმოებისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, გავლენას ახდენს ზრდის ჰორმონის გამომუშავებაზე, მნიშვნელოვანია სრულ სიბნელეში ძილი. ბევრ ბავშვს ეშინია სრულ სიბნელეში ჩაძინების. ამიტომ თავიდან შეგიძლიათ დატოვოთ ღამის შუქი ჩართული, თუმცა ჩაძინების შემდეგ გამორთეთ, რადგან უფრო ჯანსაღი ვარიანტია, როდესაც ბავშვს სრულ სიბნელეში სძინავს. ამ შემთხვევაში, ძილისთვის საჭირო მელატონინი უფრო სრულად წარმოიქმნება.
ბავშვის ზრდის ტემპზე გავლენას ახდენს ცილოვანი საკვები, ხილისა და ბოსტნეულის ვიტამინების საჭირო დონე და ცხიმები, განსაკუთრებით ომეგა -3. ჭარბი ტკბილეული და მარტივი ნახშირწყლები უარყოფითად მოქმედებს ზრდაზე.
ასე რომ, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი უკეთ გაიზარდოს, რეგულარულად შეიტანეთ მის მენიუში თხილი, თევზის ცხიმოვანი ჯიშები, კვერცხი, უცხიმო ხორცი და ფრინველი, მარცვლეული (შვრიის ფაფა, წიწიბურა, ოსპი, ფეტვი ქერი). ტკბილეული უნდა იყოს იშვიათი კერძი თქვენს სუფრაზე, უმჯობესია ისინი ხილით და კენკრით შეცვალოთ.
კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ჰიპერგლიკემიის გამო ძვლის მინერალიზაცია და ზრდა შემცირებული აქვთ. ჯანმრთელი ბავშვები, რომლებიც ჭარბად იღებენ ტკბილეულს, ასევე ნელა იზრდებიან.
ასევე მნიშვნელოვანია რისკ ფაქტორების მონიტორინგი. ბავშვის ჯანმრთელობა რეგულარულად უნდა აკონტროლოთ, რათა თავიდან იცილოთ მიზეზები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს სიმაღლეში ზრდაზე.
ხშირად, ზრდის შეფერხება ნაწლავის შეწოვის დარღვევასთან, პანკრეასის ფერმენტების არასაკმარის წარმოებასთან და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევებთან ასოცირდება.
აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ზრდის ტემპს, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას - ეს ხშირად ზოგიერთი მიკროელემენტის ნაკლებობის მაჩვენებელია. ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის მადის ცვლილებებს, ტკივილს და დისკომფორტს მუცლის არეში.
საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ სრული გამოკვლევა. აუცილებლად უნდა შეუმოწმოთ ჰორმონები, განსაკუთრებით თუ თქვენს ოჯახში ვინმეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს.
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერამ შეიძლება საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული პრობლემები გამოავლინოს. ბავშვის განავლის ანალიზით სპეციალისტს შეუძლია დაადგინოს პათოგენების - ვირუსების, ბაქტერიების, პარაზიტების არსებობა და შეამოწმოს გარკვეული ელემენტების შეწოვა. ანალიზის უნიკალურობა ის არის, რომ მასზე დაყრდნობით ექიმს შეუძლია ზოგადი დასკვნები გამოიტანოს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, კუჭის, პანკრეასის, ღვიძლისა და ნაწლავების ფუნქციონირების შესახებ.