ემიგრაცია ბევრი ჩვენი ემიგრანტისთვის ტრაგედიადაც იქცა: ქალები, რომლებიც მრავალი წლის წინ უცხოეთში ოჯახების დასახმარებლად წავიდნენ, ისევ ამავე ოჯახებისთვის შრომობენ, თუმცა უკვე იმ სიტუაციაში, როდესაც ოჯახებიც გაიზარდა, ხანდაზმულობის ასაკიც და შრომაც მძიმე ტვირთიდან აუტანელ ტვირთად იქცა. ამის მიუხედავად, იძულებული არიან კვლავ იმუშაონ. არის სხვა ვარიანტიც: ზოგიერთს დაბრუნება თავადაც არ სურს - მიზეზი უპირველესად მწირი ქართული პენსია და ოჯახზე ტვირთად დაწოლის შიშია, შიში, რომელიც ხშირად უსაფუძვლოა, თუმცა იმდენად ძლიერი, რომ თავადაც დაავადებულ ემიგრანტებს სხვა დაავადებული მოხუცების მოვლას აიძულებს, თანაც უცხოეთში, სადაც გვერდით მდგომი არავინ არის, გარდა ისევ ქართველი ემიგრანტებისა, რომლებიც ხანდაზმულ თანამემამულეებს როგორც შეუძლიათ ეხმარებიან, თუმცა ბევრჯერ უშედეგოდ, რადგან დახმარება დაგვიანებულია.
მარინა სამსონიძემ ათენში საქველმოქმედო ფონდი მძიმე სიტუაციაში მყოფ თანამემამულეთა დასახმარებლად შექმნა, რითაც საკუთარ შრომასა და ოჯახზე დარდს კიდევ ერთი ტვირთი დაამატა. თუმცა არც სხვანაირად გამოდიოდა.
- ათენში იმ ადგილებში რომ გახვიდეთ, სადაც ქართველები იკრიბებიან, ხშირად ნახავთ, ჯოხზე დაყრდნობილ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მოხუცებს უვლიან, წვალებით ნაშოვნ ფულს კი ოჯახებს უგზავნიან. ზოგი კაფეში ჭიქა ყავის დასალევადაც არ იმეტებს გროშებს, იქვე, ქუჩაში გაშლის საჭმელს და სადილობს. უამრავი მძიმედ დაავადებული ემიგრანტია, პატრონობა რომ სჭირდებათ. მოხუცის მოვლა უმძიმესი შრომაა და წარმოიდგინეთ, როგორია, საკუთარი გაჭირვება რომ გაქვს და ფსიქიკურად დაავადებული მოხუცი გყავს საპატრონო.
როგორ შეიძლება 80 წელს მიტანებული ადამიანი მომვლელად მუშაობდეს? არადა, მუშაობენ. ბევრ მათგანს შინ დაბრუნებაზე ვერც დაელაპარაკები. არადა, საქართველოს საელჩო, თუ ემიგრანტი შინ დაბრუნებას მოინდომებს, ბილეთსაც აუღებს და 1000 ევროსაც მისცემს, მაგრამ ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნება არ სურთ. ზოგიერთმა ისიც მკითხა, ხომ შეიძლება 1000 ევრო ავიღო და მერე ისევ უკან დავბრუნდეო. ამას განა იმიტომ აკეთებენ, რომ შინ ცუდად ხვდებიან (ასეთებიც არიან, მაგრამ, საბედნიეროდ, ცოტა), არამედ იმიტომ, რომ ისევ უნდათ ემიგრაციაში მუშაობის გაგრძელება. არადა, ძალა როდემდე ეყოფათ.
- ასე არ არის, ამ ხალხს ოჯახები უკვე ფეხზე დაყენებული ჰყავთ, შვილიშვილებსაც კი ბინები შეუძინეს, მაგრამ მათთან წასვლა მაინც არ სურთ. რამდენჯერ მითქვამს თითოეულისთვის, ადამიანო, რომ გარდაიცვალო, ნუთუ იმაზე არა ფიქრობ, რომ ოჯახს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებ-მეთქი! მპასუხობენ, ცოტაც და, წავალთო. ამ დღეებში ასაკოვანი ქალი დამიკავშირდა, ძლივს საუბრობდა, მისამართი დამიტოვა, ამა და ამ ადგილზე ვიშოვე სამუშაო და რომ მოვკვდე, სად ვარ, შენ რომ იცოდეო. ვუთხარი, სახლში რატომ არ მიდიხარ-მეთქი, და მიპასუხა, რას ამბობ, შვილიშვილმა იყიდა ბინა და მის ვალს ვისტუმრებ, რომ არ გავუსტუმრო, აი, მაშინ მართლა მოვკვდებიო.