ფსიქიატრი, ნარკოლოგი, თსსუ პროფესორი ხათუნა თოდაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რატომ იწვევს ახალი ფსიქოაქტიური სინთეზური ნარკოტიკი ლეტალურ შედეგს:
- სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები ადრეც არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით, როგორც წესი, მათში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფი ერთიანდება. თუმცა, ზოგიერთი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ ხოლმე, კარგად დავიწყებული ძველია - ის, რაც წლების წინ იყო სინთეზირებული, მაგრამ მისი გამოყენება სამედიცინო მიზნით არ განხორციელებულა, ვინაიდან ბევრ საფრთხეს მოიცავდა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, სინთეზური ნარკოტიკების მთელი პრობლემა გახლავთ ის, რომ მათი ფორმულის მცირედი მოდიფიკაციის შედეგად, უკვე ახალი ნივთიერება მიიღება, რომელიც არც მომხმარებლისთვისაა ცნობილი და არც სპეციალისტებისთვის, რის გამოც ეს ეფექტი შესაძლოა, ძალიან სახიფათო გახდეს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალი შესაძლოა, უძლური გახდეს.
ძალიან სახიფათოდ ითვლება და დღეს მთელი მსოფლიო სწორედ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამო განგაშის ზარს ტეხს. ნარკოტიკული საშუალებების საკმაოდ ფართო ჯგუფს ახალი ტვირთი დაემატა. ტრადიციულად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი მოიხმარებოდა, მაგრამ მაინც ცნობილი იყო ნივთიერებები, ცნობილი იყო, მათი ზეგავლენა და ის ეფექტები, რასაც ისინი ახდენენ და შესაბამისად, ცნობილი იყო ის დამხმარე მედიკამენტები, რომლებიც ექიმმა პირველივე წუთებში უნდა გამოიყენოს, როდესაც ნარკოტიკებით ზედოზირებაზეა საუბარი.
სამწუხაროდ, დღეს ისეთი ნარკოტიკები მოიხმარება, როდესაც ერთი ნივთიერების გამოყენებით ძალიან ხშირად ადამიანი მდგომარეობიდან ვერ გამოგვყავს. ამიტომ, ნარკოტიკული საშუალებები არ უნდა გამოიყენოთ.