კვებითი ნეოფობია ახალი საკვების გასინჯვაზე პროტესტის გრძნობაა და ის ბოლომდე ახსნილი ფენომენი არ გახლავთ. შესაძლოა, ეს დამცავი მექანიზმია, რომელიც ერთ დროს გამოქვაბულში მცხოვრებ ჩვენს წინაპრებს დაეხმარა, რათა უცნობი საკვებით არ მოწამლულიყვნენ. თუმცა, თანამედროვე მშობლისთვის ის დიდ თავის ტკივილად იქცა. უამრავი ბავშვი უარს ამბობს ძალიან ბევრ სასარგებლო პროდუქტზე და ამით ჯანმრთელ ცხოვრების წესს არღვევენ.
წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც უჭმელ ბავშვებთან სწორი მიდგომის ჩამოყალიბებაში დაგეხმარეთ. უფრო სწორად, საშუალებას მოგცემთ, რომ პრობლემა არ გაღრმავდეს და მომავალში ადეკვატური კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას არ შეუშალოს ხელი.
კვება მშვიდ გარემოში (ან სულ მცირე ნეიტრალურ გარემოში, კომენტარების და საყვედურების გარეშე) უნდა მიმდინარეობდეს. რაც მეტი აურზაური, ყურადღება და ზეწოლაა, მით უფრო პრობლემურია ბავშვის კვებითი ქცევა.
უბრალოდ ჭამეთ ერთად (თუნდაც მხოლოდ ორნი ხართ) და არ აქციოთ კვება ცალკე მისიად. ჯანსაღი კვების ქცევის მოდელირებისთვის ოჯახური ტრაპეზები გამოიყენეთ.
არ სცადოთ, ცალკე აჭამოთ ბავშვს, თუ მას ოჯახის საერთოს ადილი არ მოსწონს. ეცადეთ, ოჯახური კვების დროს რაღაც მაინც ჩართოთ, რაც მას უყვარს და ასევე გამუდმებით შესთავაზეთ ბალანსირებული, სასარგებლო რაციონი, მიუხედავად იმისა, ჭამს თუ არა.
საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა დაიგეგმოს ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. უნდა მიმდინარეობდეს ერთსა და იმავე ოთახში, მაგიდასთან, ტელევიზორის მსგავსი ყურადღების გამფანტავი ფაქტორების გარეშე - ყველაფერმა კვებისთვის უნდა განგაწყოთ.
პატარა ბავშვი მცირე ულუფებით ჭამს, ამიტომ მის მენიუში დაბალკალორიული და შედარებით ჯანსაღი "მისაყოლებელიც" დაამატეთ. დანარჩენ კვებასთან ერთად შეგიძლიათ წვენი ან რძის პროდუქტები შესთავაზოთ, მაგრამ კვებასა და კვებას შორის მხოლოდ წყლის დალევის ნება მიეცით.
კვება არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე მეტ ხანს. უკომენტაროდ ააცალეთ თეფში, თუ მიხვდით, რომ კვება დაასრულა და მის გაგრძელებას აღარ აპირებს.
შექმენით კვების ჯაჭვები - უცნობ ან ნაკლებად საყვარელ პროდუქტს ნაცნობ ან სასურველ პროდუქტთან აწყვილებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ბავშვს ახალი საკვები 10-20-ჯერ უნდა შესთავაზოთ.
საკვების გაცნობა – როცა ბავშვი ყნოსავს, სინჯავს ნაჭერს და შემდეგ უკან აბრუნებს – ახლის მიღების ბუნებრივი ეტაპია. სენსორული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვმა განსხვავებული ტექსტურა და გემო გაინჯოს, ზოგჯერ მხოლოდ ხელით შეხებაც საკმარისია.
შესთავაზეთ კაშკაშა ფერის საკვები, საკვები, რომლის ჭამაც ხელით შეიძლება და სოუსები. ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან საკვების ტემპერატურის მიმართ - ჯობია შესთავაზოთ თბილი, ვიდრე ცხელი საკვები.
თუ თქვენი შვილი არ არის მშიერი, ნუ აიძულებთ, ჭამოს. ასევე, ნუ მოისყიდით თქვენს შვილს და ნუ აიძულებთ გარკვეული პროდუქტების მიღებას. ეს მხოლოდ გააძლიერებს საკვებზე ძალაუფლების მოპოვების სურვილს და შესაძლოა ხელი შეუშალოს მომავალში შიმშილისა და ნაყროვანების სიგნალების ადეკვატურად აღქმის უნარს.
საჭმელი მცირე ულუფებად შესთავაზეთ და მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, თავისი ნებით მოითხოვოს მეტი. ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უფლება აქვთ, ჰქონდეთ როგორც საყვარელი, ასევე არასაყვარელი პროდუქტები. დაიმახსოვრეთ, რომ არც ერთი პროდუქტი არ არის ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი, რომლიც ჩანაცვლებაც იმავე ჯგუფის სხვა პროდუქტით არ შეიძლებოდეს.
მშობლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, თუ რას, როდის და სად ჭამენ მათი შვილები. ბავშვი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენს ჭამს.
საკმაოდ მაცდურია ვკითხოთ ბავშვს, რისი ჭამა ურჩევნია. მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვმა უბრალოდ არ იცის, რა სურს და, შესაბამისად, უარს იტყვის თქვენს ყველა შეთავაზებაზე და სხვა რამეს მოითხოვს.
რა იყიდოთ, რა მოამზადოთ და აჭამოთ, ეს მშობლის გადასაწყვეტია.
როდესაც ბავშვი ჯანმრთელია, აქტიურია, ასაკის მიხედვით ვითარდება, წონა და სიმაღლე მისი ასაკის ნორმის დიაპაზონშია მოქცეული, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მას საკვები აკლია. უპირველეს ყოვლისა, კვების დღიურის დახმარებით ეცადეთ ნახოთ, რამდენად სრულყოფილი და მრავალფეროვანია მისი ყოველკვირეული მენიუ.
თუ მაინც გაწუხებთ თქვენი ბავშვის კვება და კვების ქცევა, ექიმს გაესაუბრეთ. მიზეზები, რის გამოც ჯანმრთელი ბავშვები შეზღუდული ასორტიმენტით იკვებებიან, გენეტიკური და ასაკთან დაკავშირებული მახასიათებლებია, საკვების სენსორული აღქმის და ზოგჯერ ღეჭვის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.
პედიატრს ან დიეტოლოგს, რომელიც კარგად იცნობს ბავშვთა კვებითი დარღვევების შესახებ საერთაშორისო გაიდლაინებს, შეუძლია დაგეხმაროთ კვებითი ქცევების კორექციაში, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმართეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომლებიც მტკიცებით მედიცინას ეყრდნობიან.
<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/B3gFKRie0xpMDA/" data-palettepq="B3gFKRie0xpMDA"><span style="display: none;">myquiz</span></div>