59 წლის მონიკა ბელუჩი არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი და მოდელია, არამედ ორი ქალიშვილის დედაცაა. მას და ვენსან კასელს 19 წლის დევა და 13 წლის ლეონი ჰყავთ. მონიკამ შვილების გაჩენა უკვე გააზრებულ ასაკში გადაწყვიტა. პირველად დედა 39 წლის ასაკში გახდა, მეორე შვილი კი 45 წლის ასაკში გააჩინა. მსახიობი ამ გამოცდილებაზე ხშირად საუბრობს. ორივე შემთხვევაში, ბელუჩის შვილები ბუნებრივი გზით ეყოლა.
მონიკა ამ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვებს არასოდეს გაურბოდა და პირიქით, აღნიშნავდა, რომ არასოდესაა გვიან, გახდე დედა. მეტიც, მსახიობმა აღნიშნა, რომ მისმა ბებიამ პირველი შვილი ბუნებრივად 47 წლის ასაკში გააჩინა.
"მანამდე დედობისთვის მზად არ ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს იმიტომაც ხდებოდა, რომ თავად ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ვნერვიულობდი, რომ არ ვიქნებოდი მზად, შვილებისთვის თავი მიმეძღვნა." - თქვა მსახიობმა რამდენიმე წლის წინ ჟურნალ You-თან ინტერვიუში.
თუმცა, როგორც კი მის ცხოვრებაში დევა გამოჩნდა, მსახიობის შიშები გაქრა და გადაწყვიტა, მეორე შვილის დედაც გამხდარიყო. საკუთარი გამოცდილებით, მონიკა ბელუჩი ქალებს გვიან ასაკში დედობის უპირატესობაზე ესაუბრება:
"ჩემმა ბებიამ პირველი შვილი 47 წლის ასაკში გააჩინა. გვიან ასაკში დედობას საკუთარი უპირატესობები აქვს. იქამდე ჩემი ცხოვრება მუდმივი გადაღებების, ფრენის, სასტუმროებისა და წვეულებებისაგან შედგებოდა. ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ, რაღაც მომენტში მოსაწყენი გახდა და მივხვდი, რომ მჭირდებოდა ემოცია, რომელიც ჩემს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებდა. ჩემმა შვილებმა ჩემს ცხოვრებას ისეთი რამ შესძინეს, რაც არასოდეს მქონია და არასოდეს განმიცდია. რამდენ ფილმშიც არ უნდა მეთამაშა, ამას ვერასდროს გავაცნობიერებდი." - თქვა მსახიობმა Icon-თან ინტერვიუში.