ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "შენი დილა" განმარტავს, რა იწვევს გულის შეტევას ყველაზე ხშირად და როგორ შევამციროთ რისკები:
- მიოკარდიუმის ინფარქტი საზოგადოებაში უფრო მეტად გულის შეტევის სახელითაა ცნობილი და ბევრი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს შემდეგი რამ ხდება: კორონარებში, ანუ გულის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის გადინება მცირდება, ან საერთოდ ჩერდება, რის გამოც გულის კუნთი სისხლს ვეღარ იღებს. სწორედ ამიტომაა, რომ გულის კუნთი კვდება. რადგანაც გულის კუნთი კვდება, ამას ბევრი გართულება მოჰყვება, მათ შორის, ეს შეიძლება, არითმია, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, კომა, ან სიკვდილი იყოს. ეს ძალიან სახიფათოა და ამას შესაძლოა, სწორედ რომ, პაციენტის გარდაცვალება მოჰყვეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა უწყობს ხელს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას და როგორ შევამციროთ რისკები:
- როგორც წესი, ეს დაავადება გულის მკვებავ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზით, ანუ ე.წ. ცხიმის დაგროვებითაა გამოწვეული. სისხლში ქოლესტეროლის მომატებული შემცველობა მიოკარდიუმის ინფარქტის ლოგიკური რისკფაქტორია.
- ასევე, მწეველობაც. მწეველობა შემთხვევათა 36%-ში სწორედ რომ მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს.
- გარდა ამისა, რისკფაქტორია ცუდი ფიზიკური აქტივობა, ან ფიზიკური აქტივობის არარსებობა.
- რისკფაქტორია ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენება და სხვა მავნე ჩვევები.
როგორ შევამციროთ მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი?
არსებობს რაღაცები, რისი მოგვარებაც მარტივად შეგვიძლია. თუმცა, ამავდროულად, არის რაღაცები, რისი შეცვლად, ფიზიკურად, შეუძლებელია. მაგალითად, ასაკი. ასაკი მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკფაქტორია.
- თუ ადამიანს მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, ამას, როგორც წესი, ოჯახის წევრები ყურადღებას არ აქცევენ. წნევის დამწევი საშუალებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. მაღალი არტერიული წნევა, რა თქმა უნდა, ერთჯერადად არაფერს გამოიწვევს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ამას შეუძლია, მიოკარდიუმის ინფარქტის, ანუ გულის შეტევის რისკი მკვეთრად გაზარდოს. ამიტომ, წნევასთან ყოველთვის ყურადღებით იყავით.
- შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად პაციენტები ექიმის დანიშნულებას სრულფასოვნად არ მიჰყვებიან. დაავადების არასწორი მართვა, დროთა განმავლობაში, ასევე იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს.
- ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა - როცა ადამიანს ქოლესტეროლი მაღალი აქვს, ექიმისაგან დანიშნულებას იღებს, რომელსაც ან მიჰყვება, ან - არა. უგულებელყოფის გამო, გულის მკვებავ სისხლძარღვებში ქოლესტეროლი ლაგდება, რაც, დროთა განმავლობაში, მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს. ამიტომ, მაღალ არტერიულ წნევას, შაქრიან დიაბეტსა და სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატებას ყურადღებით დააკვირდით.
- მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება ფიზიკური აქტივობითაც შეგვიძლია. ჩემი რჩევა იქნება, რომ ფიზიკური აქტივობა თქვენს ყოველდღიურობაში ჩასვათ. ეს რეგულარული ხასიათის უნდა იყოს.
- ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანისათვის, თამბაქოზე უარის თქმა ფილტვის სიმსივნესთან ასოცირდება. როგორც აქტიური, ასევე პასიური მწეველობა მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ზრდის.
- სასურველია, სწრაფი კვების პროდუქტების ინტენსიურ მოხმარებაზე უარი თქვათ. შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს ასევე ზრდის.
- შეეცადეთ, თქვენს ყოველდღიურობაში თევზეული კვირაში 2 პორციაზე მეტი, ხილეული კი 3-5 პორციაზე უფრო მეტი იყოს.
თუ აღნიშნულ რეკომენდაციებს მიჰყვებით, ამ შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტის რისკები მკვეთრად შემცირდება. სტატისტიკის მიხედვით, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება უფრო ხშირი დილის საათებშია. გამთენიისკენ 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთებში, რაც შეიძლება, სტრესსაც უკავშირდებოდეს. ამიტომ, თუ სტრესული ცხოვრების სტილი გაქვთ, მისი შემცირებით, ან მოგვარებით ასევე შეგიძლიათ, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი შეამციროთ.