50 წლის ევა მენდესი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია წარმატებულ მსახიობებს შორის, რომელმაც თავისი ნებით თქვა უარი კარიერაზე და გათხოვების შემდეგ დიასახლისობა ამჯობინა.მრავალი წელია ეკრანზე არ გამოჩენილა და მთელ დროს მეუღლეს - რაიან გოსლინგს და ორ ქალიშვილს - 9 წლის ესმერალდასა და 7 წლის ამანდას უთმობს.
იმის გამო, რომ ამ თემას მუდამ მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და იმაზეც წერდნენ, თითქოს ეს მისგან ქმარმა მოითხოვა, ევამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ განემარტა საზოგადოებისთვის.
"მე ასე ვიფიქრე: კარგი, ის იმუშავებს და მეც ვიმუშავებ - ოღონდ, დიასახლისად", - ამბობს ევა.
მისი თქმით, არ გასჭირვებია ჰოლივუდურ კარიერაში პაუზის გაკეთება, რადგან უნდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ბავშვებთან. თანაც, გადაღებები კი შეწყვიტა, თუმცა რაღაც საქმეებით მაინც არის დაკავებული.
ევა იმასაც ამბობს ხშირად, რომ აღტაცებულია ქმრის პროფესიონალიზმით და ძალიან უხარია მისი ყოველი მორიგი წარმატება.
მენდესმა ბოლო ინტერვიუში გააკეთა ასევე კომენტარი "ოსკარების" ცერემონიაზე რაიან გოსლინგის გამოსვლაზე. რაიანმა ცერემონიაზე კენის სიმღერა შეასრულა ფილმ "ბარბიდან" და ზუსტად ამ დროს სახლში მჯდომმა მისმა ცოლმა ევამ ინსტაგრამზე იხუმრა, რომ გოსლინგს შინაც ელოდა სიმღერა ბავშვების დაძინებამდე. ამჯერად ევამ ქმრის ნამუშევარს გაუსვა ხაზი: "მან კარგად შეასრულა თავისი საქმე, ისე, როგორც ყოველთვის, და დაბრუნდა სახლში".
ევა ქმარს ამჯერადაც არ ახლდა ცერემონიაზე. ბოლო 12 წელია ერთად ისინი საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილან და ევა წითელ ხალიჩებს გაურბის. ამბობს, რომ არ სურს პირადი ცხოვრების გასაჯაროება. სამაგიეროდ, პაპარაცები უღებენ ხშირად ფოტოებს შვილებთან ერთად საყიდლებზე თუ სასეირნოდ გასულს.
ეგ კი არა, ერთი პერიოდი სოციალურ ქსელშიც აღარ ჩანდა. მაშინ გამომწერებს აუხსნა, რომ შვილის თხოვნით მაქსიმალურად შეამცირა ინტერნეტში ყოფნის დრო. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ბავშვებს არ უნდა აუკრძალონ მშობლებმა თავიანთი პოზიციის გამოხატვა - თუნდაც ხანდახან აგრესიული ფორმით.
"დართეთ ნება, თუნდაც იყვირონ თქვენი მისამართით. ეს არ არის უპატივცემულობა. ეს ნორმალურია. ბავშვებს ხანდახან ისე ძალიან უნდათ საკუთარი ფასეულობის გატანა, თქვენგან აუცილებლად მოითხოვენ პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ. ბოლო პერიოდში არაფერი დამიპოსტავს, რადგან ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა, რომ მეტისმეტად ხშირად ვსარგებლობ ტელეფონით. მან ეს ძალიან განიცადა. ბავშვია და ეს ბუნებრივია, ისინი ხომ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. ჩვენ ვისაუბრეთ, ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო და დავპირდი, რომ კიდევ უფრო ყურადღებიანი ვიქნები. მივხვდი, რომ მართალია, სულ სახლში ვარ, მათ გვერდით, მაგრამ ეს ყოველთვის სულაც არ ნიშნავს ჩემს ნამდვილად იქ ყოფნას", - წერდა მაშინ მენდესი.