სიმინდის ფანტელები, ე.წ. ხლოპიები ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და ბევრი ბავშვისთვის სასურველი საუზმეა. არის თუ არა მიზანშეწონილი მისი ხშირი მიღება, ან საერთოდ შეიძლება თუ არა ბავშვებს ვაჭამოთ, ამ თემაზე მარიამ მდინარაძემ გადაცემაში "იმედის დღე" "საიმედო რეკომენდაციების" რუბრიკის ფარგლებში სპეციალური სიუჟეტი მოამზადა და ქართულ ბაზარზე არსებული რამდენიმე პროდუქტი განიხილა.
სიუჟეტში მაიკლ მოსი, წიგნის "მარილი, შაქარი, ცხიმი" ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ამბობს: "ასეთი ტიპის მშრალი საუზმე, როგორც წესი, დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. სწორედ ამის გამო არ უნდა აჭამოთ ის ბავშვებს, რადგანაც მარილიც და შაქარიც გემოს ბუნებრივი გამაძლიერებელია, რომელიც ენის რეცეპტორებს ააქტიურებს. ეს კი მომავალში შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემა გახდეს, რადგან ბავშვებს ჯანსაღი საუზმე აღარ მოეწონებათ. ჩემი რეკომენდაციაა, ბავშვებს ასეთი ტიპის ფანტელები თავიდანვე არ გაასინჯოთ, ან იშვიათად აჭამოთ, რომ მათ შაქრისა და მარილის გარეშე გემოს აღქმა არ დაუქვეითდეთ."
სიუჟეტში დეტალურადაა განხილული რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობა და აღნიშნულია ისიც, ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები არ გამოვლინდა. აღწერა შეგიძლიათ, ვრცლად თავად სიუჟეტში ნახოთ.
აქვე აღნიშნულია, რომ შემადგენლობის გარდა, ენერგეტიკულ ღირებულებასაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ. კალორიულობა მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირი აქვს. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ცილის შემცველობა ჰქონდეს მეტი და შაქრის შემცველობა ნაკლები და ყველაზე მნიშვნელოვანი - იყოს ბოჭკოვანი ნივთიერებებიც. ბოჭკოვანი ნივთიერებები, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, შაქრის ათვისებას ხელს უშლის. მაგალითად, თუ ბოჭკოვან ნივთიერებებთან ერთად შაქარს ვიღებთ, შაქარი ჩვენი ორგანიზმისათვის გაცილებით ნაკლებად საზიანო ხდება. ასევე, სიუჟეტის ავტორმა ერთ-ერთი ბრენდის მიერ წარმოებული ე.წ. ხლოპია შეამოწმა და ის გენმოდიფიცირებული არ აღმოჩნდა. ამიტომაც, რეკომენდაციაა, რომ თუ ბავშვს არ გაუსინჯავს, ისე კარგი მჭამელია და საუზმობს, უმჯობესია, არ გავასინჯოთ. ე.წ. ხლოპია არ შეიძლება, ყოველდღიური საუზმის ნაწილი იყოს, მაგრამ კვირაში 1-2-ჯერ საფრთხეს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ ბავშვები მას რძესთან ერთად მიირთმევენ, რძე კი საჭირო პროდუქტია.