მეორად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მოქალაქეები ხშირად იყენებენ და ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრენდულიცაა. ეს სამოსი ჩვენთან მოხვედრამდე საკმაოდ დიდ გზას გადის, სწორედ ამიტომაა, რომ მისგან გამოწვეული ალერგიები ხშირია. რა საფრთხეს შეიძლება გვიქმნიდეს მეორადი ტანსაცმლის გამოყენება და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ტანსაცმლიდან გადამდები დერმატოლოგიური პრობლემები თავიდან ავირიდოთ, თემაზე მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დერმატოლოგებს მსგავსი ტიპის პრობლემებით ხშირად მოგვმართავენ. საქართველოში მეორეულ ტანსაცმელს აქტიურად იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს დასაძრახი არ არის და არც სირცხვილია. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ძალიან ლამაზ, განსხვავებულ და ხარისხიან ტანსაცმელსაც არჩევენ. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები თავიდან ავირიდოთ. აქ ყველაზე ხშირად ინფექციები იგულისხმება. მეორეული ტანსაცმლის გამოყენებისგან ინფექციის განვითარება არც თუ ისე იშვიათია, რამაც მერე შეიძლება, სხვა, დამატებითი პრობლემები შექმნას. ეს ინფექციები გადამდებია. მათგან ყველაზე ხშირი სკაბიესი, იგივე ბღერი, რომელიც საზოგადოებაში მუნის სახელწოდებითაა გავრცელებული და ე.წ. საწოლის ბაღლინჯო, რომელიც ასევე პარაზიტული ინფექციაა. ამ ორ ინფექციას აუტანელი, ძლიერი ქავილი და გამონაყარი ახასიათებს. სკაბიესის ინკუბაციური პერიოდი შეიძლება, 40 დღე გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს აქვს სკაბიესი, მეორე წევრი შეიძლება, ინფიცირებული იყოს და ინფიცირების გამოვლენა 40 დღეში დაეწყოს. შეიძლება, პაციენტმა იმკურნალოს, განიკურნოს, მაგრამ მეორე ოჯახის წევრმა, რომელსაც დაავადება გვიან გამოუვლინდა, უკან გადმოსდოს. მერე თავად პაციენტსაც ეჭვი ეპარება, რომ სწორი დიაგნოზი დავუსვით. ერთ-ერთი ყველაზე ,,საშიში“ დაავადებაა. რომ მკითხონ, რა დიაგნოზით არ ისურვებდი, რომ შენთან პაციენტი მოვიდესო, არ ვისურვებდი სკაბიესით, იმიტომ, რომ მისი მკურნალობა ძალიან რთულია. განკურნებადია, მაგრამ რთულია...
პირველ რიგში, აუცილებელია, მაღაზიაში ჰიგიენისა და ტანსაცმლის შენახვის წესები დაცული იყოს. მაღაზიის პერსონალს გარკვეული ტიპის შეკითხვები უნდა დავუსვათ და დავინტერესდეთ, რას აკეთებენ ჰიგიენური ნორმების დასაცავად. ვიზუალურადაც უნდა ჩანდეს, რომ მაღაზიაში სისუფთავეა. ასევე, გამყიდველს უნდა ვკითხოთ ტანსაცმლის წარმომავლობის, მისი ჩამოტანა-შეძენის შესახებ, ანუ საიდანაა ჩამოტანილი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ არის გარკვეული ტიპის ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტანსაცმელი შესაძლოა, უფრო მაღალი რისკის მატარებელი იყოს. საუბარია დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებზე. განვითარებული ქვეყნებიდან, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეორეული ტანსაცმლით ინფექციების განვითარების დაბალი რისკია.
აუცილებელია, მაღაზიაში ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია. ეს იმიტომაა საჭირო, რომ შესაძლოა, ისეთი ინფექციები განვითარდეს, როგორებიცაა, მაგალითად, სოკოვანი ინფექციები. სოკოვანი ინფექციების განვითარების რისკებს კი მაღალი ტენიანობა ზრდის.
აუცილებელია, შეძენის შემდეგ ტანსაცმელი გაირეცხოს. როგორც წესი, ჩვენ 40-60 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხვას ვურჩევთ ხოლმე. როდესაც 40 ან უფრო მაღალ გრადუსზე გავრეცხავთ ტანსაცმელს, სკაბიესის პარაზიტი კვდება. ასევე, ე.წ. საწოლის ბაღლინჯოც განეიტრალდება. გამოხარშვა არ სჭირდება. 40-60 გრადუსი სრულიად საკმარისია. არის ტანსაცმელები, რომლებიც 40 გრადუსზე არ ირეცხება, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, ეს ტანსაცმელი პარკში მოვათავსოთ. პარკს თავი მჭიდროდ მოვუკრათ, რომ ჰაერი არ შევიდეს. გარეთ, უმჯობესია მზეზე, ერთი კვირის განმავლობაში დავდოთ. პარკი უმჯობესია, შავი იყოს. გარდა ამისა, შესაძლებელია, ორთქლის უთოც გამოვიყენოთ.
აუცილებელია, მეორეული ფეხსაცმელიც 40 გრადუსზე გაირეცხოს.
ტანსაცმლის გარეცხვამდე გაზომვა რეკომენდებული არ არის. უკეთესი იქნება, თუ მივიზომებთ, მაგრამ არ ჩავიცვამთ. გაურეცხავი მეორეული ტანსაცმლის ჩაცმით უფრო მაღალი რისკია. სკაბიესი თინეიჯერებში ძალიან ხშირი ინფექციაა, რადგან ისინი ტანსაცმელს ერთმანეთში ცვლიან, ან ერთმანეთთან რჩებიან. სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა ინფექციის განვითარების რისკია. სკაბიესის წამყვანი სიმპტომი ღამის ძლიერი ქავილია. გამონაყარი შეიძლება იყოს მტევნებზე, თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, ფეხებზე, გენიტალიების არეში. ბავშვებში 2 წლიდან სკაბიესმა კისრის ზემოთ ასვლა არ იცის. ანუ ქავილი და გამონაყარი კისრის ზემოთ არ გვაქვს. ჩვილებში სახესა და თავზეც გვხვდება.