ყველა დედას სურს, რომ მისი შვილი კარგი ადამიანი გახდეს და სამომავლოდ წარმატებებს მიაღწიოს, შეძლოს ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება და ბედნიერად ცხოვრება. თუმცა, ზოგჯერ ასეთ მისწრაფებებს დადებითი შედეგი არ მოჰყვება. ფსიქოლოგებმა შეადგინეს 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც დედები ბიჭების აღზრდისას ხშირად უშვებენ:
ბევრი ქალი იმდენადაა მიჩვეული ყველაფრის გაკონტროლებას, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს და სურთ, თავიანთი შვილებისათვის მამაცი და ძლიერი დედები იყვნენ, თავიდან აარიდონ ყველანაირ პრობლემა და განსაცდელი. თუმცა, აღზრდის ასეთი მოდელის დროს ბიჭები სამუდამოდ "ბავშვებად" რჩებიან და მთელი ცხოვრების მანძილზე პასუხისმგებლობისაგან გაქცევას ცდილობენ. მათ აქვთ იმედი, რომ დედა გააკეთებს, ის მოაწესრიგებს, მოაგვარებს და თავად სხვადასხვა საკითხით დაინტერესება არ შეეხებათ. გარდა ამისა, როდესაც დედას შვილთან მსგავსი დამოკიდებულება აქვს, ზრდასრულობაშიც უჭირს, რომ საკუთარი კონტროლისაგან გაათავისუფლოს და მას დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. ურთიერთობის ასეთი მოდელის დროს, დედა თვლის, რომ შვილის ცხოვრებაში ლიდერია და მან უკეთესად იცის, მისთვის რა ჯობს. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ზედმეტი მზრუნველობა შესაძლოა, ძალიან ცუდი სამსახური აღმოჩნდეს. დამოუკიდებლობა და საკუთარ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობა ბავშვს ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.
ბავშვმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდეს, რომ მას გარკვეული პასუხისმგებლობები აქვს და აუცილებლად უნდა შეასრულოს. მაგალითად, მოაწესრიგოს სათამაშოები, იზრუნოს დაზე, ძმაზე, ცხოველებზე, უდიერად არ მოექცეს მნიშვნელოვან ნივთებს. თუ მას მსგავს საკითხებზე არ ესაუბრებით და დაინახავს, რომ, პირობითად, კუთხეში მიყრილ სათამაშოებს ყოველ ჯერზე უპრეტენზიოდ აიღებთ და დაალაგებთ, ქვეცნობიერში ჩაებეჭდება, რომ ეს თქვენი საქმეა და არა მისი პასუხისმგებლობა. ზრდასრულ ასაკში კი პასუხისმგებლობების ვერგაცნობიერება მას ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის.
ბევრი მშობელი ბავშვების ინტერესებს ასე ჰყოფს: ბიჭებმა ფეხბურთი უნდა ითამაშონ, გოგონებმა ცეკვაზე უნდა იარონ. ასეთ დროს მათი რეალური ინტერესები უგულებელყოფილია. თუკი თქვენ შეურჩევთ შვილს, რა აინტერესებდეს, სამომავლოდ წარმატების მიღწევის მცირე შანსი ექნება. ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი აზრებისა და ვერასრულებული სურვილების თავზე მოხვევა და შვილის ინტერესების უგულებელყოფაა. თუკი მას ხელოვნება,კულინარია, მუსიკა აინტერესებს, დაეხმარეთ, რომ ამ მიმართულებით უნარები განივითაროს, საკუთარი თავი გამოხატოს. ისეთ წრესა და კურსებზე სიარული, რომელიც "მამაკაცის საქმედაა" აღიარებული, თუმცა ბავშვს არ მოსწონს და არც აინტერესებს, მას კარგს არაფერს მოუტანს და სამომავლოდაც დააზიანებს. იმიტომ, რომ გაუჭირდება იმის გაგება, რა სურს რეალურად ცხოვრებაში.
ბევრი დედა დღემდე სარგებლობს სტერეოტიპით, რომლის მიხედვითაც "კაცები არ ტირიან" და ბავშვებს ემოციების გამოხატვას უკრძალავენ, გადაჭარბებულ სიმკაცრეს გამოხატავენ და ფიქრობენ, რომ ამ გზით მისი შვილი ძლიერი კაცი გახდება. სინამდვილეში, თუ ბავშვმა ემოციები ვერ გამოხატა, წყენა და ბრაზი დაიგროვა, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგება და სამომავლოდ ეს სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. ნუ აუკრძალავთ თქვენს შვილს ემოციების გამოხატვას, ტირილს და ნუ ეტყვით, რომ ეს "ქალის საქმეა". მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ გრძნობებზე საუბარი შეეძლოს და გამოხატვის არ რცხვენოდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი გოგონაა თუ ბიჭი, დამოუკიდებელი არჩევანისა, სურვილებისა და ქმედებების განვითარება ყველა შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ზედმეტი სიფრთხილით, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებით, ჰიპერმზრუნველობით ბავშვებს კი არ იცავთ, არამედ სამომავლოდ ძალიან დიდ პრობლემას უქმნით. ზრდასრულობაში დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება უჭირთ და სულ აქვთ განცდა, რომ ვინმეს უნდა დაეყრდნონ. გარდა ამისა, ზედმეტმა მზრუნველობამ შესაძლოა, პროტესტის შეგრძნება გამოიწვიოს, მოზარდობის ასაკში ამბოხით გამოვლინდეს და შვილის ქცევის მართვა ვეღარ შეძლოთ.