სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ლოდინს სწავლობენ და თვითკონტროლის უნარი განვითარებული აქვთ, გრძელვადიან მიზნებს ყველაზე ხშირად აღწევენ და განსხვავებული ნებისყოფითაც გამოირჩევიან. კვლევის შედეგები ჟურნალში - Applied Developmental Science (ADS) გამოქვეყნდა.
კვლევაში სინგაპურის სკოლამდელი ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. მათ რიცხვი, დაახლოებით, 3 ათასი იყო. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა და ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები შეფასდა. პირველ შემთხვევაში თვითკონტროლის, ლოდინის უნარი შეამოწმეს. კვლევის მეორე ფაზის დროს კი, რომელიც 2 წლის შემდეგ განხორციელდა, ბავშვების აკადემიურ მოსწრებას დააკვირდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ლოდინისა და თვითკონტროლის უნარები აქვთ განვითარებული, თავშეკავებას იჩენენ და შეუძლიათ, სურვილები გრძელვადიანი მიზნების სასარგებლოდ დააყოვნონ, უკეთესი მეხსიერება, კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ და ემოციური სტაბილურობითაც გამოირჩევიან.
ასევე, აღნიშნულია, რომ სპონტანური ქცევების უგულებელყოფა გრძელვადიანი მიზნების სასარგებლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში უფრო ადრე გამოვლინდა. ბევრ გოგონას 4 წლის ასაკში უკვე შეეძლო, რომ გრძელვადიანი მიზნები აერჩია, მოთმინება გამოეჩინა და უკეთეს შედეგს დალოდებოდა. კვლევის მიხედვით, ბიჭებში ეს თვისება უფრო ხშირად 5 წლის ასაკიდან ვლინდება.
ასევე აღმოჩნდა, რომ მაღალი შემოსავლისა და განათლების მქონე მშობლების შვილები უკეთესი ქცევითი თვითრეგულირების უნარით გამოირჩევიან და სხვადასხვა სიტუაციაში ნებისყოფასაც უფრო ხშირად ავლენდნენ.