ზოგიერთი ხალი, იგივე ნევუსი, ადამიანს დაბადებიდან აქვს, ზოგი კი შესაძლოა, ჰორმონალური ცვლილებების გამო გაჩნდეს, ან პირიქით, გაქრეს. რაოდენობისა და მდებარეობის მიუხედავად, თითოეულ ხალს სიფრთხილით უნდა მოეპყროთ: არ გაიძროთ თმა, არ დაკაწროთ და ზედაპირი არ დააზიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები მიიღოთ:
ხალის სახეები
ყველაზე უვნებელი ხალები პიგმენტურია და მათ ლენტიგოს უწოდებენ. ისინი ჭორფლებს ძალიან ჰგვანან და შესაძლოა, გარჩევაც კი გაგვიჭირდეს. ასეთი ხალები კანის ქვეშ მელანოციტების, ანუ ისეთი უჯრედების დაგროვების გამო წარმოიქმნება, რომლებიც პიგმენტაციაზე არიან პასუხისმგებელნი.
ყველა სხვა სახის ნიშნებმა შეიძლება, სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, ეპიდერმულ-დერმული ნევუსები შეიძლება კანის ზედაპირზე გაიზარდოს და ჩვეულებრივ, ხელისგულებზე, ტერფებზე ან საზარდულის მიდამოში მდებარეობს. ინტრადერმული ნევუსები ამოზნექილია და ხშირად თმითაა დაფარული. დისპლასტიკური ნევუსები არარეგულარული ფორმის ნიშნებია და ისინი შეიძლება, 1 სანტიმეტრზე მეტი იყოს.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში გიგანტური ნევუსია. ეს არის თანდაყოლილი ლაქა, რომელსაც კანის დიდი ფართობის დაფარვა შეუძლია. ჩვეულებრივ, აღმოჩენის ადრეულ პერიოდშივე იშორებენ, რადგანაც მას ავთვისებიან წარმონაქმნად გადაგვარების დიდი რისკი აქვს.
რომელი ხალია განსაკუთრებით საშიში და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს?
- თუ ხალს ცისფერი, მუქი ლურჯი, შავი ან ნაცრისფერი შეფერილობა აქვს და 1 სანტიმეტრამდეა. ასეთ ნევუსებს მკვრივი კონსისტენცია აქვთ და ყველაზე ხშირად სკალპის, ხელებისა და ფეხების უკანა მხარესაა განლაგებული. ცისფერი ნევუსები ჩვეულებრივ ჩნდება ადრეულ ბავშვობაში, უფრო ხშირად გოგონებში და ნელა იზრდება.
- შპიცის ნევუსი მოწითალო-მოვარდისფრო, ან მოყვითალო წარმონაქმნია, რომელიც ყველაზე ხშირად მოზარდებში სახესა და კიდურებზე ჩნდება და სწრაფად იზრდება ზომაში. ეს შეიძლება, ცუდი კვების და კუჭ-ნაწლავის პრობლემების ნიშანი იყოს. როგორც წესი, მოცილება აუცილებელია.
- გალონევუსი ადამიანებში დაქვეითებული იმუნიტეტის ან აუტოიმუნური დაავადებების შედეგად ჩნდება და მოთეთრო ნიშანს წარმოადგენს. უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება.
- ლაქებიანი ნევუსი - ეს ხშირად დიდი ხალიa, რომლის ზომაც შესაძლოა, 1-დან 15 სმ-მდე ან მეტი იყოს, სხვადასხვა პატარა ლაქა ან წარმონაქმნია. შეიძლება პუბერტატის დაწყებამდე განვითარდეს. მიზეზი მელანინის შემცველი პიგმენტური უჯრედების სტრუქტურის დარღვევაა.
- მონგოლური ლაქები მონაცრისფრო-მოლურჯო შეფერილობის პიგმენტური ლაქებია, რომლებიც, როგორც წესი, წელის, დუნდულების, ხოლო შედარებით ნაკლებად თავზე თმის ქვეშ არის განთავსებული. ახალშობილების 90% -ში გვხვდება და ადრეულ ბავშვობაშივე ქრება.
- ოტას ნევუსი ნაცრისფერი ან ლურჯი ფერის ლაქაა, რომელიც თვალის ირგვლივ გვხვდება და გენეტიკური და ნევროლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული.ძირითადად, აზიელებშია გავრცელებული.
- წითელი ფერის, არარეგულარული ფორმის ლაქა შესაძლოა, თანდაყოლილი იყოს და კაპილარების გაფართოების შედეგად გამოიხატოს. ბავშვის ზრდასთან ერთად, ის ფართოვდება, მუწუკები ხდება და თავისით არასოდეს ქრება. ძირითადად, კისრის უკანა მხარეს, ზოგჯერ ქუთუთოებზე და ცხვირზე გვხვდება.
- ანემიური ნევუსი - თეთრი ლაქები არარეგულარული კიდეებით, რომელიც მკერდზე ან ზურგზეა გამოხატული. მიზეზები კანის გარკვეულ ზონაში სისხლძარღვების განვითარების დარღვევაა. უფრო მეტად სკოლის ასაკის ბავშვებშია გამოხატული.
ხალების მთავარი საშიშროება არის ის, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება, მელანომად, ავთვისებიან ნეოპლაზმად გადაგვარდეს. ეს პრობლემები გვხვდება როგორც ახალგაზრდებში, ასევე ბავშვებში და გამოვლენის სიხშირეც წლიდან წლამდე იზრდება. კვლევები ადასტურებს, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, პათოლოგიის გავრცელება ოთხჯერ გაიზარდა. ავთვისებიან სიმსივნეებს შორის მელანომას 10%-ზე ნაკლები უჭირავს, მაგრამ საკმაოდ ვერაგი დაავადებაა და სიკვდილიანობას მაღალ პროცენტში იწვევს.
- იმისათვის, რომ კანის დაავადებებისაგან თავი დაიცვათ, მნიშვნელოვანია სოლარიუმს არ ესტუმროთ, 25 წლამდე კი თავი განსაკუთრებით შეიკავოთ.
- ნუ უგულებელყოფთ მზისგან დამცავ კრემებსა და სხვა საშუალებებს.
- ნუ გაჩერდებით მზეზე დიდი ხნით მაშინ, როცა თქვენი კანი გარუჯვისაკენ არ არის მიდრეკილი და იწვება.
ულტრაიისფერი გამოსხივება კანის დაავადებების რისკის ფაქტორებს, თუ ბავშვს ან ზრდასრულს:
- ღია ფერის კანი აქვს;
- აქვს გენეტიკური მიდრეკილება;
- აქვს მზარდი ხალები;
- აქვს მზისგან დამწვრობა მიღებული.
კეთილთვისებიანი სიმსივნე ავთვისებიანად შეიძლება ნელა, რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, ან შეიძლება მოულოდნელად, ძალიან მოკლე დროში გადაიქცეს. ამიტომაც, რამდენიმე საყურადღებო ნიშანი უნდა გაითვალისწინოთ:
- ყურადღება მიაქციეთ ისეთ ხალებსა და პიგმენტურ ლაქებს, რომლებიც ასიმეტრიული, არარეგულარული ფორმისაა.
- ასევე, ყურადღებით იყავით ისეთ ხალთან, რომელსაც ყავისფერი, წითელი, ნაცრისფერი და ლურჯი, ზოგადად, რამდენიმე სხვადასხვა ფერი აქვს.
- საყურადღებოა ისეთი წარმონაქმნები, რომლებიც რეგულარული ფორმისაა, მაგრამ არათანაბარი ფერის.
- საყურადღებოა მკვეთრად მზარდი ხალები.
- თუ ხალი გტკივათ, გექავებათ, სისხლი მოგდით, ამ შემთხვევაშიც ექიმთან კონსულტაციაა მნიშვნელოვანი.
- თუ რვა ხალი მაინც გაქვთ 6 მმ-ზე მეტი.
- ასევე, საყურადღებოა სხეულზე ინტენსიურად გავრცელებული ხალები, რომლებიც 2 მმ-ზე მეტია.
როგორ შეიძლება მელანომა აღმოაჩინოთ?
მელანომა შეიძლება ფრჩხილის ფერის შეცვლით აღმოაჩინოთ. თუ ფრჩხილი ყავისფერი ან შავი ხდება, დაზიანების გარეშე, მაშინ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ასევე, საყურადღებოა ხელის გულებსა და ტერფებზე გაჩენილი ლაქები. 2 სმ-ზე მეტი თანდაყოლილი ხალი მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გქონდეთ. ოპერაცია ჩვეულებრივ, პუბერტატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კეთდება.