5 ივნისიდან თბილისში საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
- თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს. ივლისში დედაქალაქში 45 ბაღის ნაცვლად 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება. რეგისტრაცია 5 ივნისს, დილის 10 საათიდან დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები. მათ შორის, რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვინც სექტემბერში სკოლაში მიდიან. საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისათვისაც, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისათვის გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. საბავშვო ბაღები გეოგრაფიული პრინციპითაა შერჩეული, რათა თბილისის ყველა უბნისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. პროექტი 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით იქნება დაფინანსებული. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.