ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე საუბრობს იმ პარამეტრის შესახებ, რომელსაც სისხლის საერთო ანალიზის მონაცემებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ:
- დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგიბარებიათ სისხლის საერთო ანალიზი. პასუხების ფურცელში კი იმდენად ბევრი რამ წერია, რომ დაიბენით. რა თქმა უნდა, ყველა ამ პარამეტრს ვიყენებთ იმისათვის, რომ პაციენტზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს. მაგრამ, ერთ-ერთი მათგანი ყველაზე საყურადღებოა. სხვა დროს, როცა სისხლის საერთო ანალიზს ჩააბარებთ ან სახლში ანალიზების ერთი პასუხი მაინც გაქვთ, თუნდაც ძველი იყოს, ამ პარამეტრს კარგად დააკვირდით. აუცილებლად გამოგადგებათ.
როდესაც სისხლის საერთო ანალიზს ჩააბარებთ, ერთ-ერთი პარამეტრია, რომელსაც MCV ჰქვია და ერითროციტების საშუალო მოცულობაა. ეს პარამეტრი ნორმაში 80-დან 100-მდე უნდა იყოს. მაგრამ, როცა ადამიანს სხეულში აკლია რკინა, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12 ან პირიქით, პირობითად, მოწამლულია ტყვიით, პარამეტრი იცვლება.
თუ MCV 80-ზე ნაკლები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რკინის გამოხატული დეფიციტი გქონდეთ. ანუ სხეულს რკინა მკვეთრად აკლდეს. გარდა ამისა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ ტყვიით ხართ მოწამლული. ტყვია გავრცელებული ტოქსინია და როცა ადამიანი იწამლება ხოლმე, პარამეტრი MCV 80-ზე ქვემოთაა. გარდა ამისა, თუ ეს პარამეტრი მთელი ცხოვრება დაქვეითებული გაქვთ, ეს შეიძლება თალასემიით და კიდევ ბევრი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
თუ MCV 100-ზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა B12, ფოლიუმის მჟავა გაკლიათ. ან კიდევ შესაძლოა, ალკოჰოლს იღებთ დიდი რაოდენობით და როცა სხეულში მოხმარებული ალკოჰოლი ძალიან ბევრია, აღნიშნული პარამეტრი 100-ზე მეტია. ასევე, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ პაციენტის ღვიძლი დაზიანებულია.
მარტივად რომ თქვათ, სხვა დროს, როდესაც სისხლის ანალიზს ჩახედავთ, MCV-ს მიაქციეთ ყურადღება. MCV როგორც გითხარით, ერითროციტების საშუალო მოცულობაა. ის 80-დან 100-მდე უნდა იყოს. თუ 80-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რკინის გამოხატული ნაკლებობა გაქვთ. ხოლო თუ ეს პარამეტრი 100-ზე მეტია, პაციენტს ფოლიუმის მჟავა ან ვიტამინი B12 აკლია.