ნეფროლოგი, პროფესორი გიორგი ფარქოსაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასა და თირკმელს შორის:
- თითოეულ თირკმელში მილიონი გორგალია, რომლითაც შარდის წარმოქმნა ხდება. არის ორი ძირითადი სისხლძარღვი, შემავალი და გამომავალი, ეფერენტული და აფერენტული არტერიოლები, საიდანაც ნეფრონში შარდის წარმოქმნა ხდება. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, ძირითად დაზიანებას, ამ გორგალშიდა წნევის ცვლილება, ჰიპერფილტრაცია და მომტან და წამღებ არტერიებს შორის წნევის ცვლილება იწვევს. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარებას იწვევს და დინამიკაში თირკმლის ფუნქციის გაუარესებას განაპირობებს. ამდენად, პირველადი ღონისძიებები, რაც მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში თირკმლის პრევენციას გულისხმობს, ეს გორგალშიდა წნევის და ჰიპერდატვირთვით მომუშავე გორგლის ფუნქციის გახანგრძლივება და შენარჩუნებაა. რადგან, თუ ეს პროცესი ასე ცუდად მართული გაგრძელდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნეფრონი ფუნქციონირებას წყვეტს და შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ მილიონი ნეფრონიდან რაღაც ნაწილი აღარ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში, სისხლი კარგად აღარ იფილტრება და ტოქსინები ორგანიზმში გროვდება. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული გორგალშიდა წნევის ცვლილება, ჰიპერფილტრაციაა. მკურნალობის აზრი არის საბოლოოდ ის, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან თირკმლის ტერმინალური დაზიანება, რომლის შემთხვევაში, უკვე იძულებული ვხდებით, მკურნალობაში თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ჩავსვათ. ამიტომ, ამ პატარა ნეფრონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი მაღალ წნევაზეა.
მაღალწნევიანმა ადამიანებმა თირკმელი არ უნდა დაივიწყონ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, კარდიოლოგის, ნეფროლოგის, ენდოკრინოლოგის ერთად შეჯერებული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საბოლოო ჯამში სისხლძარღვის კედლის დაცვას ყველა ორგანოში და ამ ქრონიკული დაავადებების ფონზე გამოწვეული დაზიანებების დროში გახანგრძლივებას და სავალალო შედეგების თავიდან არიდებას განაპირობებს.