ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ზაფხულში, რომ სიმაღლეში ზრდის პროცესი არ შეფერხდეს:
- ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი გავაჯანსაღოთ, შევიარაღდეთ ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ. ზაფხულში ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ვიტამინებით მდიდარია. ასევე, დღეები გრძელია და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლაც აქტიურია. კარგი ამინდია, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო აქტიურები ვიყოთ. ჯამში, ეს ყველაფერი მეტაბოლიზმის აჩქარებას ხელს უწყობს. თუმცა, სამწუხაროდ, ზაფხულის ამ "საჩუქრებს" არასწორად ვიყენებთ, ვიწყებთ მკაცრ დიეტებს, გვინდა, რომ სწრაფად დავემშვიდობოთ მომატებულ კილოგრამებს და პირიქით, მეტაბოლიზმის პროცესს უფრო ვაუარესებთ და შესაძლოა, მკაცრი დიეტებით ზედმეტი კილოგრამებიც კი დავაგროვოთ.
ზაფხული იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში გვეხმარება. თუმცა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტემპერატურა იმატებს. შესაბამისად, იმატებს ჩვენი სურვილიც, რომ გავგრილდეთ. განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში, მიირთმევენ ტკბილ გაზიან სასმელებს, ნაყინს, რასაც, ალბათ, სრულად ვერ ავკრძალავთ, მაგრამ მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ. ეს არის ის პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმისათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. პირიქით, ხელს უწყობს, რომ ორგანიზმიდან სითხე გამოაძევონ და შესაბამისად, თითქოს, ადამიანი თავს დანაყრებულად გრძნობს და აღარ სურს, ვიტამინებით გაჯერებული ხილი, ბოსტნეული მიირთვას.
ზაფხული სიმაღლეში ზრდისათვის ძალიან კარგი პერიოდია. ძალიან ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ სწორედ ზაფხულში ბავშვმა ტანი აიყარა და სიმაღლეში გაიზარდა. მაგრამ, თუ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს, გაზიან სასმელებს, ნაყინს, შოკოლადს მიირთმევს, ეს არა მხოლოდ წონაში მომატების რისკს გაზრდის, არამედ სიმაღლეში ზრდის პროცესს შეაფერხებს. ჯერ ერთი, ზედმეტი ტკბილის მიღებისას, ადამიანს აღარ უნდება, რომ ხილი და ბოსტნეული მიირთვას. მეორე, ტკბილი ჩვენს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას აფერხებს. თუ ზრდის ჰორმონი იმ რაოდენობით, რაც საჭიროა, არ გამოთავისუფლდება, ბუნებრივია, ბავშვის ძვლები, კუნთები ვეღარ იზრდება იმ სისწრაფით, როგორი ტემპითაც უნდა გაიზარდოს. გამოდის, რომ ბუნებისა და გენეტიკის ამ საჩუქარზე უარს ვამბობთ. ამიტომ, ტკბილეული ზაფხულში რაც შეიძლება მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ხილით და ბოსტნეულით ჩავანაცვლოთ. შეგვიძლია, ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატაროთ. მაგალითად, თუ 28 დღის განმავლობაში დღის განმავლობაში ხილს, ნატურალურ ფრეშს, წვენს მივიღებთ, ჩვენი ორგანიზმის რეცეპტორებიც და აღქმაც გადაეწყობა და სხვა ტკბილეული ნაკლებად მოგვინდება.