ბევრ მშობელს აქვს ეს პრობლემა - როცა ბავშვი სულ რაღაცის ყიდვას ითხოვს, სულ საჩუქარი უნდა, სულ ახალი სათამაშო უნდა. ამ დროს ბევრი მშობელი ცდება და ოღონდ პატარამ არ ინერვიულოს, გამუდმებით უსრულებს სურვილებს. ან კიდევ, თავად მთელი დღე გასულია და ამგვარად ცდილობს გაცდენილი დროის კომპენსირებას.
თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ, ჯერ ერთი, ბავშვის ყველა სურვილის ასრულება არ შეიძლება და მას უნდა ესმოდეს საზღვრებიც და სიტყვა "არაც", გარდა ამისა, როცა ბავშვს სულ ამგვარი სურვილები აქვს, ამის მიღმა შეიძლება რამდენიმე მიზეზი იმალებოდეს.
პირველ რიგში, მორიგი საჩუქრის მიღების სურვილი ხშირად არის ემოციების და ახალი შეგრძნებების დეფიციტის მანიშნებელი. შეიძლება, ბავშვს უბრალოდ სითბო, ყურადღება, მასთან მშობლის უფრო დიდხანს ყოფნა უნდა, და ამას ასე გამოხატავს გაუცნობიერებლად. ან მობეზრდა მუდმივად ერთი და იგივე გარემო და სურს სიახლეები - გაასეირნეთ სადმე სხვა სივრცეში, ახალი სკვერი მოძებნეთ, ახალი ქუჩა...
როცა გვინდა, რომ ვიყოთ კარგი მშობლები, ხანდახან გვგონია, ბავშვს ყველაფერი უნდა შევუსრულოთ და ასე სულ გავახაროთ. რდგან როცა უარს ვეუბნებით, ის იწყენს, ხანდახან - ისტერიკაშიც ვარდება. ეს იმის ბრალია, რომ პატარა არ არის მიჩვეული შეზღუდვებს, საზღვრებს, რაც არ არის სწორი და ამაზე უნდა იმუშაოთ.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ამ საკითხშიც ერთგვარ წესს მიჰყვნენ. მაგალითად, დაყონ საჩუქრები ორ ტიპად. პირველი სადღესასწაულო საჩუქრებია, რომლებსაცც ოჯახის ყველა წევრს ვურიგებთ ხოლმე, დავუშვათ, დაბადების დღეზე, ახალ წელს. ახალი სათამაშოების ან გაჯეტების ყიდვა სხვა შემთხვევებში, უნდა განიხილოთ ერთობლივად, მისი საჭიროების, ბიუჯეტის და სხვა დეტალების გათვალისწინებით. თუმცა რასაკვირველია, მოულოდნელი საჩუქარი (არა ყოველდღე, რა თქმა უნდა), ყოველთვის სასიამოვნო და ემოციურია.
გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ მისი სურვილების გაგება. განიხილეთ მასთან, რატომ სურს მას ეს ნივთი. ეს დაეხმარება ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება და იზრუნოს იმაზე, რაც აქვს.
ყურადღება მიაქციეთ შვილთან გატარებულ დროს. მორიგი ახალი ნივთის ყიდვის ნაცვლად, სცადეთ ერთად თამაში ან კითხვა, გაატარეთ ერთი დღე პარკში ან ერთად შექმენით რამე, ხელნაკეთი ნივთი. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყურადღება არ გაგიფანტოთ ზარებმა ან საყოფაცხოვრებო საქმეებმა, არამედ სრულად დაუთმოთ დრო ბავშვს. უმჯობესია ამის გაკეთება რეგულარულად.
ბავშვების აღზრდის შესანიშნავი წესია: გვაქვს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ვზრდით ბავშვთან გატარებულ დროს, თამაშს და კომუნიკაციას. ეს ქმნის დისციპლინისა და სიყვარულის ბალანსს.