ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ათასობით სტუდენტი აბარებს. თუმცა, ზოგჯერ სტუდენტები პირველადი არჩევანით უკმაყოფილოები არიან ან სურთ, დამატებითი პროფესია შეიძინონ. ამიტომ, ხშირად აინტერესებთ, რამდენადაა შესაძლებელი, ორ უნივერსიტეტში ერთდროულად ისწავლონ.
საქართველოში ორ უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლა აკრძალული არ არის. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობა არის ის, რომ სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში 75 კრედიტზე მეტის დაგროვების შესაძლებლობა არ აქვს. როგორ დარეგულირდება საგნებისა რაოდენობა ისე, რომ წლის ბოლო 75 კრედიტი დაგროვდეს, ეს მთლიანად სტუდენტსა და კონკრეტულ უნივერსიტეტებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა საშუალოდ 60 კრედიტს მოიცავს. სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა არანაკლებ 240 კრედიტისგან შედგება. ანუ, სასწავლებელი რომ დამთავრებულად ჩაგეთვალოთ, 4 წლის ბოლოს 240 კრედიტი უნდა გქონდეთ. დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა კი 360 კრედიტიანია.
თუ თქვენ უკვე სწავლობთ უნივერსიტეტში და კიდევ გინდათ, სხვა უნივერსიტეტში ჩაბარება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და ჩაბარება შეგიძლიათ. თუმცა, წლიურად, მაქსიმუმ 75 კრედიტის დაგროვება შეგიძლიათ. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, უნივერსიტეტი დამთავრებულად რომ ჩაგეთვალოთ, 8 სემესტრის შემდეგ თქვენი კრედიტების რაოდენობა 240-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ უნივერსიტეტებს არჩევითი საგნების პარალელურად, სავალდებულო საგნებიც აქვთ, რომელთა გავლაც აუცილებელია. შესაბამისად, როგორ დაარეგულირებს სტუდენტი ისე, რომ ორივე უნივერსიტეტში სავალდებულო საგნებიც გაიაროს და თან წლის ბოლოს 75 კრედიტზე მეტი არ მოუგროვდეს, მისი და უნივერსიტეტის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება გრანტს, სახელმწიფო ერთ საფეხურზე გრანტს მხოლოდ ერთხელ გასცემს. თუ თქვენ, პირობითად, მიიღეთ 50%-იანი გრანტი, მეორე ჯერზე კი თქვენი მაღალი ქულებით 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა გაქვთ, გრანტს ვეღარ მიიღებთ, რადგან ერთხელ უკვე ისარგებლეთ.
თამარ იაკობაშვილი