ფრანგმა დიჯეიმ და აქტივისტმა ბარბარა ბუჩმა რამდენიმე განცხადება შეიტანა პოლიციაში მას შემდეგ, რაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. როგორც იცით, ბუჩის მონაწილეობით დადგმული სცენა ლეონარდო და ვინჩის "უკანასკნელ ვახშამს" (საიდუმლო სერობა) შეადარეს.
ბარბარა ბუჩმა ინსტაგრამზე თავისი ადვოკატის ოდრი მზელატის განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს, რომ ბუჩი "კიბერბულინგის, დევნის და ცილისწამების უკიდურესად ძალადობრივი კამპანიის სამიზნე" გახდა.
"მას სიცოცხლის მოსპობით, წამებით და გაუპატიურებით დაემუქრნენ. იგი წარადგენს რამდენიმე საჩივარს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების წინააღმდეგ და იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც მომავალში შეეცდება მის დაშინებას“. - ნატქვამია განცხადებაში.
43 წლის ბუჩმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ოლიმპიადის გახსნაში მონაწილეობა და ის, როგორც დიჯეი, ყოველთვის ხელს უწყობს „სიყვარულსა და ინკლუზიურობას“: „ჩემთვის ეს არის ის, რაც გადაარჩენს მსოფლიოს, მაშინაც კი, როდესაც ინგრევა. თუმცა, გავხდი კიდევ ერთი - განსაკუთრებით სასტიკი - კიბერბულინგის სამიზნე. თავიდან გადავწყვიტე არ ამომეღო ხმა, მაგრამ მესიჯები, რომელსაც ვიღებ, უფრო და უფრო საშიში ხდება. არასდროს მრცხვენია იმის გამო, ვინც ვარ და ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას, მათ შორის ჩემს მხატვრულ არჩევანზეც, მთელი ცხოვრება უარს ვამბობდი თავი მსხვერპლად წარმომეჩინა და არ გავჩუმდები მათ გამო, ვინც ეკრანს მიღმა იმალება."
Variety-ის ცნობით, პარიზის პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისმა თანამშრომლებმა საჩივარი დაარეგისტრირეს: „ეს ფაქტები შეიძლება იყოს კვალიფიცირებული, როგორც შეურაცხყოფა, რომელიც გამწვავებულია დისკრიმინაციით, სიკვდილის მუქარით და ადამიანის სიცოცხლის ან ფიზიკური დაზიანების მცდელობის საჯარო მოწოდებით“.
შეგახსენებთ, რომ სიძულვილის ასეთი ტალღა ოლიმპიადის გახსნის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ბევრს არ მოეწონა სცენა, რომელშიც drag queens და LGBT თემის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. ბევრმა ეს სცენები შეურაცხყოფად მიიჩნია იმის გამო, რომ ის ლეონარდო და ვინჩის ნახატის "უკანასკნელი ვახშამის" პაროდიად აღიქვა. თუმცა ოლიმპიადის სამხატვრო ხელმძღვანელმა თომას ჟოლიმ ფრანგულ ტელეარხს BFMTV -ს განუცხადა, რომ ეს. ფრაგმენტი არ იყო შთაგონებული "უკანასკნელი ვახშმით", ის ბერძნული მითოლოგიის ელემენტებს მოიცავდა.
ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ამ სცენის გამო ბოდიში უკვე მოიხადეს. "აშკარად არ იყო ჩვენი განზრახვა რომელიმე რელიგიური ჯგუფის უპატივცემულობა... თუ ადამიანები განაწყენდნენ, ჩვენ ძალიან ვწუხვართ". - განაცხადა სპიკერმა ენ დეკამპმა.