28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში, პრიმორსკის რაიონში, სამი დის იდუმალი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ამბავს მალევე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გარდაცვლილი გოგონები 34 წლის ძმამ, რომელიც სასულიერო პირია, საკუთარ სახლში ნახა. ის გოგონებთან უფროსი შვილის დაბადების დღეზე მისაწვევად მივიდა, თუმცა სახლში შესულს 35 წლის ოლგა, 29 წლის ქსენია და 19 წლის პარასკევა გარდაცვლილები დახვდა.
დები 24 წლის უმცროს ძმასთან ერთად, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ცნობილია, რომ მათ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჭამა შეწყვიტეს და არც გარეთ გადიოდნენ. ამავდროულად, ქალები თავიანთ ოთახში არავის უშვებდნენ და ოჯახის წევრებთან აღარ ურთიერთობდნენ. თუკი ძმა მათ ოთახში შესვლას დააპირებდა, ეჩხუბებოდნენ და აგდებდნენ.
ექიმების წინასწარი დასკვნის მიხედვით, სამი და, დაახლოებით, ორი კვირის წინ გარდაიცვალა. მათ სხეულზე რაიმე ტიპის დაზიანება არ აღენიშნებოდათ.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ უფროსი და, ოლგა, 2021 წლიდან აღარსად მუშაობდა და ამის გამო დეპრესიაში იყო. ქსენია და პარასკევა კი მასთან ერთად იყვნენ. ისინი პენსიონერი დედის ხარჯზე ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვეს. გოგოებმა ჭამაც შეწყვიტეს. ამის გამო, წონაში საგრძნობლად დაიკლეს. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ გოგონებმა ორგანიზმის გაწმენდა გადაწყვიტეს და საკვებზე უარს ამიტომ ამბობდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, გოგონები რელიგიურად ცხოვრობდნენ და თანამედროვე მედიცინას უარყოფდნენ. უმცროსმა დებმა განათლება მიიღეს, მაგრამ არსად მუშაობდნენ და მთელ დროს სახლში ატარებდნენ. უფროსი და, ოლგა, ლაბორანტად მუშაობდა, მაგრამ, როგორც ცნობილია, 2021 წელს ის სამსახურიდან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს. ამის მერე ქალი დეპრესიაში ჩავარდა, ასკეტური ცხოვრება დაიწყო, სახლიდან აღარ გადიოდა და იმავე წესზე უმცროსი დებიც გადაიყვანა. ბოლოს კი, სრულ უკიდურესობამდე მივიდნენ.
გოგონები საკუთარ დედას სახლში არ უშვებდნენ და მაშინაც კი, როცა ქალს მათთან საჭმელი მიჰქონდა, ჩხუბით ხვდებოდნენ.
"ვნახე, რომ ჩემი ქალიშვილები წონაში იკლებდნენ, მაგრამ ოლგას გარდა არავის უსმენდნენ. მათ უმცროსი ძმის გაგონებაც კი არ უნდოდათ. ოთახში არ უშვებდნენ და თუ შესვლას დააპირებდა, უხამს სიტყვებს ეუბნებოდნენ." - ამბობს გარდაცვლილი დების დედა.
მათთან მისულმა უფროსმა ძმამ კი, როდესაც გოგონების ხმა ოთახიდან ვეღარ გაიგო, კარი შეამტვრია და ისინი გარდაცვლილები ნახა. როგორც მამაკაცი ამბობს, ოთახში ალკოჰოლი ან რაიმე არალეგალური ნივთიერება არ ყოფილა. გამოძიების პირველადი ვერსიით, დები შიმშილით დაიხოცნენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით, ოფიციალური ვერსია, თუ რატომ მივიდნენ გოგონები ამ ზომამდე, არ არსებობს.