ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური უკვე მეორე ოლიმპიადაზე გამოვიდა საქართველოს სახელით და უამრავი გულშემატკივარი გაახარა. როგორც ცნობილია, ტოკიოს ოლიმპიადაზე ის 21 წლის იყო და მაშინდელი გამარჯვებით ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. განსაკუთრებულად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რიცხვი, როცა გაიგეს, თუ რა რთული გზა გაიარა წარმატებამდე და ასევე ის, თუ ოლიმპიადაზე მოპოვებული ფულადი ჯილდოთი როგორ დააბრუნა ემიგრაციიდან დედა და ბებია.
ეს კი ამონარიდებია ლაშას მამის, გელა ბექაურის 2021 წლის ინტერვიუდან:
- ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან. ძიუდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.
მხოლოდ ვარჯიშებზე დამყავდა. სკოლაში აქ, სოფელში დადიოდა. დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ლაშას თბილისში ევლო ვარჯიშებზე. თავიდან კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და ჩააბარა კიდეც...
თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი. ფაქტია, ყოველთვის უშიშარი იყო, პირველად გამოცდა მოვუწყვე, აქ ჩატარდა ჩვენთან ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი, მაშინ არც დადიოდა სავარჯიშოდ, შევთავაზე, რომ გასულიყო და დამარცხდა, ამით მოინდოდა დაენახა, რომ ადვილი არ იქნებოდა გამარჯვების მოპოვება და ძალიან ბევრი შრომა დაჭირდებოდა. თუ თვითონ არ წაააქცევდა სხვა წააქცევდა და ასე ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა მებრძოლი ხასიათი".