ე.წ. „დუბაის შოკოლადის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ საქართველოს არ შეხებია. ამ ეგზოტიკური გემოს ტკბილეულზე მთელი მსოფლიო „ნადირობს“. შიკოლადის ფილა, რომელსაც ყველანი „დუბაის შიკოლადის“ სახელით ვიცნობთ, უცნაური შიგთავსის მქონე ხელნაკეთი შოკოლადის ფილაა. მისი გულსართი გაჯერებულია ფსტით, ტაჰინის სიროფით, ჩაით, ვანილის კრემითა და ორცხობილით.
ეს ნუგბარი დუბაიში მდებარე ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზია Fix Dessert Chocolatier-ს ეკუთვნის, რომელიც 2021 წელს 38 წლის სარა ჰამუდამ შექმნა. სარას იმ დროს ფეხმძიმედ იყო და როგორც ორსულობას სჩვევია, უცნაური გემოებისადმი მოთხოვნილებები გაუჩნდა. სწორედ ამ სურვილებმა შთააგონა, რომ ხელნაკეთი დესერტების ბიზნესი დაეწყო, თუმცა ეს უფრო გატაცებას ჰგავდა. მაღაზია შემოსავლის ძირითად წყაროდ არც განუხილავს.
თუმცა საქმემ ისეთი მიმართულება მიიღო, როგორსაც არავინ ელოდა. საკვების ინფლუენსერმა მარია ვეჰერამ ტიკტოკზე გამოაქვეყნა ASMR ვიდეო, როგორ მიირთმევს მწვანე გულსართიან და ფერადლაქებიან შოკოლადს მანქანაში.
ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და დღემდე 56 მილიონი ნახვა დააგროვა. სწორედ აქედან დაიწყო სიგიჟე სახელად „დუბაის შოკოლადი“.
„მართალი გითხრათ, არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, რომ ეს გლობალური მოვლენა გახდებოდა. ხელნაკეთი შოკოლადის წარმოება შეზღუდულია. მაქსიმუმ 500 ცალის წარმოება შეგვიძლია დღეში და ისიც წამებში იყიდება მიტანის სერვისით. ნამდვილი სიგიჟეა. საერთაშორისო მოთხოვნას ჯერჯერობით ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა წარმოება ნელ-ნელა იზრდება და ვეცდებით, ყველას მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და ინგრედიენტები“, - ამბობს ის და დასძენს, რომ შოკოლადის ლაქების საიდუმლო ხელნაკეთი ფორმაა, რომელსაც შოკოლადის ფორმირებისთვის და შიგთავსის შესაფუთად იყენებს.
დუბაის შოკოლადი, რომელიც იყიდება FIX -ის სახელით, 200 გრამიანი ფილაა, თითო 20 დოლარი ღირს და მხოლოდ დუბაიშია ხელმისაწვდომი, ისიც მიტანის სერვისით.
ხოლო ის, რასაც მთელი მსოფლიო მიირთმევს, ამ შოკოლადის ანალოგებია - საყოველთაო დეფიციტმა უამრავ კონდიტერს თუ საწარმოს უბიძგა, თავადაც დაემზადებინათ ფსტის მსგავსი ნუგბარი და მომხმარებელიც არ აკლიათ. მას ვილი ვონკას შოკოლადს ადარებენ და ორიგინალის გასინჯვაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს.