გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი მადონა ჯუღელი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და ქალებს 5 მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ზაფხულში რეპროდუქციული ჯანმრთელობა დაიცვან:
- პირველი რჩევა - დავიძინოთ ადრე, გავიღვიძოთ ადრე. აღმოჩნდა, რომ დარღვეული ძილ-ღვიძილის რეჟიმი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. შედეგად, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ოვულაცია, შესაბამისად, ჩვენი რეპროდუქციული გეგმებიც, რა თქმა უნდა ზარალდება.
მეორე რჩევა - გავითვალისწინოთ კვება. რასაც ვჭამთ, ის ვართ. თუ ჩვენი კვება ბალანსირებულია, ცილოვან-ნახშირწყლოვანი და არ მივიღებთ "ცუდ" პროდუქტებს, როგორებიცაა, მარტივი ნახშირწყლები, ტკბილეული, ცომეული, გაზიანი სასმელები და კვებებს შორის ინტერვალი 3,5-4 საათი იქნება, შესაბამისად, ჯანმრთელობაც და მენსტრუალური ციკლიც მოწესრიგებულია. მენსტრუალური ციკლი ჩვენი მეტაბოლიზმის სარკეს წარმოადგენს.
მესამე რჩევა - ზაფხული ზღვასთან, მზესთან, გართობასთან ასოცირდება. ამ დროს წყალი და მისი ბალანსირებულად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. წყლის რაოდენობა ადეკვატური უნდა იყოს. კვებებს შორის არ ვისუსნაოთ. არამედ, წყალი დავლიოთ. რაც შეეხება გარუჯვას, გარუჯვა კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამეტებული - ანუ არ დავიწვათ.
მეოთხე რჩევა - ფიზიკური აქტივობა. არააქტიური ცხოვრების წესი რეპროდუქციულ რგოლზე უარყოფითად აისახება. მაგრამ, ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. გადამეტებული დატვირთვა, ზედმეტი, დამღლელი, სიმძიმეებით ვარჯიში ქალბატონებისთვის რეკომენდებული არ არის. მათი რეპროდუქციული რგოლი იმდენად სტრესულად აღიქვამს ამ ზედმეტ ვარჯიშებს, რომ არსებობს ასეთი ცნება - ფუნქციონალური ჰიპოთალამური ამენორეა, როდესაც გადამეტებული სტრესული ვარჯიშებით ქალს მენსტრუაცია აღარ აქვს.
მეხუთე რჩევა - ზაფხული ახალი ურთიერთობების, სასიყვარულო რომანების დროა. ახალი ურთიერთობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ინფექციების დიაგნოსტიკა, რომლებიც მარტივად შეიძლება ორივემ ჩაიტაროს, ჩაიტარეთ. არ არის საჭირო, ექიმთან მისვლა. მამაკაცს შეუძლია, შარდის ანალიზი ჩააბაროს, ჩაიტაროს ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, ასევე, ჩააბაროს სისხლის ანალიზი. ქალმაც იგივე გააკეთოს. დავიცვათ ჩვენი თავი, დავიცვათ ჩვენი მომავალი ამ ვერაგი ინფექციებისაგან, მარტივად, პისიარ დიაგნოსტიკით, ექიმთან მისვლის გარეშეც.