ფასების კატასტროფული მატების გამო ოჯახებს თანდათან უჭირთ ბავშვების დასასვენებლად გაყვანა. ძვირდება როგორც ბინების, ასევე კვებისა და გართობის ხარჯებიც. დავინტერესდით, რამდენად მოახერხეს წელს მშობლებმა შვილებთან ერთად დასვენება და რამდენად გაუძვირდათ ეს სიამოვნება.
- „ბაკურიანში და ზღვაზე, იმდენი მეხარჯებოდა, ავდექი და რაც იქ უნდა დამეხარჯა, სოფელს შევავლე ხელი, სამზარეულო და აბაზანა მოვაწყე და ერთი თვე იქ დავისვენეთ. სექტემბრის დასაწყისში ისევ მივდივართ სწავლის დაწყებამდე. აუზიც ჰყოფნით ბავშვებს ეზოში, წყნარად ხარ, შენს თვალწინ თამაშობენ და საერთოდ არ ვნერვიულობ“.
- „პანდემიის შემდეგ ვერც ერთ წელს ვერ მოვახერხე ბავშვების გაყვანა. სოფელი არ მაქვს, კურორტებზე მხოლოდ ბინებიც კი ისე გაძვირდა, სესხი უნდა ავიღო, რომ გავწვდე. მერე ამას სკოლის ხარჯები მოჰყვება, ისედაც ოჯახში ათასი რამისთვის გვჭირდება თანხა და ვერ ვრისკავ, რომ დასვენებისთვისაც სესხი ავიღო“.
- „დასასვენებლად რომ მივდივარ სამი ბავშვით, ისე ვიღლები, მთელი წელი ვერ ვისვენებ.რაჭაში ვიყავით, იმერეთშიც და ზღვაზე ვეღარ, ისე დავიღალე, სახლიდან გასვლა აღარ მინდა“.
- „მშობლების სახლი რომ არა სოფელში, ვერსად გავიყვანდი, ისე გაძვირდა. საკვებშიც უამრავი მეხარჯება.“
- „3 კვირით ბახმაროში ვიყავით იგივე ხარჯით, რაც გასულ წელს 5 დღით ზღვაზე... ოღონდ ხარჯი არ მკითხოთ...“
- „ურეკში ვართ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საზღვარგარეთ კურორტზე უფრო ნაკლები დაგიჯდებათ დასვენება.“
- „ბახმაროში მყავდა. არ ღირს თქმა, რამდენი დავხარჯეთ.ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში დავისვენებდი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.
- „საერთოდ ვერსად წავედით, ვსხედვართ სახლში“
- „ფასები, რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია, მაგრამ რას ვიზამთ, ჰაერის გამოცვლა აუცილებელია“
- „ბაკურიანში ვარ ჯერ 6 დღეა და 1300 ლარი დამეხარჯა უკვე. მით უმეტეს, გარეთ არ ვჭამთ ხშირად.“
- „ბულვარში 2 ბავშვი რომ აკატაო და არ ვატირო, 100 ლარს ვტოვებ.“
- „დაისვენებ, სანამ ემიგრანტი მშობლები და ახლობლები გეხმარებიან. საქართველოს შემოსავლით და ფასებით სახლშიც ვერ დაისვენებ. თუ გაყიდი ბინას ან მანქანას, შეიძლება გეყოს ორ კურორტზე. მერე სკოლა და ბაღი რა ჯდება, ისიც მივათვალოთ.
- „მე ვერსად გავედი ვერც შარშან და ვერც წელს. ვერ გავიგე რას, ვაკეთებთ არასწორად...“
- „ბაკურიანში ვიყავით 2 კვირა.ბოლოჯერ დავდგი ფეხი მანდ. ხარჯი უზარმაზარი, ჩაბეტონებული, ყველგან მშენებლობა ან გადათხრილი გზები, არა ასფალტი.მალე ტყე აღარ დარჩება“
- „ზუსტად გამისამმაგდა ხარჯი, თან იმის გათვალისწინებით, სახლში ქირა არ გადამიხდია. ზღვაზე საერთოდ ვერ წავიყვანე, შარშან 60 ლარს რომ აფასებდნენ ოთახებს, წელს 150ლარს ფეხს არ უცვლიდნენ და 4 ბავშვით ძნელია მთაშიც და ზღვაზეც. წინა წლებში, შარშანდელის ჩათვლით, ორივეგან ვახერხებდი წაყვანას.
- „10 წელია ბავშვები ალბად არსად გამიყვანია თბილისიდან, სამწუხაროდ.“
- „კი, გავიყვანე, სამზარეულოდან მისაღებში, მისაღებიდან საძინებელში და საჭიროებიდან გამომდინარე, აბაზანა საპირფარეშოშიც“
- „ყოველ წელს ბათუმს ვირჩევ დასვენებისთვისაც და დადებითი ენერგიით დამუხტვისთვისაც. წელს აბასთუმანი გადავწყვიტე ექიმის რჩევით და ბათუმზე ძვირი დამიჯდა.“
- „ჩემი სოფელია ჩვენი სურამიც, ბორჯომიც და აბასთუმანიც ყოველ ზაფხულს. ერთი თვეა აქ ვართ, შვებულება მიმთავრდება და არ მინდა წამოსვლა. ჩემი შვილიც ტირის, დარჩენა უნდა.ეზოს ერთ მხარეს წიწვნარი, მეორე მხარეს ფოთლოვანი ტყე, მინდორ-ველი, სიგრილე და სუფთა ჰაერი.ჩავდე ინვესტიცია, აბაზანა და სამზარეულო გავარემონტე და საუკეთესო კურორტი მაქვს“