თავაზიანობა - ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა. იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, მშობლები აქცენტს აკეთებენ კარგ მანერებზე, ცდილობენ ბავშვს ასწავლონ სიტყვები: „გამარჯობა“, „ნახვამდის“ , „ მადლობა“, „თუ შეიძლება“, „გთხოვ“ და ა. შ. რა თქმა უნდა, ბავშვმა უნდა იცოდეს ეს სიტყვები და მათი მნიშვნელობაც, მაგრამ თუ ბავშვს არ გააჩნია შინაგანი მოთხოვნილება, იყოს თავაზიანი სხვა ადამიანების მიმართ, ასეთ შემთხვევაში ეს სიტყვები არაფრისმთქმელია. როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თავაზიანობის შინაგანი მოთხოვნილება? თავაზიანობა უნდა გახდეს ცხოვრების წესი, მაგრამ როგორ?
შექმენით ოჯახში თბილი, მყუდრო, კეთილგანწყობილი ატმოსფერო. ბავშვი ინტუიციით შეითვისებს თავაზიანობასა და პატივისცემას გარშემო მყოფების მიმართ. ძნელი წარმოსადეგია, რომ თავაზიანი, სინდისიერი, გარშემო მყოფთა მოყვარული ადამიანი იზრდებოდეს ოჯახში, სადაც გამუდმებით ჩხუბი, ყვირილი, გინება, სიცრუე და აურზაურია.
გამოიჩინეთ მოთმინება, პატივი ეცით სხვის გრძნობებსა და სურვილებს. იყავით ბავშვისთვის მაგალითი სხვებთან ურთიერთობის დროს. არ აქვს მნიშვნელობა, იქნებით ტრანსპორტში, სტუმრად თუ მაღაზიაში. ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვი ახდენს თქვენი საქციელის კოპირებას, მისთვის მშობელი ხომ ეტალონია. ასწავლეთ ბავშვებს, მოექცნენ სხვას ისე, როგორც მათ თვითონ უნდათ, რომ მოქცნენ.
ყოველი ჩვენგანისთვის კარგადაა ნაცნობი “ჯადოსნური დამხმარეები“ - წიგნები, ჟურნალები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ფილმები და მულტფილმები თავაზიანობასა და ზრდილობაზე.
ბევრ სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება სპეციალური გაკვეთილები, სადაც თამაშის ფორმატში ბავშვები ეცნობიან ეტიკეტის ძირითად ფორმებს და ახდენენ ამის დემონსტრირებას.
დაუშვებელია ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა: “აბა ახლავე მიესალმე“, უთხარი დეიდას „მადლობა“, „ბოდიში“ , განსაკუთრებით უცხო ადამიანების თანდასწრებით. თუ ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად ამ სიტყვების წარმოთქმა, ესე იგი ჯერ არ არის შინაგანად ამისათვის მზად. სჯობს აუხსნათ ბავშვს, თუ რატომ უნდა მოიქცეს ასე.
ასწავლო ბავშვს ზრდილობა, თავაზიანობა - ეს არც ისე ადვილი ამოცანაა მშობლისათვის. ეს პროცესი მოითხოვს უფროსებისგან მოთმინებას, დროს და რაც მთავარია, პირად მაგალითს.