რამენსკის ოლქში 11 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. ბავშვი თანატოლებმა ხის ფარდულში ჩაკეტეს. ფარდულს ცეცხლი გაუჩნდა, 11 წლის ალბერტი კი ცოცხლად დაიწვა. ტრაგედია 2023 წლის მაისში მოხდა. მას შემდეგ ბიჭის დედა, კრისტინა უმბეტიაროვა ცდილობდა, სამართლიანობა აღედგინა და შვილის მკვლელები სათანადოდ დაესაჯა.
ტრაგედიის დღეს 11 წლის ალბერტი მეგობართან ერთად ძიუდოზე მიდიოდა. თუმცა, რაღაც ეტაპზე, მეგობრები ერთმანეთს დაშორდნენ და ის ორი წლით უფროსი ორი ადგილობრივი ბიჭის გარემოცვაში აღმოჩნდა. 13 წლის მოზარდები ასოციალური ქცევით გამოირჩეოდნენ. სკოლაში ყველას აბულინგებდნენ, ფულს ართმევდნენ, სცემდნენ...
უცნობია, ალბერტთან დაკავშირებით რა მოხდა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ მათ ბიჭი ხის ფარდულში შეაგდეს და გარედან კარი ლურსმნებით აუჭედეს. ფარდულს უეცრად, დაუდგენელი მიზეზით, ცეცხლი გაუჩნდა. ბიჭი ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოზარდები გაიქცნენ... როდესაც შენიშნეს, რომ ძლიერი კვამლი იყო, უკან მიბრუნდნენ და ცეცხლის ჩაქრობა ჯერ თავად სცადეს, შემდეგ სახანძრო გამოიძახეს. თუმცა, უშედეგოდ... 11 წლის ალბერტი უკვე გარდაცვლილი იყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძარი შენობაში გაჩნდა და ეს მოზარდებს არ გაუკეთებიათ. მაგრამ, მათ კარი ლურსმნებით აჭედეს, რის გამოც, გახსნა ვეღარ შეძლეს და 11 წლის ბიჭი ცოცხლად დაიწვა. როგორც ჩანს, ხის ფარდულში ბიჭები ხშირად იკრიბებოდნენ და სიგარეტს ჩუმად ეწეოდნენ. ამის გამო, იქ არაერთი ასანთი იყო. კონკრეტულად, რა გზით გაჩნდა ცეცხლი, არავინ იცის, მაგრამ მოზარდებმა თქვეს, რომ როდესაც კარიდან ლურსმანი ვეღარ ამოაძვრეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. მათ რომ მაშინვე ვინმესთვის დახმარება ეთხოვათ, შესაძლოა, ალბერტი ცოცხალი ყოფილიყო...
დანაშაულის ჩადენის დროს ბიჭები 13 წლის იყვნენ. არსებული კანონმდებლობით, სასჯელს მოზარდები 14 წლიდან იხდიან. ფაქტს ალბერტის დედა არ ეთანხმებოდა და თვეების განმავლობაში არაერთ ორგანიზაციას უკავშირდებოდა, შვილის მკვლელები სათანადოდ რომ დაესაჯათ.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ბიჭებს არასრულწლოვანთა სპეციალურ დახურულ სასწავლო დაწესებულებაში გადაიყვანენ და 3 წელს იქ გაატარებენ. იზოლირებული სივრცე კოლონია არ არის. დახურულ ბანაკს ჰგავს, სადაც მოზარდები, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის დანაშაული ჩაიდინეს, ცხოვრობენ, გაკვეთილებს ესწრებიან, მაგრამ ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ. ნათესავებს კი მათი მონახულება მხოლოდ განსაზღვრულ დროს შეუძლიათ.
ალბერტის დედა სოციალურ ქსელში წერს:
"დიდი მადლობა, ყველას, ვინც ამ თვეებში სამართლიანობის მიღწევაში დაგვეხმარა. დიახ, ეს არ არის კოლონია, მაგრამ მათ სასჯელის არიდება მაინც ვერ შეძლეს. მე უბრალოდ ვზივარ და ვტირი..." - წერს ქალი.