ყველა მშობელს აქვს საკუთარი გამოცდილება, მოსაზრება ბაღის უარყოფით და დადებით მხარეებზე. ზოგადად, ბაღის მთავარ უარყოფით მხარედ ბავშვის ხშირ ავადობას მიიჩნევენ, კოლექტივში, სადაც ბევრი ბავშვია, ერთად თამაშობენ, ერთად ჭამენ, ადვილია ვირუსების გავრცელებაც. დაავადებების უმრავლესობა - მწვავე ინფექციები, უფრო ხშირად კი რესპირატორული, დაკავშირებულია ბავშვების მჭიდრო კონტაქტთან, რაც მეტია ჯგუფში ბავშვი, მით მეტია დაავადების რისკი.
"სახლის" ბავშვი, რა თქმა უნდა, დაცულია ხშირი ავადობისგან. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთელი რიგი ინფექციური დაავადებები (ყბაყურა, ჩუტყვავილა და სხვა) პატარა ასაკში ადვილად გადასატანია, მოზრდილებში კი მეტ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, ყოველი გადატანილი ვირუსული დაავადების შემდეგ გამომუშავდება ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რომლის დროსაც იზრდება პერიოდი მორიგი დაავადების განვითარებისა. არც ისაა გამორიცხული, რომ "სახლის ბავშვს" მშობელმა მოუტანოს ესა თუ ის ვირუსი. თუმცა მთავარი არა ვირუსული ინფექციების სიხშირეა, არამედ როგორ მიმდინარეობს ის. თუ გრიპს მუდმივად თან ახლავს გართულებები (მაგალითად ბრონქიტი, პნევმონია), მაშინ ბაღი არ არის მთავარი პრობლემა. აქ მთავარია ბავშვის იმუნიტეტი, საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა.
აუცილებელი წესები
ბავშვის მომზადება ბაღისთვის იწყება ადეკვატური აღზრდით. აუცილებელია ჩაუტაროთ პროფილაქტიკური აცრები. როგორი შესანიშნავიც არ უნდა იყოს საბავშვო დაწესებულება, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს ბავშვი, პირველ ხანებში იგი ხშირად იავადმყოფებს და სასურველია, რომ როდესაც ბავშვს ბაღში წაიყვანთ, ვიღაც იყოს ხოლმე სახლში, რათა გქონდეთ საშუალება, პირველივე სიმპტომების შენიშვნისას (ხველა, ცხვირიდან გამონადენი), დატოვოთ პატარა სახლში, რათა პროგრესირება არ განიცადოს დაავადებამ და სხვა ბავშვების დაავადების რისკიც არ გაიზარდოს.
ასევე უნდა იცოდეს მასწავლებელმა ბავშვის გარკვეული სისუსტეები - ზოგიერთს ბუნებრივი მოთხოვნილებების შეხსენება სჭირდება, სხვას - უჭირს ერთდროულად ორი სხვადასხვა კერძის მირთმევა და მასწავლებელს უნდა უთხრას მშობელმა, რომ არ დააძალოს და ორიდან ერთ კერძს მაინც თუ შეჭამს პატარა, ამით დაკმაყოფილდეს.
აუცილებელია, ბავშვი ბაღშიც იბანდეს ხელს, სახლში მოსულიც - აუცილებლად. ეს ვირუსებისგან დამცავი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სასურველია, ბავშვს ბაღში ჰქონდეს თავისი ბოთლი ან ჭიქა და იქიდან სვამდეს წყალს.
თუ ბავშვი ბაღს ვერ ეგუება
ასევე უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც ბაღს ვერაფრით ეგუებიან, უბრალოდ, ბაღის სისტემა არ არის მათთვის მისაღები. ყველა ხომ არ არის ერთნაირი? ზოგს კოლექტიურად ჭამისა და დაძინების პროცესი ნამდვილ სტრესს უჩენს. ავადობაც უფრო ხშირი მაშინაა, როცა ბავშვს ბაღი არ მოსწონს, მის წინააღმდეგ არის შინაგანად განწყობილი, იქ თავს ცუდად გრძნობს და ეს შინაგანი განწყობაც უწყობს ხელს მის ადვილად დაავადებას.
თუ ბავშვი ერთი თვის, ორი და სამი თვის შემდეგაც ვერ მიეჩვევა ბაღს, თუ ბაღის ხსენებაც არ უნდა, ეწყება სხვადასხვა ტიკი - ფრჩხილების კვნეტა, ღამის შიშები და სხვა, რაც ბაღში სიარულის დაწყებას ახლავს თან, დაფიქრდით, იქნებ არ არის ბაღი მისი საქმე. ასე შემთხვევაში მშობლები ამგვარ გამოსავალს მიმართავენ ხოლმე: ბავშვი ან სხვა, კერძო ბაღში გადაჰყავთ, სადაც უფრო ცოტა ბავშვია, პატარებს მეტად ართობენ და შემეცნებითი საქმიანობით ხიბლავენ, ან კიდევ რაიმე წრეზე ან სტუდიაში შეჰყავთ, მისი ნიჭისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომ თანატოლებთან ურთიერთობაც ისწავლოს, გაერთოს, განვითარდეს და თან ყოველდღიური რუტინისგანაც დაცული იყოს.