კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თამარ კუპრეიშვილი და ექიმი ნევროლოგი ანა ჩიქობავა გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" საუბრობენ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი და რა კავშირშია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები ნევროლოგიურ დაავადებებთან:
ანა ჩიქობავა: - ნერვული სისტემა, თავისთავად, ასეთი იოლი შესაჯანჯღარებელი არ არის. ის თავადაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი და ყველაფრის მმართველი ორგანოა. ის რომ შეჯანჯღარდეს, ერთი კი არა, რამდენიმე ფაქტორი სჭირდება. თუმცა, ძირითადად სამი ფაქტორია, რომლებსაც ნევროლოგები ვეძებთ: ფსიქოემოციური სტრესი, ენდოკრინული დარღვევა და იმუნური დარღვევა. შეიძლება, გამომწვევი სამივე ერთად იყოს, შეიძლება ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ, პრობლემა რომლითაც არ უნდა იწყებოდეს, იქნება ეს მეტაბოლური სტრესი, იმუნური სტრესი თუ ფსიქოემოციური სტრესი, ადრე თუ გვიან, გარკვეულ ზღვარს რომ გადავა, ნერვულ სისტემას შეაჯანჯღარებს და ის რეგულაციიდან გამოდის. იქ უკვე დაავადება იწყება. ადრე ამ დაავადებას მასკირებულ დეპრესიას ეძახდნენ, ამიტომაც მისი ამოცნობა ძალიან ძნელია, რომ პირდაპირ ნევროლოგთან მივიდეთ. ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი მარეგულირებელი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებია. ყოველი სტრესის, თუნდაც მცირედი სტრესის დროსაც, თავის ტვინი ძალიან ბევრი ნივთიერების გამოყოფას იწყებს. მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონისაც. ამიტომ, ის მეორადად პერიფერიაზე გარკვეულ დისფუნქციას იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გარდა, მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონიცაა, რომელიც აუტოიმუნური და არა მხოლოდ აუტოიმუნური, სხვა პროცესების გახანგრძლივებაში მონაწილეობს. როდესაც ეს პერიფერიაზე იცვლება, მარტო ნერვული სისტემის დარეგულირება ამ ცვლილებებს ვეღარ აღმოფხვრის. ამიტომაცაა, თუ პაციენტი ჩემთან მოდის და მეუბნება, რომ მას გუნება-განწყობის ცვლილებები აქვს, აღენიშნება გულისცემის აჩქარება, აქვს ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, კანკალი - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვფიქრობ, ჰორმონალური და იმუნური დარღვევები გამოვრიცხო. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვიზღვევ თავს და პაციენტს ენდოკრინოლოგთან ვაგზავნი .
თამარ კუპრეიშვილი: - ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები, მათ შორის, ფსიქოემოციური სიმპტომები, ორი მდგომარეობითაა განპირობებული. ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, ჰიპერთირეოზი. ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოთირეოზი. ჰიპერთირეოზის დროს პაციენტი ადვილად აგზნებულია, გაღიზიანებულია, აგრესიულობამდეც მიდის, ძნელია მოდუნება, ცუდად სძინავს, აქვს გულისცემის გახშირება, ბევრს ოფლიანობს. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ასეთი პაციენტი, რომელსაც არ უმკურნალია, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მოხვედრილა, იმდენად მწვავედაა სიმპტომები გამოხატული. რაც შეეხება ჰიპოთირეოზს, ამ დროს პაციენტი უფრო მეტად დეპრესიული, აპათიურია. ყველაფრის მიმართ ინტერესი აქვთ დაკარგული. მეხსიერების, კონცენტრირების უნარის დაქვეითებაა დამახასიათებელია. აზროვნების პროცესები შენელებულია. ჰიპოთირეოზთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ძალიან ნელა ვითარდება... ისე, რომ პაციენტი ცვლილებებთან თანდათან ადაპტირდება და პრობლემა შეუმჩნეველი ხდება, დიაგნოზის დასმა კი საკმაოდ გვიან ხდება.
ასევე, აღსანიშნავია მშობიარობის შემდგომი პერიოდიც. არსებობს ფარისებრი ჯირკვლის განსაკუთრებული ანთება, რომელიც მხოლოდ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვითარდება და მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტი ჰქვია. ამ მდგომარეობისათვის ფარისებრი ჯირკვლის ხანმოკლე გაძლიერება, შემდგომ კი ფუნქციის დაქვეითებაა დამახასიათებელი. მშობიარობის შემდგომ პერიოდში დეპრესიები ხშირად გვაქვს. ამიტომ, როდესაც ასეთი სიმპტომები გვაქვს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია უნდა შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ.
ანა ჩიქობავა: - ფარისებრ ჯირკვალთან ძალიან ბევრი ჩივილია დაკავშირებული. ასაკოვან პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ხშირია. გარკვეული ნევროლოგიური დაავადებების შემდეგ ჰიპოფიზის დაზიანების სურათიც არსებობს, როდესაც, პირიქით, სტიმულირება ცენტრალურად აღარ ხდება და დეპრესიას ისიც იწვევს. ასეთ შემთხვევაში, დეპრესია და დემენცია შეიძლება, ერთმანეთში აგვერიოს კიდევაც. გუნება-განწყობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ნეირონსა და მის გვერდით მდებარე უჯრედებს შორის კომუნიკაციას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები დირიჟორობენ. ახალდაბადებულებში სკრინინგი რუტინულად ტარდება. თუ ფარისებრი ჯირკვლის რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე, შესაძლოა, მან საკმაოდ მძიმე ფორმის გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიწვიოს. ამავდროულად, თუ ბავშვი ინფორმაციას ვერ ითვისებს, აქვს შესწავლის, მეტყველების პრობლემა, უჭირს კომუნიკაცია - უხშირესად ამბობენ, რომ ასეთ დროს აუტიზმთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ჯობს ენდოკრინოლოგთან გავიაროთ კონსულტაცია.
თამარ კუპრეიშვილი: - ხანგრძლივი სტრესის პირობებში ორგანიზმში ქრონიკული ანთება ვითარდება. ანთება იმუნური სისტემის სტიმულაციას იწყებს. იმუნური სისტემის უჯრედები აუტო ანტისხეულების გამომუშავებას იწყებენ, რომლებიც საკუთარი ქსოვილის წინააღმდეგაა მიმართული. ამ შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის წინააღმდეგ და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებები ვითარდება. ამიტომ, სტრესი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარების ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება.
ანა ჩიქობავა: - ძალიან ხშირად სინკოპეების გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია იყოს. შეიძლება, რითმის ისეთი დარღვევა წავიდეს, რომ სისხლის მიწოდება დაირღვეს. ასევე, მოძრაობის დარღვევებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ტრემორი ჰიპერთირეოზის ერთ-ერთი დამახასიათებელია. ფარისებრი ჯირკვლის შორსწასული დარღვევები ქსოვილებში შეშუპებით პროცესებს იწვევს. არის შემთხვევები, როდესაც თვალის კაკალი წინ მოდის. შორსწასულ შემთხვევებში, ენის შეშუპება ან ენის ზომაში გაზრდაც ხდება. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს მეტყველებაც უჭირს. ამიტომ, ძალიან ბევრ ნევროლოგიურ დაავადებასთან იკვეთება.
თამარ კუპრეიშვილი: - როდესაც პაციენტი ენდოკრინოლოგს პირველად მიმართავს, ცოტა რთულია გარკვევა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებითაა გამოწვეული თუ პირველადად ნერვული სისტემის დაავადებასთან გვაქვს საქმე. თუ მკურნალობიდან 6-8 კვირის შემდეგ, როცა პაციენტი სიმპტომები უმჯობესდება, სისხლში ჰორმონების დონე ნორმალიზდება და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები რჩება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ნევროლოგი უნდა ჩავრთოთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ მაშინაც, როცა პაციენტი ნევროლოგს მიმართავს, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ნერვული სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული სიმპტომები ჰიპოთირეოზის არსებობის შემთხვევაში მძიმდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, წელიწადში ერთხელ მაინც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გავაკონტროლოთ.