ბევრი მიზეზი არსებობს, რომ ბავშვმა სკოლაში ან ბაღში ყოფნის დროს შარდი შეიკავოს. ზოგს ერიდება მასწავლებლისთვის თხოვნა, ზოგს რცხვენია, ზოგსაც ეშინია, უმეტეს შემთხვევაში კი საპირფარეშოებია მოუწესრიგებელი და ბავშვი ცდილობს იქ შესვლა აიცილოს თავიდან. შეიძლება მასწავლებელმაც არ გაუშვას ყოველთვის გაკვეთილიდან. ამ და მსგავსი არახელსაყრელი გარემოებების გამო ზოგ ბავშვს ჩვევაში გადასდის შარდვის მოთმენა, რასაც მშობელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება და მასწავლებელიც დააკვირდეს. პედაგოგი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლის ჯანმრთელობაზეც პასუხისმგებელია, შესაბამისად, დაუშვებელია უარი უთხრას ბავშს საპირფარეშოში გასვლაზე.
რა შეიძლება გამოიწვიოს მოშარდვის ხანგრძლივად მოთმენამ და შარდის შეკავებამ? - აი, რას გვპასიხობენ უროლოგები:
ხანგრძლივმა მოთმინებამ შეიძლება საშარდე სისტემის სხვადასხვა დაავადება და დარღვევა გამოიწვიოს. რისკის ქვეშ დგება არა მხოლოდ შარდის ბუშტის, არამედ თირკმელების ჯანმრთელობაც. შედეგად შეიძლება ვეზიკოურეთრული რეფლუქსი განვითარდეს - ეს შარდის ბუშტიდან შარდის თირკმელებში დაბრუნებას ნიშნავს, რის შედეგადაც ანთებითი ინფექციური პროცესები ვითარდება. მაგალითად, პიელონეფრიტი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს თირკმელების მუშაობაზე. .
შარდვის ხანგრძლივი შეკავების შედეგად შარდის ბუშტის კედლები ზედმეტად იჭიმება და სფინქტერი, რომელიც შარდს იკავებს, უფრო იძაბება და როდესაც ამ ფონზე შარდვა იწყება, პროცესი ირღვევა და ორგანიზმში ნარჩენი შარდი რჩება. ეს ხელსაყრელი ფაქტორია ისეთი ინფექციური პროცესების განვითარებისთვის, როგორიცაა ცისტიტი. და თუ ამას ვეზიკოურეთრული რეფლუქსიც თან ახლავს, მაშინ შარდის ბუშტიდან ინფექცია თირკმელამდე მიაღწევს.
სფინქტერის დიდი ხნის განმავლობაში დაძაბულ მდგომარეობაში დაჭერამ და შარდის ბუშტის დაძაბვამ შეიძლება ამ ორ კუნთს შორის კოორდინაცია მოშალოს და შემდგომში პრობლემური შარდვა ან ორეტაპიანი შარდვა გამოიწვიოს, რასაც თან ახლავს ტკივილი და ნარჩენი შარდი.
ასევე, შარდის ბუშტის გადაჭიმვამ შეიძლება ბუშტის ლორწოვანი გარსის დამცავი თვისებები დაარღვიოს და ლოკალური ანთებითი პროცესები განვითარდეს თავად ლორწოვან გარსში.
ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რეჟიმის დაცვაც, რათა ბავშვებმა საკმარისი წყალი დალიონ და შარდვის რეჟიმი ჩამოუყალიბდეთ.