მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" დის მძიმე დიაგნოზისა და მისი გარდაცვალების შემდეგ, დისშვილის დედობის შესახებ საუბრობს:
- 90-იან წლებში ჩემს დას მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. თავიდან მე გავიგე. მერე იძულებული ვიყავი, დედასთვის მეთქვა. თავად არ იცოდა. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მაშინ ცოტა სხვა მკურნალობა იყო. ქიმიოთერაპია იყო სულ სხვანაირი. ჩემი და ქიმიამ მოკლა. რომ გაუკეთეს, ცუდად გახდა... 9 წლის შვილი დარჩა, რომელიც მე გავზარდე. ახლა უკვე დიდი ბიჭია. ორი შვილიშვილი მყავს. ვიდრე ჩემი და გარდაიცვლებოდა, ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. სიზმრები სულ მიცხადდება და ძალიან მეშინია. სიზმარში ცეკვა, სიმღერა, ყურძნის ჭამა ცუდად მაქვს დაცდილი ... სხვათა შორის, ნიაზ დიასამიძის დედას ძალიან კარგი სიზმრების წიგნი ჰქონდა და ვნახულობდი. მამაჩემის გარდაცვალებამდე ვნახე, რომ სიზმარში ჭერი ჩამოგვენგრა. მამა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემი დაც ამავე ასაკში...
სანამ ჩემი და გარდაიცვლებოდა, აფხაზეთიდან დევნილი უპატრონოდ დარჩენილი ბავშვის აყვანა მინდოდა. მივედით კიდევაც. ბევრი შემთხვევა იყო. ტელევიზორშიც აცხადებდნენ იმ ბავშვებზე, რომლებიც უპატრონოდ დარჩნენ. რომ ვუთხარი, რომ ბავშვი ჩემთვის მინდოდა, გაუკვირდათ. საბედნიეროდ, იმ ბავშვებს პატრონები გამოუჩნდათ. მალევე ჩემი დის ამბავიც მოხდა და ჩემი დისშვილისთვის დედა გავხდი. რთული იყო, მაგრამ მამამისიც მეხმარებოდა, დედაჩემი ცოცხალი იყო და რასაკვირველია, ისიც მეხმარებოდა. ერთად აღვზარდეთ და კარგი ბიჭი გამოვიდა.