ბოლო პერიოდში მშობლები აღნიშნავენ, რომ გრიპი და სხვა სეზონური ინფექციები განსაკუთრებით გააქტიურებულია. ბავშვებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და სხვადასხვა საყურადღებო სიმპტომი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ახლა, რა ნიშნებით ვლინდება და რა შემთხვევაში უნდა გამოიჩინონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ყოველდღიურად 40-45 პაციენტი აკითხავს. ამბულატორიაში მომართვიანობა ბევრად მეტია. ძირითადად, კლინიკური ნიშნები, რის გამოც, პაციენტები კლინიკას აკითხავენ, კატარული, რესპირატორული მოვლენებია. ბავშვებს ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგიერთ შემთხვევაში, უმართავი ტემპერატურა აღენიშნებათ. იმის მიხედვით, თუ რა ასაკისაა ბავშვი, ზოგჯერ ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. კოვიდ 19-ის შემთხვევებიც პროცენტულად დაბალია - დაახლოებით, საერთო ავადობის 4%-ს შეადგენს. გავრცელებულია რინოვირუსი. ის საერთო ავადობის დაახლოებით 24%-ს შეადგენს. რინოვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. პაციენტს შესაძლოა, 3 დღის განმავლობაში სუბფებრილური ტემპერატურა ჰქონდეს და შემდგომ უკვე გამოჯანმრთელდეს. გავრცელებულია კორონავირუსის ჯგუფის სხვა ტიპის ვირუსები, რომლებიც მაღალი ცხელებითა და რესპირატორული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს. გვაქვს პარაგრიპისა და ე.წ. ვირუსული კრუპის შემთხვევები. ეს დაავადება ძირითადად 6 წლამდე ასაკში გვხვდება, მაგრამ 2 წლამდე ასაკში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ამავდროულად, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით გამოწვეული ბრონქიოლიტები. გარდა ვირუსებისა, გავრცელებულია ყივანახველის შემთხვევები. განსაკუთრებით ჩვილებში, რომლებიც ჯერ აცრილები არ არიან, აცრა 2 თვის ასაკიდან იწყება, ასეთ ბავშვებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობა ამ ასაკობრივ ჯგუფში ყივანახველით მაღალია. ამიტომ, ისინი რისკის ჯგუფში შედიან. ოჯახს წევრები, ვინც ყივანახველაზე არ არიან აცრილნი, გაიკეთონ ვაქცინა ან ასეთ პატარა ბავშვებთან სტუმრიანობასა და უცხო ადამიანების კონტაქტს მოერიდნონ. ყივანახველით ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვენთან 2 ბავშვი წევს.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჯერჯერობით, გავრცელებული არ არის. თუმცა, ვაქცინა ხელმისაწვდომია. ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 65 წლის ზემოთ ადამიანებისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა. ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან ტარდება. ვისაც ოჯახში უფრო პატარა ბავშვები ჰყავს, სასურველია, ოჯახის ყველა წევრი აიცრას, რომ ბავშვები დავიცვათ.
ჩვილების შემთხვევაში, პირველივე დღეს, როდესაც ცხელებაა გამოხატული, ექიმს უნდა მივმართოთ. თუ ბავშვი 3-დან 5 წლამდეა, შეიძლება, პირველ დღეს კლინიკურ ნიშნებს დავაკვირდეთ და მისი ავადობა საგანგაშო არ იყოს. თუმცა, თუ ცხელება 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, ექიმთან კონსულტაციის გავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, 2-3 კვირის შემდეგ გრიპის ვირუსი გააქტიურდება. ვხედავთ, ამინდი შეიცვალა. პრაქტიკულად, ზამთრის ტემპერატურა გვაქვს. ამიტომაც, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება მნიშვნელოვანია. თუ ტემპერატურა უმართავია, რომელ ასაკობრივ ჯგუფზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.
თამარ იაკობაშვილი