1997 წლის აპრილი სინტია ჰააგისათვის ყველაზე ტრაგიკული თარიღი აღმოჩნდა...
ქალი მერილენდის შტატში, ქალაქ ბალტიმორში საკმაოდ ბევრი წელი, ოთხ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. იძულებული იყო, დროის უმეტესი ნაწილი სამსახურში გაეტარებინა და ბევრი ემუშავა, რომ ბავშვებისათვის არაფერი მოეკლო. წლები გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ. 1990-იანი წლების ბოლოს სინტიას სამმა შვილმა მშობლიური ბუდე დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. ქალთან მხოლოდ უმცროსი გოგონა - კრისტალი დარჩა. მან იცოდა, რომ დედა ძალიან ბევრს შრომობდა, ამიტომაც ცდილობდა, მისთვის ზედმეტი პრობლემები და თავსატეხი არ შეექმნა. კარგად სწავლობდა, არც სახლის საქმეები ავიწყდებოდა და მეგობრებისთვისაც რჩებოდა დრო.
1997 წლის 26 აპრილს 14 წლის კრისტალი სახლში კვლავ მარტო დარჩა. შაბათობით სკოლა არ ჰქონდა, სინტია კი სამსახურში წავიდა. გოგონა დედას ოთახების დალაგებასა და მისვლამდე გემრიელი ვახშმის მომზადებას დაჰპირდა. მაშინ ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის დღე მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა...
სინტია პატარა სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. მაღაზია სახლთან ახლოს მდებარეობდა. მორიგეობები ყოველთვის გარკვეულ საათებში იწყებოდა და სრულდებოდა და ამიტომ ქალი სახლში მისვლას თითქმის არასდროს აგვიანებდა. იმ დღესაც, როდესაც სახლში დაბრუნდა და ზარი დარეკა, ჩვეულებრივ, უცდიდა, რომ ქალიშვილი გააღებდა, თუმცა გოგონა სახლში არ დახვდა. სახლი არც მოწესრიგებული იყო და არც გემრიელი ვახშამი ელოდა... თავდაპირველად, ქალმა იფიქრა, რომ კრისტალი სასეირნოდ იქნებოდა გასული. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ რომ აღარ გამოჩნდა, სერიოზულად შეშფოთდა და ყველა ნათესავთან და ახლობელთან რეკვა დაიწყო.
კრისტალის მეგობრებმა თქვეს, რომ მთელი დღე ერთად გაატარეს და სინტიას დაბრუნებამდე 1 საათით ადრე დაიშალნენ. მოზარდებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად წავიდა გოგონა მას შემდეგ, რაც ერთმანეთთან დამშვიდობება გადაწყვიტეს.
როდესაც სინტიამ გააცნობიერა, რომ მისი ქალიშვილი დაიკარგა, მაშინვე პოლიციაში დარეკა. პოლიციამ დააგვიანა. ოფიცრებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ კრისტალი უბრალოდ სადღაც გავიდა და მალე დაბრუნდებოდა. თუმცა, მისი კვალი ვეღარსად იპოვეს...
სინტია პოლიციას არ ენდობოდა და სამსახურის შემდეგ ქუჩებში დადიოდა, შვილს სასოწარკვეთილი ეძებდა და სჯეროდა, რომ გოგონა ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა. ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა, 2010 წელს კი კრისტალ ჰააგის საქმე დაიხურა...
ქალიშვილის გაუჩინარების შემდეგ სინტია ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მას სჯეროდა, რომ მისი შვილი სადღაც მასთან ახლოს იყო, ამიტომ ქუჩაში ეძებდა. დღესასწაულებს აღარ აღნიშნავდა და ქალიშვილის დაბრუნებისთვის ყოველდღე ლოცულობდა.
კრისტალის და-ძმები, მასწავლებლები, ახლობლები მომხდარით შოკირებულები იყვნენ. ყველა ამბობდა, რომ გოგონა კარგად სწავლობდა, ბევრი მეგობარი ჰყავდა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სინტია მისი ქალიშვილის მკვლელობისა და გატაცების ვერსიებს არ ენდობოდა და ამბობდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო და მალე იპოვიდა...
კრისტალის გაუჩინარებიდან 21 წლის შემდეგ ნამდვილად არავის ეგონა, რომ მას ცოცხალს იპოვიდნენ. საქმე 2010 წელს დაიხურა, ნაცნობებმა და ახლობლებმა კი ეს საშინელი ამბავი ნელ-ნელა დაივიწყეს... მხოლოდ ოჯახის წევრები არ კარგავდნენ იმედს... 2018 წელს კი საოცარი რამ მოხდა...
კრისტალის უფროსმა დამ, ბიანკამ, სოციალურ ქსელში უცნაური შეტყობინება მიიღო. მას ერთი ქალი სწერდა და ეუბნებოდა, რომ მისი დაა. ქალი აღნიშნავდა, რომ ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ბიანკას შეხვედრას სთხოვდა. თავდაპირველად ბიანკას არ სჯეროდა. შედეგ ქალის პროფილის ბმული დედას გაუგზავნა. სინტია მაშინვე მიხვდა, რომ ის მისი ქალიშვილი, კრისტალი იყო.
როდესაც დები ერთმანეთს შეხვდნენ, ბიანკა შოკირებული დარჩა. მის წინ სრულიად განსხვავებული გოგონა იდგა, მუქი მოკლე თმით და უცნაური აქცენტით. ბიანკა დაიბნა იმის გამოც, რომ ქალი საბუთების მიხედვით, რეალურ ასაკზე 9 წლით უფროსი იყო. ასევე, კრისტალს განსხვავებული გვარი - სანდერსი ეწერა...
კრისტალი დეტალების გამჟღავნებას არ ჩქარობდა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ უფროსმა შვილმა დაარწმუნა, ნამდვილი ოჯახი მოეძებნა. იმ დროისთვის ქალი 4 შვილს ზრდიდა და ამბობდა, რომ დედასა და და-ძმებს არასოდეს ივიწყებდა. ბიანკამ კრისტალი დაარწმუნა, რომ სახლში, დედასთან გაფრენილიყვნენ...
21 წლის შემდეგ სინტია საკუთარ ქალიშვილს შეხვდა. თავდაპირველად გაუჩინარების მიზეზებზე არავის არაფერი უთქვამს. თუმცა, შემდეგ სიმართლე გაირკვა...
36 წლის ქალმა თქვა, რომ 1997 წელს სახლიდან მეზობლის სექსუალური ძალადობის გამო გაიქცა. კრისტალი ამბობდა, რომ მას მეზობელი 5 წლის განმავლობაში რეგულარულად აუპატიურებდა. და ისიც თქვა, რომ დარწმუნებული იყო, დედამ ამის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი გაქცევა იყო...
26 აპრილს, როდესაც გოგონა მეგობრებს დაშორდა, ნიუ-იორკის მიმართულებით წავიდა. მთელი ფული ბილეთში დახარჯა. არც საკვები ჰქონდა, არც ტანსაცმელი. ამიტომ, ქუჩაში მათხოვრობდა...ერთხელ გოგონა დომინიკის რესპუბლიკიდან ემიგრანტს შეხვდა. კრისტალმა მას უთხრა, რომ ყველა ნათესავი გარდაეცვალა და საბუთებიც დაკარგა. მას ქალაქში არალეგალურად მცხოვრები ლათინოამერიკელები დაეხმარნენ, რომ დოკუმენტაცია თავიდან შეედგინა. გვარიც გადაიკეთა და საბუთებში ასაკიც გააყალბა, რომ ვერავის მიეგნო.
ბინების დასუფთავება დაიწყო და საკუთარი შემოსავალიც გაუჩნდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ერთ დღეს ნარკოტიკების გასაღებისთვის დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ მან, ფაქტობრივად, ცხოვრება ისევ ნულიდან დაიწყო. შეხვდა მომავალ მეუღლეს და მასთან 4 შვილი გააჩინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კრისტალი ქმარს დაშორდა, ამიტომაც 4 შვილის აღზრდაში ის ადამიანები დაეხმარნენ, რომლებიც ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე გვერდით დაუდგნენ.
კრისტალმა თქვა, რომ საკუთარ ოჯახს სოციალური ქსელის მეშვეობით სულ თვალს ადევნებდა, მაგრამ გამოჩენას ვერ ბედავდა, რადგან დანაშაულის შეგრძნება აწუხებდა. თუმცა, მისი უფროსი შვილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას ნათესავები ეპოვა.
ამის შემდეგ ის 4 შვილით ბალტიმორში დაბრუნდა და კიბოს ცენტრში მოხალისედ დაიწყო მუშაობა.
21-წლიანი განშორების შემდეგ, დედა-შვილს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. სინტია ვერ აცნობიერებს, რომ მისი შვილი უკვე ზრდასრული ქალია და გამუდმებით შენიშვნებს აძლევს, კრისტალი კი დედას უმოქმედობაში ადანაშაულებს და კვლავ ამბობს, რომ მან ძალადობის შესახებ იცოდა, მაგრამ არაფერს აკეთებდა... მიუხედავად ამისა, ის არ მალავს, რომ სწორედ ოჯახის სიყვარულმა აიძულა, სირცხვილი დაეძლია და ამდენწლიანი გაუჩინარების შემდეგ, სახლში დაბრუნებულიყო.