დიდი ხნის განმავლობაში მატყუარას ხმარებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს თანკბილვის ფორმირებაზე ხშირად მშობელი გაკვირვებულია, როცა იგებს, რომ მის 1 წლის ბავშვს კარიესი აქვს. ასეთ პატარებს ხშირად აქვთ პირის ღრუს დაავადებებიც: ინფექციები, შეცვლილი კბილის ფერი, ასევე პრობლემები მეტყველებასთან და კვებასთან დაკავშირებით.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გათვალისწინებით გაეცანით ბავშვთა სტომატოლოგების რეკომენდაციებს ადრეული ასაკის ბავშვებში.
დაბადებიდან 2 წლამდე
სანამ კბილები არ ამოჭრილა, ბანაობის დროს რბილი ნაჭრით ან რბილი კბილის ჯაგრისით გაუწმინდეთ პატარას პირის ღრუ. ეს პროცედურა დაეხმარება ბავშვს, მომავალში რეგულარულად გაიწმინდოს კბილები.
თუ ბავშვი ძილის წინ ბოთლიდან სვამს წყალს, არ მისცეთ სხვა სითხე, წყლის გარდა. რძიანი, ტკბილი სასმელები ასევე ხილის წვენები საშიშია კბილებისათვის. პირის ღრუში ისინი ქმნიან ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს მთელი ღამის განმავლობაში.
არ ჩააწოთ მატყუარა რაიმე ტკბილში.
დაგეგმეთ ვიზიტი ბავშვის სტომატოლოგთან 1 წლის ასაკში. იგი მოგცემთ აუცილებელ რეკომენდაციებს, როგორ მოუაროთ ბავშვის პირის ღრუს და დანიშნავს შემდეგი ვიზიტის თარიღს.
თუ ბავშვი კბილებს ფტორის შემცველი კბილის პასტით იხეხავს, დააზუსტეთ, საჭიროა თუ არა ბავშვისთვის ფტორის დამატებით მიღება.
2-დან 5 წლამდე
გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ: დილით და საღამოს. ყოველ 6 თვეში მიაკითხეთ სტომატოლოგს. დიდი ყურადღება მიაქციეთ კბილების გახეხვას ძილის წინ. რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან გაზრდის იმის შანსს, რომ პატარას ჯანმრთელი სარძევე კბილები ჰქონდეს.
დიდი ხნის განმავლობაში მატყუარას ხმარებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს თანკბილვის ფორმირებაზე.
თუ ორი კბილი ერთმანეთს ეხება, უკვე შეგიძლიათ იხმაროთ კბილის ძაფი.
მოერიდეთ წვენებს, რომლებიც შეიცავს შაქარს.
სასკოლო ასაკი
მშობელმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს, თუ როგორ და რა სიხშირით იხეხავს ბავშვი კბილებს.
კბილის ჯაგრისისა და ძაფის გარდა ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს საღეჭი რეზინი - ქსილიტით, უშაქროდ, რათა მოახდეს ნერწყვის სტიმულირება, რაც დაეხმარება პირის ღრუს სისუფთავის შენარჩუნებაში.
მოერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელებს, რომლებიც აფუჭებენ კბილის ემალს; სხვა ტკბილი სასმელებიც, მაღალი მჟავიანობისა და შაქრის გამო, ცუდად მოქმედებენ კბილებზე.