ონლაინრომანი "სხვისი ოცნების ქალი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
დასაწყისი
ნინო წავიდა თუ არა, უარესად გამიფუჭდა ხასიათი. მეგონა, მარტოობა შვებას მომგვრიდა, მაგრამ შევცდი. სამი დღეა, ჩემს ცოლს თვალი არ მოუხუჭავს. შემეცოდა და ვთხოვე, შინ წადი, გამოიძინე და ცოტა აზრზე მოდი-მეთქი.
მე კი უაზროდ მივჩერებოდი კედლებშეთეთრებული პალატის ჭერს და დაძინებას ამაოდ ვცდილობდი. შემეძლო რამეზე მეფიქრა, მაგრამ არც ამის სურვილი მქონდა. “აი, ახლა ოცამდე დავითვლი და ჩავთვლემ”, - ვარწმუნებდი თავს. მაგრამ ვინ მაცალა!.. თორმეტამდეც არ ვიყავი ასული, რომ პალატის კარი ფართოდ გაიღო, თან ისეთი სისწრაფით, თითქოს ქარმა გახეთქაო და ნუნუ ექიმი ხმაურით შემოიჭრა ოთახში.
- აბა, როგორ გრძნობს თავს ჩემი პაციენტი? სიცხე გაიზომე, ზაზა, თუ ისევ ჩემს მოტყუებას ეცდები? - გაიღიმა ნუნუმ.
- გავიზომე, ექიმო, გავიზომე. ოცდაჩვიდმეტი და ოთხი ხაზი მაქვს.
- ეგ არაფერი, თავისით დაიწევს. ხომ ხედავ, მეოთხე დღეა და უკვე პროგრესი გვაქვს მე და შენ. ოცდაცხრამეტიდან ოცდაჩვიდმეტამდე ჩამოვედით. სად არის შენი მეუღლე?
- სახლში გავუშვი, ცოტა დაისვენოს.
- კარგად მოქცეულხარ. რა საჭიროა თავზე მდგომი! ისე, ტელევიზორი არ გაწყენდა.
- არა, არ მინდა, ხმაური უფრო მღლის.
- ამაშიც გეთანხმები. ან კი რას უნდა უყურო კაცმა? ყველგან პოლიტიკა და პოლიტიკა, სხვა სალაპარაკო არაფერი აქვთ, მთელი საზოგადოება პოლიტიზებულია დღეს, - ქაქანებდა შუახნის ქალი, - ჰო, მართლა, შენთან მნახველია მოსული, გარეთ გელოდება. შემოვუშვა?
- ვინ არის? - დავიჯღანე, არავის ნახვის სურვილი არ მქონდა, ცოლიც იმიტომ მოვიშორე თავიდან, რომ მარტო დავრჩენილიყავი.
- ვინ არის არ ვიცი, მაგრამ იმისთანა ქალია... იფ! - აღფრთოვანება ტუჩების დაბრეცით და წარბების აწევით გამოხატა ექიმმა.
- შემოვიდეს, რა ვიცი, - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და ბალიში წამოვწიე, რომ დამჯდარ მდგომარეობაში მაინც დავხვედროდი სტუმარს. ისეთი დასუსტებული ვიყავი ავადმყოფობისგან, ფეხზე დგომა და სიარული მიჭირდა.
- აბა, დროებით. ამაღამ მე ვარ მორიგე და კიდევ შემოგივლი. იქამდე ირმა ექთანი მოგხედავს. ცხრაზე გიწევს წამლები, იცოდე! - გამაფრთხილებელი ტონით თქვა ექიმმა და პალატა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
გამეცინა. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ეს ქალი ყოველთვის ყველაფერში ჩქარობს. ჩქარა გვის, ჩქარა რეცხავს, ჩქარა ამზადებს სადილს, ჩქარა დადის... სექსში როგორ აქვს ნეტავ, საქმე?
დერეფანში ვიღაცას გამოელაპარაკა. “მიბრძანდით, გელოდებათო”, - ეს სიტყვები გარკვევით გავიგონე და გამოღებულ კარში ქალი გამოჩნდა...
დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა... არც კი... მაღალი, ლამაზი... სალათისფერი ტანზე მოტმასნილი კაბით, შავი, გრძელი და სრიალა თმით... გიტარასავით გამოყვანილი წელით... უზარმაზარი ლურჯი თვალებით და იდუმალი ღიმილით, რომელიც ერთობ ვნებიან ტუჩებზე მაცდურად დასთამაშებდა.
- გამარჯობა, ზაზა, - თქვა და შედგა.
- გაგიმარჯოს?! - ჩემთვის რომ უცხო იყო, ეს ხმის ინტონაციით გამოვხატე.
- ვერ მიცანი, არა?
- ვერა. რომელი ხარ?
- ნუთუ ასე შევიცვალე? - თითქოს დანანებით თქვა და მარცხენა ხელით თმა ყურზე გადაიწია...
ვერ ვიცანი? როგორ ვერ ვიცანი... ამ ჟესტით ვიცანი ზუსტად.
- ნატა? შენ... საიდან? საიდან გაიგე?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი, - თქვა თავისი ხავერდოვანი ხმით და თვალებით უფრო გამიღიმა, ვიდრე ტუჩებით.
- არა, მართლა...
- გოგა შემხვდა გუშინ... იმანაც ძლივს მიცნო. შენზე მითხრა, ინფექციურში წევსო...
- ჰო... წეღან იყო მოსული, მაგრამ შენზე არაფერი უთქვამს.
- დაავიწყდა ალბათ.
- რა მნიშვნელობა აქვს. დაჯექი და მომიყევი, როგორ ხარ?
- რა ვიცი... ვარ. ვცხოვრობ, ვმუშაობ... ქმარ-შვილს ვუვლი და ასე...
- რამდენი შვილი გყავს?
- ერთი გოგო.
- აუჰ, გიზარმაცია. მე სამი მყავს.
- ვიცი.
- საიდან?
- აკი გითხარი, გოგა შემხვდა-მეთქი.
- ჰო, სულ დამავიწყდა. სხვა?
- სხვა რა ვიცი... ისეთი არაფერი. ინსტიტუტში ვმუშაობ, ლექციებს ვკითხულობ. ნინო როგორ არის?
- კარგად, კარგად. ათი წუთია, რაც წავიდა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავი...
- არა მგონია, ჩემი დანახვა გახარებოდა.
- არა, რატომ... მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა...
- ვიღას ახსოვს ის ისტორია, არა?
- მაგის თქმა არ მინდოდა, - ჭარხალივით გამიხდა სახე ნატას რეპლიკაზე, - უბრალოდ, წავიდა ის წლები. ახლა აღარ აქვს საეჭვიანო საბაბი.
- ვითომ? მაშინ რატომ არ მახსენა გოგამ, როგორ ფიქრობ? მგონი, ნინოს განაწყენებას მოერიდა, არა?
თვალები მთელი ძალით დავხუჭე. ეგ კი არ მიფიქრია! აი, თურმე, რატომ არაფერი თქვა გოგამ. ნინოს წამითაც არ დავუტოვებივართ მარტო, ამიტომაც ვერ მითხრა გუშინდელი შეხვედრის შესახებ.
- ალბათ...
- შენ გამოსწორებულხარ, თუკი ეჭვიანობის საბაბს არ აძლევ ცოლს. როგორ მოხდა? წლებმა დაგაბრძენა?
- კი არ დამაბრძენა, გამტეხა, ნატალია, გამტეხა. ამ ავადმყოფობამ კი სულ მომიღო ბოლო.
- ჰო, ექიმმა მითხრა, ჰეპატიტი აქვსო. ბევრს სვამდი?
- არც ისე... მთლად სასმლის ბრალი არ უნდა იყოს.
- ნარკოტიკები?
- არა, არა, შენ ხომ იცი, ცხოვრებაში წამალი არ გამიჩხერია. “პლანს” თუ მოვწევდი ხოლმე და ეგ იყო. უბრალოდ, ღვიძლი ბავშვობიდან მაწუხებდა. მამაჩემიც მაგან მოკლა, ციროზი დაემართა სამოცი წლის ასაკში.
- რას ამბობ! რობიკო გარდაიცვალა? - პირზე ხელი აიფარა ნატამ და თვალები აუწყლიანდა, - რა სამწუხაროა, როგორ მიყვარდა მამაშენი.
- იმასაც ძალიან უყვარდი... სხვათა შორის, ხშირად გახსენებდა.
- ეჰ, რაც მე მის სცენაზე გამოვსულვარ და მიცეკვია...
- კარგი დრო იყო, ლამაზი წლები და...
- ჯიბრიანი შეცდომები, - დაამატა ნატამ.
- შენ ეგა თქვი. ერთმანეთის ჯინაზე შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით... შენც და მეც.
- ჰო... შენგან მიკვირდა, თორემ მე ბავშვი ვიყავი და კიდევ მეპატიებოდა.
- მეც ბავშვი ვიყავი, რა გგონია, - არ დავუთმე.
- რა ბავშვი, მთელი შვიდით წლით ხარ ჩემზე უფროსი. თექვსმეტი წლისა გამიცანი, დაგავიწყდა?
- არა, მახსოვს და არც არასდროს დამვიწყებია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ადამიანი, როცა შეყვარებულია, ბავშვია.
- რა თქვი? - უცებ ყურები ცქვიტა, - გაიმეორე, რა თქვი?
- ყველა ადამიანი, როცა შეყვარებულია, ბავშვია-მეთქი.
- გინდა თქვა, რომ ჩემზე იყავი შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, პირველად გესმის?
- კი, პირველად მესმის და ამიტომაც გამიკვირდა. შენ ჩემთვის სიყვარული არასდროს აგიხსნია... იქნებ აღარ გახსოვს?
- მახსოვს, - საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
- რატომ, მერე, რატომ? იქნებ ახლა მაინც მითხრა, რატომ არ მეუბნებოდი, რომ გიყვარდი?
- რა საჭირო იყო თქმა, შენ ხომ გრძნობდი ამას?
- მერე რა, რომ ვგრძნობდი. იქნებ როგორ მჭირდებოდა ამის მოსმენა? მე რომ გეუბნებოდი, ხომ გსიამოვნებდა?
- თანაც ძალიან.
- აი, ხომ ხედავ, შენ კი მე ეს სიამოვნება მთელი ოცდახუთი წელი მომაკელი.
- რამდენი? - მეგონა, ვერ გავიგონე.
- ოც-და-ხუ-თი წელი.
- მაგდენის ხა-არ? - გავეხუმრე.
- ვარ, შენ წარმოიდგინე. ორმოცდაორი წლის ვარ.
- 19 ივლისს გახდები.
- მართალია, ჩანს, ეს არ დაგვიწყებია, - სინანული გაუკრთა ლამაზ თვალებში.
- არც ეს და არც სხვა დანარჩენი, ყველაფერი ზეპირად მახსოვს. რომ შეიძლებოდეს, მოგონებების გამოცდას ზეხუთიანზე ჩავაბარებდი.
ნატამ თავი ჩაღუნა. რამდენიმე წამს დუმილი ჩამოვარდა.
- ნატა...
- ბატონო, - ჩამქრალი ხმით თქვა და თავი ასწია.
- ძალიან ლამაზი ხარ... - არ შემეძლო არ მეთქვა.
- ჰო, რა ვიცი...
- ისევ ისე გესევიან კაცები?
გაიცინა. სიცილიც კი სევდიანი მეჩვენა.
- მიყვარხარ, ზაზა. ისევ ისე მიყვარხარ, როგორც მაშინ. ვერ დაგივიწყე. ყველაფერი შევძელი ცხოვრებაში და ეს ვერ მოვახერხე.
- მეც, - ჩემდა უნებურად გამექცა სიტყვა.
- ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის შენი მხრიდან? - თვალი თვალში გამიყარა.
ვერ გავუძელი მის მზერას.
- ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მართალია, კარგად ვერ გამოვიყურები, მაგრამ აღქმის უნარი არ დამიკარგავს. რომ მცოდნოდა, მოხვიდოდი, ცოტა სხვანაირად დაგხვდებოდი.
- როგორ, სხვანაირად? - გამოცოცხლდა ნატა.
- როგორ და... აი, წვერს გავიპარსავდი...
სიცილი წასკდა.
- იცი? რამდენიმე წლის წინ რა დამემართა? ვიღაც კაცს მიგამსგავსე სტადიონთან. კინაღამ გამიჩერდა გული. არ მახსოვს, როგორ ჩამოვხტი “მარშრუტკიდან”, მივუახლოვდი ამ კაცს, ხან აქედან მოვუარე, ხან იქიდან. ძალიან გგავდა - მანერებით, დგომით, გამოხედვით, თვალების ფერით, სიმაღლით... ერთადერთი, შენსავით ნაიარევი არ ჰქონდა ლოყაზე. ვიფიქრე, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაიკეთა-მეთქი. ბოლოს ვერ მოვითმინე, მივაჭერი და ვკითხე, თქვენ ზაზა ხომ არ გქვიათ-მეთქი. იცი, რა მიპასუხა?
- კიო ალბათ, არა?
- ვერ გამოიცანი. სამწუხაროდ, არაო, მიპასუხა.
- სამწუხაროდო, არა? ხედავ? თურმე იმასაც მოეწონე.
- არა, რა სისულელეა.
- უძახე შენ სისულელე... მე კი სწორედ შენმა საყოველთაო მოწონებამ დამღუპა.
- იცი, რამდენი გეძებე? - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა ნატამ.
- მეძებე? ეგ კი აღარ მჯერა, ნატალია... და იცი, რატომ? ზუსტად თხუთმეტი წლის წინ, საახალწლოდ, მისალოცი ბარათი გამოგიგზავნე, შენ კი პასუხიც არ მომწერე. იქ ეწერა ჩემი მისამართი.
- ვიცი. ახლაც შენახული მაქვს.
- მერე? თუ ჩემი ნახვა გინდოდა, ხომ შეგეძლო...
- იმ ბარათის გამო კინაღამ ოჯახი დამენგრა, - დახშული ხმით თქვა და ისევ ჩაღუნა თავი.
- მართლა? არ მინდოდა... მაპატიე.
- არა უშავს, შენი ბრალი არ არის. მე ვარ დამნაშავე. რა სულელი ვიყავი, სანამ გავთხოვდებოდი, გიგლას ყველაფერი მოვუყევი შენ შესახებ... ამიტომაც იეჭვიანა, როცა შენი მისალოცი მივიღეთ.
- ახლაც ეჭვიანობს?
- ყოველ წუთს.
- ჩემზე, კაცო?
- არამარტო შენზე, ყველა შარვლიანზე.
- მესმის მისი. შენნაირი ცოლი როცა ჰყავს ადამიანს, ძნელია არ იეჭვიანო.
- შენც იეჭვიანებდი? - ეშმაკურად ამომხედა.
- აუცილებლად, - უკან არ დავიხიე, - ახლა მით უმეტეს, შენ უკვე ხარ ქალი-ქალში.
- ჰო, მახსოვს, ამას რომ მეუბნებოდი, - დაიმორცხვა ნატამ.
- მერე როგორ გადაურჩა შენი ოჯახი დანგრევას? რამ გაამაგრა? - ახლა მე შევცვალე საუბრის თემა.
- თამუნამ, ჩემმა ქალიშვილმა. არ მინდოდა იგი უმამოდ გაზრდილიყო, თორემ ერთი დღე არ გავუჩერდებოდი. ძალიან გავბრაზდი მაშინ. არადა, არაფერ შუაში ვიყავი. მიმტკიცებდა, ალბათ შენ გააგებინე მისამართი, თორემ როგორ მოგძებნიდაო.
- რას მელაპარაკები-თქო! - აღმომხდა გაღიზიანებულს, - კაცმა თუ მოინდომა, სასურველი ქალის მისამართს ყოველთვის მოიძიებს... ასე რომ, მეც გეძებდი, - დავამატე ბოლოს შეცვლილი ხმით.
- ჰოდა, აგერ ვარ, ჩემი ფეხით მოვედი, - მტკიცე ხმით წარმოთქვა და გამჭოლი მზერა მესროლა.
ხმა ვერ ამოვიღე. რას ნიშნავდა მისი სიტყვები? რას მთავაზობდა? სანამ რამეს მოვიაზრებდი, ისევ თვითონ გააგრძელა:
- იმედია, მთელი ცხოვრება საავადმყოფოში არ მოგიწევს ყოფნა. ხომ არ იცი, როდის უნდა გაგწერონ?
- ყველაზე ცოტა, ორკვირიანი კურსიო, ექიმმა თქვა.
- ორი კვირა... - თავისთვის ჩაილაპარაკა შეფიქრიანებულმა, - მერე ცოტა დასვენებაც დაგჭირდება, რომ საბოლოოდ მომაგრდე. ორ თვეს გაძლევ ვადას.
- რა ორ თვეს? - ვერ მივუხვდი.
- მობილური გაქვს?
- კი, როგორ არა.
- ჩამაწერინე შენი ნომერი და ორი თვის მერე დაგირეკავ.
- კარგი, - დაბნეულმა ვუპასუხე და ნომერი ვუკარნახე.
- არასწორად ხომ არ ვიქცევი? - მკითხა უცებ.
- არა, რატომ?
- რა ვიცი, იქნებ არ გინდა ჩემთან შეხვედრა, - მხრები აიჩეჩა და ირიბად გამომხედა.
- როგორ არ მინდა, მინდა, მაგრამ...
- მაგრამ?
- მაგრამ ამას მერე რა მოჰყვება, არ ვიცი, საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე! - გავაფრთხილე.
- არც მე! - მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა და ხელზე ხელი დამადო.
ხომ გახსოვთ, როგორ შეახურებს ხოლმე ალკოჰოლიანი სასმელი ორგანიზმს? სწორედ ასე შემახურა ნატას ხელის შეხებამ.
ჩვენი მზერა კვლავ შეხვდა ერთმანეთს. მის თვალებში ყველაფერი ძველებურად იკითხებოდა, როგორც მაშინ, ძველ დროს. ეს ერთადერთი ქალის თვალები იყო, რომელსაც საიდუმლოს დამალვა არ შეეძლო...
- გახსოვს, რას მეძახდი? - იდუმალი ხმით მკითხა.
- მახსოვს - სხვისი ოცნების ქალს.
- ჰო... და ასეთადაც დავრჩი. სხვათა შორის, შენთვისაც... ჯერჯერობით.
- ვიცი, - ვთქვი და ამოვიხვნეშე.
- დაგირეკავ... აუცილებლად, - ხელი მომაშორა და წამოდგა.
- შენს ზარს დაველოდები... მეც რომ დაგირეკო?
- არა, მე თვითონ... ნახვამდის, ზაზა.
- შეხვედრამდე, ნატალია.
თითები ლამაზად აამოძრავა, თითქოს საცეკვაო ილეთს აკეთებსო, მრავლისმეტყველად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
სანამ კარს გაიხურავდა, ერთხელ კიდევ მოიხედა...
“მიყვარხარო”, - თვალებით მითხრა...
***
ოცდასამი წლის ვიყავი, პირველად რომ დავინახე. მაღაზიაში იყო შესული, ბიჟუტერიის სექციასთან იდგა დახრილი და სამკაულებს ათვალიერებდა. ეგრევე მომხვდა თვალში. არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დაგრჩენოდა. ეს იყო ერთ-ერთი იმ საოცარ არსებათაგანი, რომელიც ბუნებას ოდესმე შეუქმნია. მაღალი, ტანადი, წელწვრილი და გრძელფეხება გოგო თავისი ბრიალა თვალებით უცებ იქცევდა ყველას ყურადღებას. საოცარი სიარულის მანერა ჰქონდა, თავაწეული კი არ დადიოდა, დასრიალებდა, თითქოს მხოლოდ ფეხის წვერებით ეხებოდა მიწას, როგორც ბალერინა სცენის იატაკს. მაშინ არ ვიცოდი, რომ თურმე ცეკვავდა. ამიტომაც დააბიჯებდა ასე ამაყად, ყველასგან გამორჩეულად. სწორედ მისი განსაკუთრებულობა იყო მიზეზი იმისა, რომ საპირისპირო სქესის ყურადღება მიექცია. თვალები? მსგავსი არაფერი მინახავს. განა მარტო ლამაზი თვალები ჰქონდა, სასწაულებრივად მეტყველიც - მთელი მისი ცხოვრების ისტორია იკითხებოდა ერთ შემოხედვაში. როცა ახლოს გავიცანი, მერეღა მივხვდი, რატომ ვერ უსწორებდა ადამიანს მზერას დიდხანს - ეშინოდა, არ გაეცა თავი, ყველა ადვილად არ ჩასწვდომოდა მისი სულის სამყაროს, არ ამოეცნო მისი პატარ-პატარა საიდუმლოებანი...
ერთადერთი, ამქვეყნად რასაც რეალურად ვაფასებდი, სიყვარული იყო, ოღონდ... პირველ რიგში, ჩემივე თავის სიყვარული. იდეალურ რომანტიკოსს წარმოვადგენდი - ყოველთვის ყველა ქალში სიყვარულს ვეძებდი. მათი ყურადღება ნამდვილად არ მაკლდა. ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანი გახლდით, ნებისმიერი ქალის - მიუხედავად თავისი სტატუსისა და სოციალური მდგომარეობისა თუ ფენისა - მოხიბვლა წამებში რომ შემეძლო. ამაში ყველაფერი მიწყობდა ხელს - გარეგნობა, სილაღე, კარგი აღზრდა, ჯანსაღი იუმორი, ვაჟკაცური მოლხენა... სასიმღერო ხმა მამისგან გამომყვა, რომელიც თავის დროზე განთქმული მომღერალი იყო. ხალხური სიმღერის ანსამბლში მღეროდა და მსოფლიო ჰქონდა მოვლილი. მერე, ასაკში რომ შევიდა, სიმღერას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო. მას, როგორც დაფასებულ ადამიანს, ქალაქკომმა პატივი სცა და კულტურის განყოფილების გამგედ დანიშნა. იცოცხლე, ისე დატრიალდა, რამდენიმე წელიწადში ხელოვნების კერად აქცია ჩვენი ქალაქი. ყველასთან ყველაფერი გამოსდიოდა, ერთი მე ვერ მომიხერხა ვერაფერი. ისე ნებიერად გამზარდეს დედამ და მამამ, იმდენი ფული მქონდა, სწავლაზე ძალიან ადრე ავიცრუე გული. მართალია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამაბარებინეს, მაგრამ ორ წელიწადში გამრიცხეს და საერთოდ ჩავიქნიე სწავლაზე ხელი. საბოლოო ჯამში, “ბირჟავიკის” სახელი მოვიხვეჭე და მთელი დღე ქუჩაში დგომით ან ძმაკაცებთან ერთად ქეიფსა და მანქანით სეირნობაში ვატარებდი დროს.
ქალს ქალზე ვიცვლიდი, არც ასაკს დაგიდევდით და არც წარმომავლობას. არც იმას ვუყურებდი, გათხოვილი იყო, გასათხოვარი თუ განათხოვარი. მთავარი იყო, მომწონებოდა და ორი შეხვედრაც საკმარისი იყო, ჩემი გამხდარიყო. ყველა მიცნობდა, დიდიც და პატარაც, უდიდესი მექალთანის სახელი მქონდა გავარდნილი.
ჰოდა, იმას ვამბობდი... ნატა რომ დავინახე პირველად... გითხარით უკვე, როდის და სად დავინახე.
მეორედაც იქ დავინახე, ბიჟუტერიის სექციასთან. მე გარეთ ვიდექი, ტროტუარზე და ვიტრინიდან ვადევნებდი თვალს. ამ დროს თათული მომიახლოვდა, ჩემი ძმაკაცის, ზურას და.
- ვა, ზაზული? როგორ ხარ? - მხარზე დამკრა ხელი.
მივესალმე, ვაკოცე და მეც მოვიკითხე.
- თათო, რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ... ჩვენ შორის დარჩეს, კარგი?
- კარგი, - მითხრა და ყურადღებით შემომაჩერდა, თითქოს დიდი საიდუმლოს გაგებას ელოდა ჩემგან.
- ის გოგო ხომ არ იცი, ვინ არის? - და ხელით ვანიშნე უნივერმაღისკენ.
- აბა, რომელი? ნინელის სექციასთან რომ დგას, მაგაზე მეკითხები?
- ჰო, ზუსტად მაგაზე.
- ე-ე-ე! ეგ იცი, რა გოგოა? მაგარი! მაგის გულისთვის მთელი ქალაქის ბიჭები ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ.
- ეგ არ მაინტერესებს. შენ ის მითხარი, ვინ არის და რა ჰქვია.
- ნატა ჰქვია, შარშან ჩამოვიდა თბილისიდან. ბებია ზრდის. დედა არ ჰყავს, მამამისმა კი მეორე ცოლი მოიყვანა და ეს აქეთ გამოუშვა, დედაჩემი მოგივლის, სანამ სკოლას დაამთავრებო.
- შენ იცნობ?
- როგორ არ ვიცნობ, ჩვენს სკოლაში სწავლობს, მეათე კლასშია.
- გამაცნობ?
- რა პრობლემაა, წამო, შევიდეთ და გაგაცნობ. ჩემი დაქალია.
- მოიცა ახლა!
- ნუ... მთლად დაქალი არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს, წამო, წამო!
შევდიოდი მაღაზიაში, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართია, რატომღაც შინაგანად ვნერვიულობდი.
- ნატული, პრივეტ, როგორ ხარ? - თათომ ხელი მხარზე გადახვია დახლზე დახრილ გოგონას.
- უი, თათუშკი, როგორ შემაშინე! არა მიშავს, შენ რას შვრები?
- არაფერს, ვისვენებ. ხომ იცი, კვირაა და უსაქმოდ ვარ, აი, მე და ჩემი ძმაკაცი ვსეირნობთ.
“ძმაკაცის” გაგონებაზე ღიმილი ვერ შევიკავე. აბა, რომელი მისი ძმაკაცი მე ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ჰო, მართლა, გაიცანი, ეს ზაზაა.
- სასიამოვნოა, ნატა... ნატალია, - მორცხვად თქვა და გაწითლდა.
- ჩემთვისაც, - ხელი გავუწოდე და მისი პატარა თითები მუჭში მოვიმწყვდიე.
რბილი და თბილი თითები ჰქონდა, წვრილი და გრძელი, თლილი და... მგრძნობიარე. საჭიროზე მეტხანს გავაჩერე მისი ხელი ხელში.
- რას ათვალიერებ, მოგეწონა რამე? - თათომაც დაუწყო სამკაულებს თვალიერება.
- ისე, უბრალოდ, მიყვარს ლამაზი სამკაულები, - უხერხულად შეიშმუშნა ნატა და მარცხენა ხელით თმა ყურზე გადაიწია, - ცოტა ადრე მომიწია წამოსვლამ და დროს ვკლავ ჩემთვის.
- სად მიდიხარ, რო? - ჰკითხა თათულიმ და მე გამომხედა.
- რეპეტიციაზე. სამშაბათს კონცერტი გვაქვს.
- მღერით? - ღიმილით ვკითხე.
- არა, ვცეკვავ.
- ა-ა-ა. ვინ არის თქვენი ქორეოგრაფი, შემთხვევით, თენგოსთან ხომ არ დადიხართ? - დავინტერესდი.
- კი, თენგოსთან.
- აჰა. ხომ არ გაბრაზებს ჩვენი თენგო?
- არა, რას ამბობთ, არაჩვეულებრივი ადამიანია.
- ვიცი. მომიკითხე, რომ ნახავ, - ჩემდა უნებურად, უნებლიეთ გადავედი “შენობითზე”, - ამ დღეებში გამოგივლი-თქო, გადაეცი.
- აუცილებლად გადავცემ, - თქვა და თვალები დახარა.
მეტი სალაპარაკო არაფერი გვქონდა. დავემშვიდობე და გავეცალე. თათულიც თავის გზაზე წავიდა.
რეპეტიცია! რა კარგია, ცეკვაზე რომ დადის. თენგო რეპეტიციებს თეატრის შენობაში ატარებს, იქ, სადაც მამაჩემი მუშაობს. ხშირად ვარ იქ, მაგრამ ნატა არასდროს მინახავს. ერთხელ მაინც როგორ ვერ მოვკარი თვალი? საოცარია პირდაპირ!
ის დღე იყო და... ნატაზე ფიქრი ამეკვიატა. ახლა იმაზე ვფიქრობდი, რა გზა გამომენახა, რომ უფრო ახლოს გამეცნო და დავახლოებოდი. ჯერ ვიფიქრე, რეპეტიციაზე მივალ და იქ გამოველაპარაკები-მეთქი, მაგრამ უმალვე გადავიფიქრე. არ მინდოდა ეგრძნო, რომ განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენდი მის მიმართ. თან იმდენ ხალხში... არც ის მინდოდა, სხვებს რამე შეემჩნიათ.
ჩემდა საბედნიეროდ, ფიქრით თავის მტვრევა არ დამჭირდა. მეორე დღეს კვლავ მოვკარი თვალი, ჰაეროვანი ნაბიჯებით შედიოდა უნივერმაღში. მივხვდი, თავისი საყვარელი სამკაულების მოსანახულებლად მიდიოდა.
ფეხდაფეხ შევყევი და გვერდით ამოვუდექი სექციასთან მდგარს.
- ნატა, როგორ ხარ? - შინაურულად მოვიკითხე.
მოულოდნელობისგან შეხტა და შეშინებული თვალებით ამომხედა.
- ა! თქვენ ხართ? არა მიშავს, თავად?
- მეც არა მიშავს. რამის ყიდვას აპირებ?
- არა, ისე... - თქვა, მაგრამ მივხვდი, რაღაც ძალიან მოეწონა და ფული არ ჰქონდა, რომ შეეძინა. იდეა უცებ მომწიფდა თავში.
- იცი? შენი რჩევა მჭირდება, ხომ დამეხმარები? - გაღიმებულმა თვალი ჩავუკარი.
- რა ვიცი, თუ შემიძლია... - მხრები აიწურა.
- მეგობარი გოგოს დაბადების დღეა და იქნებ რამე შემარჩევინო.
- მე... არ ვიცი... გემოვნების საკითხია... - დაიბნა.
- დაახლოებით შენი ტოლია, სამკაულები იმასაც ძალიან უყვარს. ბეჭედსაც ატარებს, საყურესაც, მძივებსაც და სამაჯურებსაც. ოღონდ კაცების ამბავი ხომ იცი, მე საერთოდ ვერ ვერკვევი ამგვარ რამეებში.
- მაგრამ... გააჩნია, რა უფრო სჭირდება, - გაბედა ბოლოს.
- აი, მაგალითად, შენ რა გაგიხარდებოდა მეგობრისგან საჩუქრად? - დავეხმარე.
- მე-ე? - უმწეოდ მიმოიხედა.
- შენ რაც უფრო მოგწონს, ავდგები და იმას ვუყიდი.
- მე ეს გულსაბნევი მომწონს, - თქვა და ცრემლის ფორმის თეთრთვლებიან გულსაბნევს დაადო ხელი.
- გადასარევია! - შევძახე, მერე ნინელის ვანიშნე, ამას ვყიდულობ-მეთქი და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- გმადლობ, რომ დამეხმარე, - ვუთხარი, გარეთ რომ გამოვედით.
- მთავარია, მოეწონოს, - დარცხვენით მითხრა.
- ვიცი, რომ მოეწონება.
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ? - შემომცინა.
- იმიტომ, რომ შენ გიყიდე. არ დამიწყო ახლა ესაო და ისაო. ეს დიდი არაფერია, ამიტომ არაფერი მითხრა, ისე გამომართვი. გთხოვ.
ერთხანს დაბნეული მომჩერებოდა, თითქოს დააპირა კიდეც რაღაცის თქმა, მაგრამ გადაიფიქრა, მადლობა გადამიხადა და საჩუქარი მორიდებით გამომართვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქციელი საკმაოდ ბანალური იყო, საჩუქარმა მაინც თავისი ქნა. ამ ჟესტმა ნატა მოხიბლა. ერთხანს უხერხულად ატრიალებდა საჩუქარს ხელში, მერე მუჭში მოიმწყვდია, თავისი ლამაზი თვალებით შემომხედა და მითხრა.
- ხვალ, შვიდ საათზე კონცერტი გვაქვს... თუ მოხვალ, ორ ბილეთს დაგახვედრებ.
მესიამოვნა. ჯერ ერთი, რომ “შენობით” მომმართა და მეორეც - დამპატიჟა. ამით მიმანიშნა, რომ მისთვის უცხო აღარ ვიყავი. შევთანხმდით - შვიდის ნახევარზე თეატრის შესასვლელთან დამხვდებოდა. ის იყო, გაცილება უნდა შემეთავაზებინა, რომ მოულოდნელად ვიღაცის გამჭოლ მზერას წავაწყდი. ნატას უკან, ათიოდე მეტრის დაშორებით, მაკა იდგა.
- კარგი, ნატალია, აბა, ხვალამდე, აუცილებლად მოვალ, - გავუღიმე სახეშეფაკლულ გოგონას და უნივერმაღში შევტრიალდი, მაკასკენ აღარ გამიხედავს.
- ზაზა! - დამეწია მისი ხმა, სანამ მეორე სართულის კიბეს ავუყვებოდი.
შევჩერდი და მოვიხედე.
- რა იყო, ძველ ნაცნობებს ვეღარ ამჩნევ? - მოახლოებულმა ხელი კიბის სახელურს ჩაავლო და ორაზროვნად ამომხედა.
- სად იყავი? - მშრალად ვკითხე და იქვე, საფეხურზე ჩამოვჯექი.
- არ მაკოცებ? - ტონი არ შეუცვლია.
- ეს აუცილებელია? - თითები ერთმანეთში გადავხლართე და ირიბად ავხედე.
- არა? რა ვიცი, როგორც გინდა. ის ვინ იყო?
- ვინ, ის? - ჩემს ხმაში გაღიზიანება გაისმა.
- ვისაც ეფანცქვალებოდი, - მედიდური ტონით თქვა და გვერდით მომიჯდა.
- შენ არ იცნობ.
- ეგ უშენოდაც ვიცი. რა გჭირს, ბავშვებზე დაიწყე ნადირობა?
- რაზე შემატყვე, რო?
- რა ვიცი, ისეთი თვალებით უყურებდი, შემეშინდა, არ დამდნარიყავი.
- მორჩი ირონიას. ამის სათქმელად დამიძახე?
- არა, იმისთვის დაგიძახე, რომ მეკითხა, სად დაიკარგე, ერთხელ რომ არ გამოჩნდი?
- საქმეები მქონდა.
- აუჰ! როდის აქეთ გამოგიჩნდა საქმეები? - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და ხელები მუხლებზე შემოიჭდო.
- რა გინდა, მაკა, არ იტყვი?
- მომენატრე, სხვა რა უნდა მინდოდეს. რატომ დამივიწყე? უკვე აღარ გაინტერესებ?
პასუხი არ გავეცი. ერთი სული მქონდა, დროზე მომეშორებინა თავიდან.
- არ გესმის, რას გეუბნები? - თავი ჩემკენ გადმოხარა და მხარზე ოდნავ შემეხო.
- ახლა არ ვარ შენს ხასიათზე, შემეშვი, - ცივად ვთქვი.
- გასაგებია. მაშინ, როცა ხასიათზე მოხვალ, დამირეკე, სალაპარაკო მაქვს, - თქვა, სწრაფად წამოდგა, მხარზე გადაკიდებული ჩანთა მოიხსნა, მუხლზე მსუბუქად მომარტყა და ქუსლების პაკაპუკით გამშორდა.
მართლა გამიფუჭდა ხასიათი. რაღა ახლა შემხვდა, რაღა მაინცდამაინც ნატასთან მნახა. ვიცოდი, რომ დღეიდან ეჭვიანობის სცენების გამართვას დამიწყებდა, ტვინს წაიღებდა საყვედურებით...
მაკასთან ორი წლის ურთიერთობა მაკავშირებდა. არ მიყვარდა, მაგრამ სიმპათია გამაჩნდა. არც თვითონ იყო გულგრილი ჩემ მიმართ. გულგრილი კი არა, ვუყვარდი კიდეც, თუმცა ამ თემაზე საუბარს ორივენი გავურბოდით. ის განათხოვარი იყო, ოთხი წლის შვილი ჰყავდა. მასზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მაგრამ თავსაც ვერ ვანებებდი, ცოტათი მეცოდებოდა კიდეც მარტოხელა დედა. როგორც საყვარელი, “მოწოდების სიმაღლეზე” იდგა. იცოდა, ჩემი ცოლობის შანსი ნაკლებად ჰქონდა, თუმცა იმედს არ კარგავდა. ცდილობდა, ყველანაირად გვერდში დამდგომოდა, მზრუნველობას არ მაკლებდა, ხშირად ხელსაც მიმართავდა იმის შიშით, არ მიმეტოვებინა. მეც ვსარგებლობდი მისი კეთილგანწყობით. მით უმეტეს, იმ პერიოდში სერიოზულად არავისზე ვფიქრობდი. არც შეყვარებული ვიყავი და არც დიდად გატაცებული სხვა ქალებით. მას კარგად ჰქონდა შესწავლილი ჩემი ბუნება. იცოდა, ჩემს ადვილად ჩაჭერას ვერ მოახერხებდა, ამიტომაც არ ცდილობდა, შეეზღუდა ჩემი თავისუფლება. ჭორიკანების გამოისობით, ყოველთვის საქმის კურსში იყო, როდის ვის ვხვდებოდი, ვისთან სად ვიყავი და ასე შემდეგ. როცა მორიგი ხანმოკლე რომანის შესახებ შეიტყობდა, საყვედურებით ამავსებდა, ტირილით დაიოსებდა თვალებს, მაგრამ მერე ისევ მირიგდებოდა. ერთი პერიოდი ეცადა, “ძმაქალის” როლიც ეთამაშა, რჩევებს მაძლევდა “ჩემი ქალების” შესახებ, ზოგს მიწონებდა და ზოგსაც მიწუნებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რა ეშმაკობაც იმალებოდა ამ მანერის უკან და ბოლომდე გულახდილი მასთან არასდროს ვიყავი. ქალი ვერაგი არსებაა, კატის ბუნება აქვს. ერთ წამს რომ ახლოს მიგიშვებს და მოგეალერსება, მეორე წამს დაუფიქრებლად გამოაჩენს ბრჭყალებს... სწორედ ამ ბრჭყალების გამოჩენას ვერიდებოდი.
ახლა კი... ახლა სიტუაცია შეიცვალა. მას შემდეგ, რაც ნატა გავიცანი, ქალის ხსენებაც არ მინდოდა. ვერავის ვამჩნევდი ჩემ ირგვლივ. ხანდახან მიკვირდა კიდეც, როგორ მომნუსხა ამ პატარა გოგომ-მეთქი. იმხელა ხიბლი მოდიოდა მისგან, თავს ვეღარ ვერეოდი. სწორედ ეს იყო პირველი მიზეზი, რომ ამწუთას მაკას მიმართაც დავკარგე ინტერესი, თუმცა... მისი მიტოვება არც მიფიქრია. ის ჯერ კიდევ მჭირდებოდა...
რა ვქნა, ასეთი ცუდი ვიყავი.