მსგავსი ამბები, როცა დედები ბავშვებს სხვებისგან დამალვის თუ სხვა მიზნით არანორმალურ პირობებში ამყოფებენ, სამწუხაროდ, ცოტა არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ ტეხასელ ბავშვზე წერდა პრესა, რომელმაც კარადაში იცხოვრა ექვსი წელი, მერე რუსეთში მომხდარი ამბავი გახმაურდა - დედა ახალშობილს ნახევარი წელი მალავდა მთელი ოჯახისგან, ასევე კარადაში, და შიმშილისგან ძალაწართმეულს ხმის ამოღების უნარიც არ ჰქონდა. ამჯერად კი მორიგი ამბავი ინგლისში, ჩეშირში მოხდა.
როგორც ახლა ირკვევა, ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როცა ქვეყანას მომავალი მძევალი მოევლინა. ორსულობა მძიმე ტვირთად იქცა ლორასთვის - ბავშვის მამასთან მის დაბადებამდე გაუფუჭდა ურთიერთობა და მან ვერც კი გაიგო, რომ შვილი გაუჩნდა. და არა მხოლოდ მან... ლორას უფროსი შვილები არც კი ეჭვობდნენ, რომ თურმე დაიკო გაუჩნდათ და თანაც, იმავე სახლში "ცხოვრობდა". ეგ კი არა, ექიმებმაც არ იცოდნენ - ლორამ შინ, გასაიდუმლოებულად იმშობიარა.
საიდუმლოს ლორა წარმატებით ინახავდა. თავის საძინებელში, საწოლის ქვეშ თეთრეულის უჯრაში მალავდა ბავშვს. როცა არავინ იყო შინ, მაშინ აჭმევდა მშრალ საკვებს და სწრაფ საუზმეებს.
"ის უჯრაში ჰყავდათ დატყვევებული, არ ასეირნებდნენ, არ აძლევდნენ ვინმესთან ურთიერთობის საშუალებას, არ ზრუნავდნენ მის სოციალიზაციაზე, არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ", - წაიკითხავს მოგვიანებით სასამართლოზე პროკურატურის წარმომადგენელი.
კაცმა არ იცის, რა ბედი ელოდა მომავალში გოგონას, შემთხვევით რომ არ გამჟღავნებულიყო საიდუმლო. ლორას ახალი ბოიფრენდი ჰყავდა, რომელსაც ასევე უმალავდა ამ ამბავს. ერთხელაც, როცა შინ სხვა არავინ იყო, საპირფარეშოდან საძინებლისკენ მიმავალ კაცს სუსტი ხმები მოესმა. როცა მიუახლოვდა, ხმები საწოლიდან მოდიოდა. უჯრა გამოსწია და თვალებს არ დაუჯერა, როცა იქ პატარა ბავშვი დაინახა. ერთი შეხედვით 7 თვისას ჰგავდა, თუმცა სინამდვილეში 3 წლისა აღმოჩნდა.
ადგილზე უცებ გაჩნდნენ ექიმები, პოლიციელები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები. თავიანთ ანგარიშებში მათ ასე აღწერეს ნანახი: "აწეწილი, აბურდული თმით, დეფორმაციებით, გამონაყარით, კურდღლის ტუჩით და სხვა სამედიცინო პრობლემებით". გოგონა მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში და დღესაც რეაბილიტაციას გადის, რომ წონა აკრიფოს და ჯანმრთელობა დაიბრუნოს.
საქმე სასამართლომდე მივიდა და სხდომებზე ლორამ გამაოგნებელი გულგრილობით აღწერა ბავშვის ცხოვრების დეტალები, ასევე ის, თუ როგორ ერთობოდა შობას მეგობრებთან, მხიარულად დასეირნობდა, სანამ მისი უსუსური შვილი სრულიად მარტო იყო სახლში.
როცა ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა, აღმოჩნდა, რომ მას სახელიც კი არ ჰქონდა. დედა თავსაც არ იმართლებდა, უბრალოდ იმეორებდა, რომ ეს გოგონა არ არის მისი ოჯახის წევრი. და ამდენი წლის განმავლობაში, მას არავითარი თბილი გრძნობა, როგორც დედას, არ გასჩენია.
"მას არ ჰქონდა ნანახი დღის შუქი და სუფთა ჰაერი. არ რეაგირებდა არც ერთ სახელზე", - აღნიშნა სასამართლოზე მოსამართლემ და დასძინა, რომ 46-წლიანი მუშაობის პერიოდში ასეთი გულგრილობა და სისასტიკე არ უნახავს.
ლორას 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა.