გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათს დღეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მონაწილეობდა სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან. უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა. ცოტა ხნის წინ უცხოურ კინოშიც გამოჩნდა.
ანასტასია გადაიღეს რეჟისორ ტრევის ჰოჯკინსის 2024 წლის ამერიკულ დრამაში, რომელიც სან დიეგოს კინოფესტივალზე უჩვენეს.
მას მერე, რაც ულამაზესი და ნიჭიერი ანასტასია უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც გამოჩნდა კინოში, სავარაუდოდ, ამ სფეროში კიდევ არაერთი რეჟისორის ყურადღებას მიიპყრობს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უნდა ველოდოთ.
ანასტასია ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა - ქართველია, მამა - ინდოელი. მშობლები პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე.
ანასტასიამ ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
როგორც ანასტასია ყვება, საქართველოსთან კავშირი ბავშვობაშიც სულ ჰქონდა:
- ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე, რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა, ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით, რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.
ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.
ანასტასია ქართულ და უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორც მოდელი. სხვადასხვა ბრენდს უკეთებს რეკლამას.
მის გვერდით საყვარელი ადამიანიც არის - მორაგბე ლუკა ჯორბენაძე, რომელთან ერთადაც ანასტასია ხშირად მოგზაურობს.