2007 წელს მაკკანების ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მაისში ცოლ-ქმარი შვილებთან - უფროს გოგონასთან, მედისთან და ტყუპთან, შონთან და ამელთან ერთად ბრიტანეთიდან პორტუგალიაში დასასვენებლად გაემგზავრა. დროს შესანიშნავად ატარებდნენ, ქალაქი დაათვალიერეს, ბავშვთა გასართობ სივრცეებში წავიდნენ, შემდეგ კი აუზში იბანავეს. საღამოს ქეითმა და ჯერიმ ბავშვები დააძინეს და მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდნენ. რესტორანი სასტუმროდან 50 მეტრში იყო. როდესაც წყვილი ნომერში დაბრუნდა, მედი ლოგინში აღარ იწვა, ოთახის ფანჯარა კი ღია იყო...
პოლიცია ადგილზე 10 წუთში მივიდა და სამი წლის გოგონას ძებნა მაშინვე დაიწყეს. თუმცა, მისი კვალი არსად ჩანდა. თითქოს, ჰაერში გაუჩინარდა. რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა გამოძიება, საქმეში მით უფრო მეტი იდუმალი დეტალი ჩნდებოდა. მაგალითად, მედის საწოლთან სისხლის ლაქები აღმოაჩინეს, მაგრამ პოლიციამ ვერ დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ლაქა.
საქმე განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა და 3 წლის გოგონას გაუჩინარების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. უამრავი თეორია გაჩნდა. ზოგი ამბობდა, რომ ბავშვი მოიპარეს, რათა მსოფლიოს მეორე მხარეს მცხოვრები უშვილო წყვილისთვის მიეყვანათ. ზოგს სჯეროდა, რომ ბავშვი ცოლ-ქმარზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ზოგი იმასაც ამბობდა, რომ მშობლებმა პატარა მედის საძილე აბები დაალევინეს, რომ რესტორანში მშვიდად წასულიყვნენ. საძილე აბებმა მისი გარდაცვალება გამოიწვია და ცოლ-ქმარმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მისი გატაცება გაითამაშა. უამრავი სხვადასხვა ვერსია არსებობდა...
მრავალი წლის განმავლობაში გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. ერთხელ, თითქოს, კვალზეც გავიდნენ და თქვეს, რომ დამნაშავე გერმანელი პედოფილი კრისტიან ბრუკნერი იყო, რომელიც სამშობლოდან გაიქცა და პორტუგალიაში დასახლდა. ოფიციალურად ის მიმტანი იყო, თუმცა ამბობდნენ, რომ კაცი სტუმრებს ნარკოტიკულ საშუალებებს აძლევდა. ვარაუდობდნენ, რომ კრისტიანი ოთახში ძვირფასეულობის მოსაპარად შევიდა. თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და პატარა გოგონა წაიყვანა. მიუხედავად მყარი ვარაუდისა, მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
წლები გადიოდა, მშობლებმაც დროთა განმავლობაში დარდს დაძლიეს და ცხოვრება გააგრძელეს. თუმცა, ყველაფერი 2023 წელს მოულოდნელად შეიცვალა...
პოლონელმა ჯულია უენდელმა, სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ ის მედია. ამტკიცებდა, რომ დაკარგულ გოგონას ძალიან ჰგავდა. ასევე, თვალთან მასაც ისეთივე ნიშანი აქვს, როგორიც დაკარგულ გოგონას. ჯულია ამბობდა, რომ ოკეანისა და კუების ნახვა ნათლად ახსოვს მიუხედავად იმისა, რომ მშობლებთან ერთად არასდროს უმოგზაურია.
ამავდროულად, ჯულიამ გაარკვია, რომ საბავშვო ბაღში 2007 წელს შეიყვანეს. სწორედ იმ წელს, როდესაც მედი გაუჩინარდა. ამის შემდეგ, ქალმა დნმ-ის ტესტი გაიარა. ჯულიამ აღმოაჩინა, რომ პოლონური, ლიტვური და რუმინული ფესვები აქვს, რაც მაკკანების ოჯახისაგან განსხვავდება. შესაბამისად, დადგინდა, რომ ის მოპარული გოგონა არ არის. შემდეგ ჯულიამ მედის ოჯახს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საჯარო განცხადებების გაკეთება იჩქარა.
თუმცა, ცოტახნის წინ გოგონა სოციალურ ქსელებში კვლავ გამოჩნდა და ისევ ამტკიცებს, რომ დაკარგულია მედია. ჯულიამ დაწერა: "მე სიმართლე ვიცი და არასდროს დავნებდები."
გოგონამ თქვა, რომ ამჯერად დნმ-ის ტესტი მსოფლიოში ცნობილ ექსპერტთან, დოქტორ მონტე მილერთან გაიარა. ჯულია აღნიშნავს, რომ ახალი ტესტის თანახმად, ის ნახევრად ბრიტანელი და ნახევრად ირლანდიელია.
გოგონამ ტესტის შედეგების სქრინებიც გამოაქვეყნა. მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგული მედის მშობლებმა ახალ კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ჯულია ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჯერი მაკკანთან ფიზიკური მსგავსება მართლაც არსებობს.
გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, ჯულიას დნმ დანაშაულის ადგილზე აღებულ ნიმუშებს სრულად ემთხვევა. ჯულია ცდილობს იმის დამტკიცებასაც, რომ ის იმ ადამიანებმა გაიტაცეს, რომელთაც დედად და ბაბუად მიიჩნევდა, და პოლიციის მიერ დასახელებული პოტენციური ეჭვმიტანილების ფოტოებს მათ სურათებს ადარებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პოლიციას არ სჯერა, რომ ჯულია 17 წლის წინ გაუჩინარებული გოგონაა. ისინი აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში ასეთი არაერთი შემთხვევა ჰქონდათ, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობდა. ამ შემთხვევაზეც, სამართალდამცველები ამბობენ, რომ გოგონა იტყუება.
ჯულია კი აღნიშნავს, რომ დანებებას არ აპირებს და გამოძიებას გააგრძელებს.