თქვენ უნდა ნახოთ სოფლის ბავშვები, უნდა ნახოთ მათი სუფთა, კრიალა თვალები და დაინახავთ მათ ულამაზეს, ძლიერ, ჯანსაღ სულს "თქვენ უნდა ნახოთ სოფლის ბავშვები, უნდა ნახოთ მათი სუფთა, კრიალა თვალები და დაინახავთ მათ ულამაზეს, ძლიერ, ჯანსაღ სულს! მიმაჩნია, რომ სოფლიდან მომავალი თაობა გადაარჩენს ერს, რადგან ჯანსაღ ფესვებზე აღმოცენებული ნერგი უმეტეს შემთხვევაში ამართლებს..." - ამბობს ლალი მარგიანი, რომელსაც სვანეთის მაღალმთიან სოფლებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამადაც ერთ-ერთ შორეულ სოფელში ინგლისურ ენას ასწავლის მოზარდებს და ძალიან ბევრი სათქმელი დაუგროვდა. იმაზე, თუ რა პრობლემებია სოფლების სკოლებში, რა სტკივათ და უხარიათ იქ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, როგორი თაობა მოდის და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე, რაიონში ერთ-ერთი გამორჩეულად აქტიური და საყვარელი მასწავლებელი, ქალბატონი ლალი ვრცლად გვესაუბრა.
- რა სირთულეები ახლავს რეგიონებში სწავლებას, მით უმეტეს, სოფელში?
- რეგიონებში სწავლება და განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონში და არა მარტო სწავლება, საკმაოდ პრობლემატურია. მართალია, ახლა განათლების სულ სხვა სისტემაა, ბევრი პრობლემა მაინც შემორჩა. სკოლები არაა აღჭურვილი თანამედროვე კაბინეტ-ლაბორატორიებით, ინვენტარით, ელემენტარულით, რაც სასწავლო პროცესს უფრო შედეგიანს და პროდუქტიულს გახდის. დღეს ინტერნეტსივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ჩვენთან კი შეზღუდულია. რამდენი ინფორმაცია, რამდენი სიახლეა, რასაც პედაგოგი ყოველდღიურად უნდა ეცნობოდეს, ჩაერთოს კონკურსებში, მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია და ა.შ., რისი საშუალებაც ყოველთვის არაა, ან უნელესი ინტერნეტის გამო ნერვების ფასად გვიჯდება მუშაობა. გარდა ამისა, ტრენინგები, რომელსაც ქალაქის მასწავლებლები ხშირად გადიან და პროფესიულად ვითარდებიან, ჩვენთვის სანატრელია. ის ტრენინგიც, რომელიც ერთხელ ტარდება და გრძელვადიანია, სოფლის მასწავლებლებისთვის პრობლემაა, რადგან ყოველდღე ათეული კილომეტრის გავლა სპეცტრანსპორტის გარეშე ძნელია. მესტია ლახამულიდან 37 კილომეტრითაა დაშორებული, მე თვეობით აქ ვცხოვრობ, შაბათ-კვირასაც არ მივდივარ, რადგან ორშაბათ დილით, სამარშრუტო ტაქსებს (მესტია-თბილისი, მესტია-ზუგდიდი) თუ მგზავრები ჰყავთ, სოფლელი მგზავრის წამოყვანა არ სიამოვნებთ. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს უშგულში, იელიში მუშაობა. იელი ჩემი მუშაობის პერიოდშიც და დღესაც ტრანსპორტირების გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას. ამას წინათ, რაიონის მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ, კორპორაციული საღამო მოგვეწყო და იელიდან, უშგულიდან ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.
ამჯერად სვანეთში ბევრი ჩამოსული მასწავლებელია, ვფიქრობ, ვინმემ მათ დაბინავებაზე უნდა იზრუნოს. მართალია, პროგრამაში ჩართულ მასწავლებლებს სახელმწიფო უხდის ბინის ქირას, მაგრამ მე ვიცი, ოჯახებს ეს თანხა არ აკმაყოფილებთ. ლახამულაში სამი არაადგილობრივი მასწავლებელი ვართ. მე მესამე წელია დირექტორის ოჯახში ყოველგვარი ქირის გარეშე ვცხოვრობ, სხვა ჩამოსულ მასწავლებლებსაც სხვადასხვაგვარად აქვთ მოგვარებული პრობლემა, თუმცა სასურველია სოფლებში კოტეჯისმაგვარი მასწავლებელთა სახლები ჩაიდგას. მასწავლებელმა რომ ქირა იხადოს, რაღა დარჩება, როცა ზამთრისთვის შეშაც საყიდელია. აი, მაშინ, როცა მე პედაგოგის რთულ გზას დავადექი, ბინის ქირასაც და შეშის ფულსაც გვაძლევდა სახელმწიფო და მაღალმთიანობის დანამატიც გვეძლეოდა... ალბათ ეს ყოფითი პრობლემები და კიდევ მრავალი, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. მიუხედავად ამისა, სვანეთის მასწავლებლები მაინც ღირსეულად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. სვანეთის სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით და მაღალი ქულებით აბარებენ მისაღებ გამოცდებს...
ხოლო იმისთვის, რასაც დღეს განათლების სისტემა ითხოვს პედაგოგებისგან, ვფიქრობ, არაა პირობები. მართალია, დღეს აქცენტი სერტიფიცირებულ, ახალბედა თუ პროგრამაში ჩართულ პედაგოგებზეა გაკეთებული, მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან (ხელფასს ვგულისხმობ) რეგიონებში წასასვლელად, კარგი იქნება, ადგილობრივ პედაგოგებს შეუქმნან პირობები, დააინტერესონ, არ იქნება ურიგო....
- გამიგონია, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს მეტი სტიმული აქვთ, კარგად ისწავლონ და განათლების მეშვეობით მიაღწიონ საწადელს. ასევე ნაკლები აქვთ საცდური - ტელევიზორის, სხვადასხვა გართობის სახით და უფრო მობილიზებულები არიან სწავლისა და წიგნებისთვის. არის ასე?
- თქვენ უნდა ნახოთ სოფლის ბავშვები, უნდა ნახოთ მათი სუფთა, კრიალა თვალები და დაინახავთ მათ ულამაზეს, ძლიერ, ჯანსაღ სულს! მიმაჩნია, რომ სოფლიდან მომავალი თაობა გადაარჩენს ერს, რადგან ჯანსაღ ფესვებზე აღმოცენებული ნერგი უმეტეს შემთხვევაში ამართლებს. თუ ადამიანს რაიმეს მიღწევა უნდა, თუ მიზანდასახული და მიზანსწრაფულია, მას ვერანაირი საცდური ვერ მოერევა. ვფიქრობ, თანამედროვე ტექნოლოგიასთან ურთიერთობის სწორ მიმართულებას თუ მივცემთ, მაშინ საცდური აღარ იქნება. დიახ, სოფლის ბავშვს ბურთის სათამაშო ადგილი და დროც შეიძლება არ ჰქონდეს (მით უმეტეს სვანეთში), სოფლის ბავშვს გართობის გარდა უამრავი საოჯახო საქმეც აქვს, მას არ სცალია, სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვათ. არადა, სოფლებში ისეთი კარგი მასალაა, ისეთი განძია, აუცილებლად კარგი ოსტატი და მცველი სჭირდება, რომ არ დაიკარგოს...
- როგორია ერთი დღე ასეთ შორეულ სოფელში მასწავლებლისთვის?
- ჩემთვის, სოფელში ჩასული მასწავლებლისთვის, ადგილობრივებისგან განსხვავებით, დილა შედარებით მარტივად იწყება. მაგრამ ჩემი კოლეგები ჩემზე მთელი ორი-სამი საათით ადრე დგებიან, რომ მეურნეობას მიხედონ, საოჯახო საქმეები მოილიონ და შემდეგ სკოლისთვის მოემზადონ. თუმცა, მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული: ან კედლის გაზეთი, ან ღონისძიება, ან ისე საუბრები ბავშვებთან.... მიყვარს ადრე მისვლა და ბავშვებთან ურთიერთობა, შემიძლია გვიანობამდე ვიყო მათთან, ხშირად ვაწყობთ აქციებს გარემოს დასასუფთავებლად, დავდივართ ეკლესიაში და თუ საჭიროა, ბავშვები ალაგებენ და ასუფთავებენ კიდეც. სკოლა და ბავშვები ჩემი სასიცოცხლო წყაროა, ამიტომ ძალიან განვიცდი შაბათ-კვირის მოახლოებას. სკოლიდან ყველაზე ბოლოს მე გამოვდივარ. კოლეგები ოჯახებში მიიჩქარიან, ისევ უამრავი საოჯახო საქმე ელოდებათ, ოჯახში საქმეს რა გამოლევს! მაგრამ არც ისე გამიგოთ, თითქოს მე გულხელდაკრეფილი ვიყო. საოჯახო საქმეებში, გარდა ძროხის მოწველისა, ყველაფერში ვეხმარები ჩემს მასპინძელ დირექტორს. შეიძლება ითქვას, განაწილებული გვაქვს შინასაქმე... საღამოობით ოჯახთან ერთად ტელევიზორისთვის ვიცლით, ან საინტერესო საუბრები გვაქვს....
- რა მიღწევები გაქვთ, რა გიხარებთ გულს. როგორი თაობა მოდის და რას ფიქრობთ მათზე...
- ვიდრე კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ლახამულის სკოლაზე, რადგან ბევრმა ნამდვილად არ იცის, რომ ლახამულის სკოლა ერთ-ერთი პირველი და წარმატებული იყო სვანეთში (მე-20 საუკუნის დასაწყისში სულ სამი სკოლა იყო სვანეთში). ბალსქვემო სვანეთის სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები ლახამულის სკოლაში დადიოდნენ, რომელსაც მიხეილ კვაჭაძე ხელმძღვანელობდა, შემდგომში ცნობილი მეცნიერის ლეო კვაჭაძის მამა. ქართული სინტაქსის მამა ლეო კვაჭაძე სწორედ ლახამულაში დაიბადა, აქ აიდგა ფეხი და შემდგომ დავაჟკაცებული ისევ სვანეთს დაუბრუნდა... გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ანგია ბოჭორიშვილი სასულიერო პირის ოჯახში ლახამულაში დაიბადა, ბავშვობა აქ გაატარა და დაწყებითი განათლებაც აქ მიიღო... ყველას ჩამოთვლას ვერც შევძლებ, მაგრამ ალი დავითიანს, გიორგი ავალიანს, სოსო ჭკადუას და სხვათ დღესაც პატივისცემით იხსენებენ... ასეთი წარსულის მქონე სკოლას 1987 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ნიჭიერი ქალბატონი ნაზი ჭიღლაძე-საბანიძე, რომელიც „იმედის გმირების’’ მონაწილეც გახდა...
2013 წელს სოფელს მეწყერმა შემოუტია. ეს ალბათ ყველაზე ცუდი დღეები იყო ბოლო წლების სოფლის ისტორიაში. გამოცხადდა ევაკუაცია, სასწავლო პროცესი შეწყდა, რადგან სკოლიდან ათიოდე მეტრი აშორებდა ტალახის მდინარეს... სწორედ ამ დროს გამოცხადდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კონკურსი ,,კატასტროფის რისკის შემცირება სკოლებში’’. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ პროექტის მომზადება და ჩვენდა გასაოცრად, 16 ოქტომბერს ზუგდიდში, გამარჯვებულ 5 სკოლასთან ერთად მიგვიწვიეს. წარმოვადგინეთ კლიპი: ,,ლახამულა S.O.S !‘’, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სამ გამარჯვებულ სკოლასთან ერთად ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით და საჩუქრად ფერადი პრინტერი გადმოგვეცა. ეს სტიმული იყო შემდგომისთვის. ნოემბერში განათლების სამინისტრომ ბლოგების კონკურსი გამოაცხადა: ,,გაიცანით ჩემი რაიონი’’ და 200 მონაწილე სკოლიდან ათეულში მოვხვდით. ასლარიანი ვაუჩერი და სიგელები გადმოგვეცა. 2014-ის გაზაფხულზე კულტურის სამინისტროში ჩვენი სკოლის 4 ნამუშევარი დაჯილდოვდა კონკურსში: ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა’’... კიდევ ბევრ კონკურსზე მივაღწიეთ წარმატებას. ჩვენი მიღწევების შესახებ გაზეთ ,,ახალ განათლებაში’’ და ადგილობრივ ყოველთვიურ გაზეთ ,,ლილეში’’ ხშირად იბეჭდება. გარდა ამისა, დავაარსე სკოლის ჟურნალი, რომელიც ჩვეულებრივ თაბახის ფურცლებზე, სკოლის პრინტერებზე იბეჭდება და სოფლის და მეზობელი სკოლები ეცნობიან ჩვენ საქმიანობას, მიღწევებს, სოფლის ისტორიას და ა.შ. ეს შეიძლება სხვა, დიდი სკოლებისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 28 მოსწავლე გვყავს სკოლაში და... ღიმილის მომგვრელიცაა, ჭიანჭველასა და სპილოს ამბავს ჰგავს... მგონი, ნათელია, როგორი თაობა მოდის...
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: მასწავლებლის წარმატება თანადგომაზეა დამოკიდებული. მე რომ არ მქონოდა ჩემი დირექტორის, ჩემი კოლეგების და სოფლის მომავლით დაინტერესებული ადამიანების თანადგომა, მხოლოდ ჩემი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვერაფერს გავხდებოდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საშუალება მომცა საკუთარი თავის რეალიზებაში. მე არ ჩამოვთვლი მათ, მადლობა თავად იპოვის მათ!
- დაბოლოს, გვიამბეთ, რა იყო მანამ, სანამ სვანეთის სოფელში მასწავლებლობას დაიწყებდით?
- 1985 წელს დავამთავრე მესტიის N1 საშუალო სკოლა, რომელიც იმ დროს ლიდერი სკოლა იყო საუკეთესო ხელმძღვანელით და პედაგოგებით, რომელთა სიყვარული ჩემს თაობას და განსაკუთრებით მე და ჩემ ამხანაგებს, დღემდე არ გაგვნელებია. ვაბარებდი ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, თუმცა ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა. მეცხრე კლასიდან ჩემი წერილები იბეჭდებოდა რაიონულ გაზეთში და რამდენიმე ჩანახატი დაიბეჭდა ჟურნალ ,,პიონერშიც’’, ხშირად ვწერდი მაშინდელი რადიოს ახალგაზრდული გადაცემების რედაქციაში, რომელსაც ილია კევლიშვილი უძღვებოდა. მაშინ უმაღლეს სასწავლებელში უფრო ძნელი იყო ჩაბარება, ქულა დამაკლდა და ვერ გავხდი სტუდენტი. ოცნებად მქონდა პედაგოგობაც და ეს მალევე ამიხდა! 1987 წელს სტიქიურმა ზამთარმა ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ბევრმა დატოვა საცხოვრებელი... სწორედ ამ დროს, თებერვალში, განათლების განყოფილების გამგემ ჟორა (გიორგი) ზურებიანმა გამომიძახა და მკითხა, თუ წავიდოდი სკოლაში მასწავლებლად. იყო მაშინ ასეთი პროგრამა, კადრების ნაკლებობის გამო წარჩინებით სკოლადამთავრებულებს მასწავლებლებად გზავნიდნენ სოფლის სკოლებში. სოფელ კალაში დაწყებითი კლასის მასწავლებელი უნდა შემეცვალა, რომელიც სტიქიური ზამთრის გამო ოჯახთან ერთად დროებით ბარში წასულიყო. უცხო სოფელი მაფიქრებდა, მაგრამ გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე და რადგანაც გზა არ იყო, ტრაქტორით მომიწია ასვლა. მე და მამა ვიყავით პირველები, ვინც სამანქანო გზით სტიქიის მერე სოფელში შევიდნენ (ვერტმფრენებით ხდებოდა ევაკუაცია).
დაუვიწყარია პირველი შთაბეჭდილება, როცა პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად კლასში შევედი. იმ დღეს სულ სამი მოსწავლე იყო კლასში. დღესაც მახსოვს ის პირველკლასელები: გოგა ჩეგიანი, ირინა და ლერი მარგველანები. საოცრად საყვარლები, ლოყებბრაწულა პატარები, ინტერესით რომ მომჩერებოდნენ. გაცნობა დამთავრდა და ვთხოვე, ლექსები მოეყოლათ. ბრწყინვალედ გაართვეს თავი დავალებას და რომ ვკითხე, სიმღერა ხომ არ იცით-მეთქი, პასუხის გარეშე, ერთმანეთს გადახედეს და სვანური საცეკვაო დაიწყეს. ახლა მე მივჩერებოდი გაოცებული და სიმღერას ცეკვაც რომ მოაყოლეს, უკვე ღრმად მიყვარდნენ ეს პატარა ადამიანები...
შემდეგ იყო მესტიის მაშინდელი პიონერთა სახლის მხატვრული წრე. იქაც ძალიან კარგი ბავშვები მყავდა, აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებაში. შემდეგ რამდენიმე სოფელში - იელში და ფარში ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებლად ვიმუშავე. არც ისე იოლი იყო უცხო გარემოსთან მიჩვევა, მაგრამ ძალიან მალე ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ბავშვებისგან, კოლეგებისგან, თვითონ სოფლის მკვიდრთაგან, მეგონა ბავშვობიდან იქ ვიზრდებოდი. დღემდე უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს ამ სოფლებთან.
იყო კონკურსები, გაზეთ „ახალ სვანეთთან“ თანამშრომლობა, უბედნიერესი წლები. ამას ახლა ვხვდები, მაშინ ვერ ვაფასებდი ასე.
მერე იყო დიდი პაუზა! დრო გაჩერდა, თითქოს აღარ ვიყავი. მართალია, დავოჯახდი, დედა გავხდი, მეგობრის დახმარებით და თანადგომით - სტუდენტიც, მაგრამ ეს არ იყო ბედნიერი წლები. ძალიან მძიმე წლებს გავუძელი ყველანაირად, ბევრი ტკივილი ვიგემე, რომელზეც დღეს უკვე იშვიათად ვყვები... დავკარგე დედმამიშვილი, დავკარგე გოგონა, რომელიც დღეს 12 წლის იქნებოდა... და ბოლოს ოჯახიც დამენგრა... და ყველაზე მთავარი, საკუთარი თავის რწმენა მქონდა დაკარგული, ამიტომ არც მიცდია სკოლაში თუ საჯარო სამსახურში მუშაობა. თუმცა სიზმრად ხშირად ვიყავი მასწავლებელი...
ასე გადიოდა დრო. 2010-ში მესტიაში ჩამოვედი. ათი წელი არ ვიყავი ნამყოფი. თითქმის თავიდან მომიწია ადამიანების გაცნობა-გახსენება. ვისაც ვახსოვდი, მთხოვდნენ, რესურსცენტრისთვის მიმემართა, მაგრამ თავდაჯერებულობა მაკლდა და ისევ მეგობრების დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე მეცადა ბედი. შემოთავაზებული სოფლებიდან (მულახი, კალა, ლახამულა), ლახამულაზე შევაჩერე არჩევანი. სვანეთის სოფლებიდან თითქმის ყველა სოფელს ვიცნობდი, ლახამულის გარდა. ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ჩემთვის სრულიად უცხო სოფელი...
უკვე მესამე წელია აქ ვარ. ალბათ ხვდებით, რომ არჩევანმა გაამართლა. საკუთარი თავი დავიბრუნე, ფენიქსივით აღვდექი და თავდაჯერებულიც გავხდი. მადლობელი ვარ უფლის და იმ ადამიანების, რომლებმაც ასე შემაყვარეს აქაურობა. ეს კი ჩემი მოსწავლეების, ჩემი კოლეგების დამსახურებაა და იმ ადამიანების, ამ სოფელში რომ ცხოვრობენ!
ესაუბრა ლელა ზურებიანი