ცნობილი პედაგოგი, ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა. სწორედ რვა მარტს აქვს მას დაბადების დღე და სარვამარტო მილოცვა მის დაბადების დღეზე ქალბატონებისთვის ჩაწერა:
"გილოცავთ ქალბატონებო, დებო, შვილებო, შვილიშვილებო... იყავით გამგებნი, მომთმენნი, მოალერსენი, მოსიყვარულენი. დაივიწყეთ გაღიზიანება, სიბრაზე, სიმკაცრეები. მოეფერეთ ყველას. თქვენი მოფერება აკლიათ მამაკაცებს, აკლია საქართველოს. იმიტომაა, რომ ახლა ბევრი გაუგებრობა გვაქვს, არავინ არ გვეფერება. ერთმანეთს უხეში ენითა და უხეში ქცევით თუ ვხვდებით. თქვენი ჭირიმე, მოგვეფერეთ კაცებს. ყველა კაცს, ოჯახში, ოჯახს გარეთ, გვითხარით კარგი სიტყვა, მოგვიწონეთ რაღაც, და იქნება ცოტა დავჭკვიანდეთ. ბედნიერები იყავით თქვენი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით და იამაყეთ იმით, რომ კარგი ქვეყანა გვაქვს და შვილებიც კარგი გაეზრდება ჩვენს ქვეყანას".